გასაუბრებამ დადებითად ჩაიარა. გრძნობთ, რომ პოტენციურ დამქირავებელს მოეწონეთ. მან ყველაფერი გამოგკითხათ და თქვენც ღირსეულად გეჭირათ თავი. ახლა დადგა მისი ჯერი თქვენ დაგისვათ შეკითხვა: „თქვენ ხომ არ გექნებათ რაიმე შეკითხვა ჩვენთან?“ და აქ მთავარია არ გააფუჭოთ ყველაფერი. მაგალითად შემდგენნაირი შეკითხვა-პასუხებით:
- რამდენად მალე მოხდება ჩემი დაწინაურება / მომიმატებენ ხელფასს?
- ამის გარდა სხვა ვაკანსიებიც ხომ არ გაქვთ?
- რა დროა გამოყოფილი შესვენებაზე?
ან ყველაზე უარესი, „არა, მე შეკითხვები არ გამაჩნია“.
რა თქმა უნდა, ყოველთვის რაც თავში ტრიალებს: ხელფასი, სოციალური პაკეტი, შვებულებები. მაგრამ ეს საკითხები შესაძლებელია სულ ბოლოსთვის მოვიტოვოთ. ამ ეტაპზე კი, საკუთარი თავის სასარგებლოდ, ქულების მოსამატებლად სასურველია დამქირავებელს შემდეგი სახის შეკითხვები დაუსვათ:
- შეეკითხეთ პოტენციურ დამქირავებელს, თუ „როგორი დამოკიდებულება აქვთ კომპანიაში თანამშრომლის „პროფგანათლებისა“ და კვალიფიკაციის ამაღლებისადმი“. ყოველი დამქირავებელი აფასებს თანამშრომელში პროფესიონალიზმის დონის ამაღლების სურვილს.
შესაძლებელია კითხვის შემდეგნაირადაც დასმა: „რა შესაძლებლობებია კომპანიაში თანამრომლისათვის აამაღლოს თავისი პროფესიონალიზმის დონე და გაიღრმავოს ცოდნა?“.
- დაინტერესდით თუ „როგორი შიდა კორპორატიული კულტურა გააჩნია კომპანიას“. HR მენეჯერებს სიამოვნებთ საკუთარ ორგანიზაციაზე საუბარი, თუ საიდან მოდის და საითკენ მიიღწვის „მათი გუნდი“. აჩუქეთ თქვენს თანამოსაუბრეს საკუთარი თავით ტკბობის რამოდენიმე წუთი.
მსგავსი ტიპის შეკითხვაა: „რა სახის გეგმები გააჩნია კომპანიას თავის საბაზრო სეგმენტში?“ კომპანიის გეგმებსა და ამბიციებზე საუბარი კომპანიის ნებისმიერ ლოიალურ თანამშრომელს სიამოვნებს. განსაკუთრებით კი ხელმძღვანელებსა და როგორც უკვე ავღნიშნეთ პერსონალის მენეჯერებს. ყველა ვარიანტში, დამქირავებელი ორგანიზაციის თანამშრომელი სიამოვნებით ისაუბრებს კომპანიის გეგმებზე, ხოლო თქვენ პირველივე ნაბიჯებიდან გამოავლენთ სამუშაოსადმი ლოიალურობასა და ინტერესს.
- გაარკვიეთ „რა სახის საკითხები და გეგმები იქნება დასახული თქვენთან მიმართებაში?“ ეს შეკითხვა გამოხატავს თქვენს პრაქტიკულ დაინტერესებულობას ვაკანსიისადმი, დასახული ვალდებულებებისადმი. დამქირავებელი პოტენციურ თანამშრომელში ყოველთვის ეძებს ერთ თვისებას – დასახული მიზნების გადაწყვეტისა და მისკენ მიმავალი გზების დასახვის უნარს.
მსგავსი ტიპის შეკითხვები თქვენს დადებით სახეს კიდევ უფრო შეავსებს. ახლა შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო პრაგმატული საკითხების განხილვაზე. ეს ხაზს გაუსვამს სამუშაოსადმი თქვენს პრაქტიკულ და საქმიან მიდგომას.გისურვებთ წარმატებებს!