კრისტოფ მეკელი - ყვავი » www.idealuri.ge
ლიტერატურა და პოეზია

კრისტოფ მეკელი - ყვავი

გააზიარეთ:

ზაფხულობით ტყეში ხეტიალი მიყვარდა, ხშირსა და უკიდეგანო ტყეში. და ერთ დილით იქ ერთ კაცს შევხვდი, იგი დაძონძილი ქურთუკითა და ჭუჭყიანი ჩექმებით ახლად ტანაყრილ ტყეში იდგა, ყვიროდა და პირში თითებჩაყოფილი სტვენდა (ჩემდათავად ამანაც მიმიზიდა) თან გაუთავებლად, რაღაც სახელებს გასძახოდა თვალუწვდენელ ტყეს, სავსეს ბუტბუტითა და ჭიკჭიკით, შარიშურითა და მწვანე ხეთა მდუმარებით. როცა კაცს მივუახლოვდი, მან ხელი დამიქნია და მითხრა, ვეფხვს ვეძებო.

ამ ტყეში დიდი მხეცები არ ბინადრობდნენ და არც მტაცებლები მოიძევებოდნენ, მაგრამ მე ბევრი არ მილაპარაკია, რადგან ცნობისმოყვარეობა მკლავდა და დრო საკმარისი მქონდა, კაცს ვეფხვის სახელი ვკითხე და ძებნაში მივეხმარე. ხშირ ბუჩქნარში და მაღალ მჭრელ ბალახში გავიქეცი და ყველგან, ტყის მყუდროებაში ვეფხვის სახელს გავიძახოდი. მესმოდა, ჩემგან მოცილებით, კაცი სტვენითა და ყვირილით ტევრში როგორ მიშლიგინებდა. დიდი ხნის ამაო ძებნის შემდეგ კვლავ შევხვდი კაცს და მან მითხრა: ჩვენ ახლა დათვი უნდა ვეძებოთ, ტყის ფერდობზე დავინახე დათვი გარბოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვეფხვები გადასხვაფერდნენ, ვეფხვები აღარ არსებობენო.

ჩვენ კვლავ ტყეს მივეცით თავი, სხვადასხვა გზით მივდიოდით და ბინდბუნდში სახელებს გავიძახოდით. ხან ახლოს, ხან კი მოცილებით მესმოდა ხრაშუნის, ტოტების ტკაცანისა და ფოთლებზე და ქვებზე მძიმე ნაბიჯების ხმა. და როცა კაცს ჩამობნელებულ ტყეში კვლავ შევხვდი, მან მითხრა: მე დავინახე, ბუჩქნარში თეთრი სპილო მიაბიჯებდა, ახლა უკვე დათვები აღარ მოიძევებიან. და ჩვენ კვლავ დავცილდით ერთმანეთს; უკიდეგანო, ცივ ტყეში ძლივს მივიკვლევდით გზას, სახელებს გავიძახოდით, სპილოს ვეძებდით და ვერ ვპოულობდით. რამდენიმე საათის შემდეგ კაცმა კვლავ მომმართა: ამ წუთიდან ჩვენ მგელი უნდა ვეძებოთო. ჩვენც მგლის ძებნას შევუდექით. ნაშუადღევს არაქათგამოცლილი კაცი ხის კუნძზე ჩამომჯდარი ვიპოვე და მითხრა: მე დავინახე ჩემ თვალწინ მგელმა სახე როგორ იცვალა, ჩვენ ახლა შავი მელა უნდა ვეძებოთ.

ტოტებითა და ჯოხებით ქვიშნარი დ ახის ფუღუროები გადავქექეთ, გავსინჯეთ გაუვალი ტევრი და გუბურები; მე ხეებზე მივბობღავდი, კენწეროზე წამოვსკუპდებოდი, შორს ტყესა და ნათელ თვალსაწიერს გავსცქეროდი, ხიდან ჩამოსული კვლავ ჭაობში და გვიმრალში მივძვრებოდი, მაგრამ შავი მელა ვერსად ვიპოვე.

მელას როცა ვიპოვი, რა უნდა ვუქნა, ვკითხე კაცს. უნდა დამიძახო, მიპასუხა მან, ჩემ მოსვლამდე მაგრად გეჭიროს. და მე კვლავ ტყეს მივეცი თავი, უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი. საღამო ხანს ადამიანის ხელა ყვავს წავაწყდი, რომელიც ახლადტანაყრილ ტყეში გაუნძრევლად იდგა. სული მოვითქვი და ვკითხე: “ყვავო, შენ ხომ ის არა ხარ, ვისაც ჩვენ ვეძებთ?”

ყვავმა თავი დამიქნია და კოჭლობით მომიახლოვდა.

კაცმა იცის, რომ შენ უკვე ყვავი ხარ? – ვკითხე მე, - მან უკვე გნახა?

არა, მითხრა ყვავმა, იგი ჯერ ისევ შავ მელას ეძებს.

ყვავი არაქათგამოცლილი ჩანდა.

მე იმ კაცს ძებნაში ვეხმარები, ვუთხარი, ალბათ თქვენ ეს იცით?

დიახ, ვიცი, მიპასუხა ყვავმა, დაგინახე, როცა გვერდით ჩამირბინე, მაშინ ჯერ კიდევ დათვი ვიყავი და ქვების გროვაზე ვისვენებდი. მაშინ შენ სულ ადვილად შეგეძლო ჩემი დაგლეჯა, ვუთხარი მე. კი, მომიგო ყვავმა, სულ ადვილად შემეძლო ამის გაკეთება, მაგრამ არ მსურდა. ახლაც შემიძლია შენი დაკორტნა, იმ შემთხვევაში თუკი გადაწყვეტ შენი ჯოხი ხახაში ჩამთხარო, ან არადა, რაღაც ამისთანა მოიმოქმედო, მაგრამ არა მსურს.

არ ვიცოდი ამხელა ყვავისთვის რა მომეხერხებინა, მე ვთქვი: თუ გსურს, კაცს არ ვეტყვი, რომ ყვავი შემხვდა, შენ შეგიძლია აქ დარჩე, კაცს კი თავიდან მოგაცილებ, სადმე შორს გავგზავნი. ისე კი, კაცმა რომ თქვას, წარმოდგენა არა მაქვს, აქ რა ხდება. შენ შეგიძლია დაისვენო, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო. მე კვლავ დავბრუნდები.

ყვავმა ფეხი შეინაცვლა.

კაცმა რომ გიპოვოს, რას გიზამს, შევეკითხე მე, რა აქვს ჩაფიქრებული?

ჯაჭვით დამაბამს, ან არადა ხაროში დამამწყვდევს, მიპასუხა ყვავმა, თუმცა ყველაფერი ეს ჩემი ვარაუდია. კარგად არ ვიცი. მას შეუძლია მომკლას კიდეც, ან შემჭამოს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თავში რა აზრი მოუვა, როცა მიპოვის.

ეს კაცი შენ მიმართ რაიმე უფლებით სარგებლობს? – შევეკითხე მე, ვფიქრობ, შენ როცა ვეფხვი იყავი, ის კაცი
კარგად გივლიდა და გკვებავდა, ასეა ხომ?

იგი მანამდეც მდევნიდა, ვიდრე ვეფხვი გავხდებოდი, თქვა ყვავმა, იგი დიდებული მონადირეა.

მე ყვავს შევეკითხე: შენ კიდევ შეგიძლია, სხვა რამედ გარდაქმნა?

მან მიპასუხა: კიდევ ერთხელ შემიძლია, მხოლოდ ერთად ერთხელ.

კეთილი, ვთქვი მე, იმ კაცს ისევ შავ მელას ვაძებნინებ. და მე კვლავ ტყეს მივეცი თავი, შევხვდი ყვირილისაგან ხმაჩახრინწულ, დაღლილ კაცს და მოვილაპარაკეთ, შავი მელას ძებნა განგვეგრძო.

მე ვეფხვზე და ვეფხვამდე არსებულ სხვა მხეცებზედაც ვნადირობდი, თქვა კაცმა; ვნადირობდი დათვზე, სპილოზე, ახლა შავ მელაზე ვნადირობ. მე მონადირე ვარ, ამით ვარსებობ, მე მხეცი მჭირდება, მე მხეცი უნდა მყავდეს. თუნდაც ციხე კოშკებზე ჩამომჯდარი თუთიყუში იყოს, სულერთია, მასზეც ვინადირებ.

მერედა, რას უშვები მათ? – შევეკითხე მე.

რას ვუშვები? ეს ხომ სულერთია, მოუთმენლად იყვირა კაცმა, მთავარია მყავდეს, მთავარია ვფლობდე, მაშ ასე, წადი და შავი მელა ეძებე!

ჩვენ ერთმანეთს დავცილდით და ვიდრე კაცი ტყეში შავი მელიის სახელს ღრიალებდა, მე ყვავთან გავიქეცი. ახლა თვითონ ვიყავი მოწადინებული, ყვავს დავპატრონებოდი. ყვავი ისევ ძველ ადგილას იდგა. ჩემთან წამოხვალ? – შევეკითხე ყვავს, ძალიან მომწონხარ, ამას იქით შენ არავინ დაგიწყებს დევნას...

ყვავმა შემომხედა და დიდი თავი დამიქნია. ჩვენ ტყიდან გასასვლელს დავუწყეთ ძებნა, ყვავი კოჭლობითა და ნახევრად მძინარე მიაბიჯებდა. ტყიდან გასასვლელი მხოლოდ საღამოს ვიპოვეთ, როცა ბინდბუნდმა ტყე უკვე ჩამოაბნელა, ამ დროს ვაკეზე გავედით.

მონადირე ტყეს არ მიატოვებს, ვთქვი მე, შენ შეგიძლია აქ დაისვენო. და ყვავი ბალახზე გაწვა, მე თავი ყვავის ფრთაზე დავდე, ასე გვეძინა მთელი ღამე ტყის მახლობელ ვაკეზე; ტყიდან ყვირილი და ღრიალი ისმოდა. მეორე დილით ავდექით და გზა ერთად განვაგრძეთ.

სიცხეში მივდიოდით, ვაკეს ბუღი ასდიოდა, დაბლობებში თანდათან გამეჩხერდა ტყე, შემდეგ სულ გაქრა, ჩვენ ირგვლივ დაბალი ბალახი ბიბინებდა და ქარის ქროლაზე შრიალებდა. ვაკეზე რამდენიმე საათის სიარულის შემდეგ, ყვავს შევეკითხე, ხომ არ შეგიძლია აფრინდე და გაიგო, სად ვიმყოფებით – მეთქი.

მე ფრენა არ შემიძლია, მითხრა ყვავმა.

მე ყვავს ვთხოვე, მაინც მოსინჯე, იქნებ შეძლო-მეთქი. ყვავმა ფრთები შეარხია, ერთმანეთს შემოჰკრა, ახტა, დიდი გაჭირვებით ამოძრავდა, ფეხები გაჭიმა, ფრთები მიწაზე გაათრია, მტვერი დააყენა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მეტრზე აფრინდა, მეტი ვერ შეძლო, მოკლე, მოუქნელი ნახტომები გააკეთა. ყვავი მძიმედ სუნთქავდა და ველური თვალებით იყურებოდა.

ჰო, შენ ფრენა ნამდვილად არ შეგძლებია, ვუთხარი მე, თავი დაანებე. და ჩვენ თაკარა სიცხეში გზა განვაგრძეთ. რამდენიმე საათის შემდეგ ერთ სოფელს მივუახლოვდით. იქ ხეები იდგა და მათ ჩრდილში დავისვენეთ. წყლის დასალევად ერთ სარწყულებელს მივადექი. მას შემდეგ, როცა მე წყალი დავლიე, ყვავი წყალში ჩახტა, ფრთა ფრთას შემოჰკრა, შემდეგ ფრთები შეიბერტყა, ირგვლივ წყლის შხეფები მოასხურა და ნისკარტით, დიდი ყლუპებით ხმაურით დალია წყალი. სახლების ზღურბლებზე უამრავი ადამიანი გამოჩნდა, ბევრმა მათგანმა ჭასთან მოიყარა თავი, ყვავზე უთითებდნენ და იცინოდნენ, ბოლოს ყვავს უბოდიშოდ ირგვლივ შემოერტყნენ, მაგრამ ყვავი ვერაფერს ამჩნევდა ან ყურადღებას არ აქცევდა მათ. მე ხალხს ავუხსენი, რომ ეს ფრინველი ქალაქში ცირკისთვის მიმყავდა, და რომ იმედი მქონდა ამით კარგა ბლომად ფულს ვიშოვიდი. ცოტა ხნის შემდეგ სოფელი უნდა მიგვეტოვებინა (ხალხი ყვავს უხალისოდ მოსცილდა) ყვავის წინაშე ბოდიში მოვიხადე: ცუდად არ გამიგო, ყვავო, ვუთხარი მე, ხალხისთვის რაიმე მიზეზი ხომ უნდა მეთქვა.

მე ასეც გავიგეო, მითხრა ყვავმა. ჩანდა იგი არცთუ მაინცდამაინც იყო შეცბუნებული. და ჩვენ კვლავ ვაკეზე განვაგრძეთ გზა, პატარა ბორცვები გადავიარეთ და ნაშუადღევმაც მოატანა. მე მინდა ერთი წინადადება შემოგთავაზო, ვუთხარი ყვავს, შენ ხომ ერთხელ კიდევ შეგიძლია სახე იცვალო, ხომ ასეა, შენ ასე თქვი.
დიახ, მითხრა ყვავმა, რატომ გსურს ეს იცოდე?

რად შეგიძლია იქცე, იცვალო, განვაგრძობდი გამოკითხვას, შენი ახალი სახე უფრო თვალში მოსახვედრი იქნება?
აუცილებლად საჭიროა, რომ შენ ეს იცოდე? – მკითხა ყვავმა.
იცი შენ, ყვავო, ვუპასუხე, ასეთი წინადადება მაქვს, მომისმინე: ჩვენ ახლა სოფლებს გავივლით, შესაძლებელია ქალაქის გავლაც მოგვიხდეს, ადამიანებსაც ბევრს ვნახავთ, ერთი დღის მანძილზე ათასებს და უფრო მეტსაც შევხვდებით, გასაგებია შენთვის? უკეთესი იქნებოდა, რომ შენ ერთხელ კიდევ გეცვალა სახე, რათა თვალში მოსახვედრი არ იყო.

რატომ? – იკითხა ყვავმა, მე ყვავი ვარ და ყველას შეუძლია ყვავთან ერთად ისეირნოს.

მართალია, ვუთხარი მე, მაგრამ შენ ნამდვილი ყვავი გინახავს?

არა, მითხრა ყვავმა, ყვავების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცი. პირველად შენგან შევიტყვე, რომ ყვავი ვარ და სახელიც ყვავი მქვია.

ხედავ შენ, მთავარი სწორე დეგ არის, მივმართე მე. ნამდვილი ყვავები პატარები არიან. ჩვეულებრივ ყვავთან შედარებით, შენ ოცდაათჯერ, შესაძლებელია ორმოცჯერაც დიდი ხარ. შენ ხარ ერთადერთი ასე დიდი ყვავი. ამიტომაა, როცა ადამიანები გნახულობენ, ნამდვილ ყვავად არ გცნობენ. მაგალითად, ძაღლი რომ იყო, არავისაც არ მოხვდებოდი თვალში, რადგან ამგვარი ძაღლები არსებობენ, ძალიან დიდებიც და ძალიან პატარებიც, მაგრამ ყვავების მხოლოდ ერთი ჯიში არსებობს, ეს ყველამ იცის.

ყვავი ჩემ გვერდით მოდიოდა და დიდხანს ფიქრობდა. მთლად კარგად არც მესმის შენი, მითხრა მან შემდეგ, უკანასკნელი სახეცვლილება უნდა დავზოგო, გესმის შენ, რადგან უკანასკნელია. წინათ სწრაფად და დაუფიქრებლად ვიცვლიდი სახეს, მაგრამ ახლა კი დიდხანს უნდა ვიფიქრო, ვიდრე ამას გადავწყვეტ. ეს ერთი, მეორეც: რატომ არ უნდა დავრჩე იმად, რაც ახლა ვარ. სიამოვნებით ვიქნები ყვავი, ისევე სიამოვნებით, როგორადაც სპილო ვიყავი, მგელობა კი სპილოს შემდეგ არამც და არამც არ მსურდა. მე მირჩევნია ყვავად დავრჩე, მაშინაც კი, როგორც შენ თქვი, როცა ქალაქებს გავივლით.

მაშინ შენ კვლავ დევნას დაგიწყებენ, ვუთხარი მე.

ამის შესახებ კი არ მიფიქრია, თქვა ყვავმა.

კარგი კი იქნებოდა, რომ გეფიქრა, ვუთხარი მე. ჩვენ ღამე მდინარის ახლოს, ერთ ქოხში გავათენეთ, ღამით წვიმა მოვიდა. წვიმა ქოხის თუნუქის სახურავზე ხმაურობდა. დილით ყვავმა მითხრა, ცუდად არ გამიგო, ყვავი რომ ვარ მეამაყება, მინდა ყვავად დავრჩე, მაშინაც როცა ისეთ ქალაქს გავივლით, სადაც დიდ ყვავზე წარმოდგენა არა აქვთ, ყვავად დავრჩები!

კეთილი ვუთხარი მე, ყვავად დარჩი. რომ შემეძლოს, გაიძულებდი სახე გეცვალა, მაგრამ არ შემიძლია. შენი სიამაყე სიხარულს მგვრის. – რამდენიმე დღე მდინარის მიმართულებით ბალახებში მივდიოდით.

მოგვიანებით ერთ ქალაქში მივედით; ადრეული შემოდგომა იდგა და ღამეები ცივი იყო. ყვავი მთავარ და დიდ ქუჩებში გავატარე. იგი არასოდეს არ იყო ქალაქში ნამყოფი, მაგრამ განსაკუთრებული დაბნეულობა არ ეტყობოდა, ნათელი და წყნარი თვალებით ჩემ გვერდით მოაბიჯებდა. პირველივე დღეს, საღამოს ჩვენ ქვები გვესროლეს: ყვავი შეკრთა. მალე უამრავი ხალხი შემოგვერტყა გარსს, სწრაფად და ფეხდაფეხ მოგვდევდნენ ქუჩაში. მალე მე შემიპყრეს.

მე ქალაქს არ ვიცნობ, ყვავო, ვუთხარი, როცა ადამიანები მოგვიახლოვდნენ, არ ვიცი სად შეგიძლია შენ დაიმალო.

ყვავი ხმას არ იღებდა და მოუსვენრად იდგა ჩემთან ახლოს.

ახლა კი გადასხვაფერდი, სახე იცვალე, ვუთხარი მე, ვიდრე ხალხის ტალღა გამიტაცებდა, გადასხვაფერდი სწრაფად! არა თქვა ყვავმა. დავინახე, რომ ყვავი კანკალმა აიტანა. ფრთების ბოლოები უთრთოდა. ყვავი ეცადა ფრთები დაექნია. ამ დროს უკვე ყვავს აუარება ქვა დააყარეს. ყვავს ნისკარტი ფართოდ ჰქონდა გაღებული.
სახე იცვალე, ვიყვირე მე, იცვალე სახე!

მაგრამ ყვავი ქუჩის გაყოლებაზე ბორძიკ-ბორძიკით, მოუქნელად გაიქცა, ბრბომ უკან დაიხია, რამდენიც შეეძლო. მდევართა რიცხვი თანდათან მატულობდა, სისწრაფესაც უმატებდნენ და სულ უფრო და უფრო მეტ ქვებს უშენდნენ ყვავს, ქვების წვიმაში ყვავი ბორძიკობდა და ეცემოდა.

ბოლოს ყვავმა მომხედა. პატარა გატყიურებული, უმწეო თვალებით ადამიანების ბრბოში მანამდე მეძებდა, ვიდრე არ მიპოვა. მიპოვა და სახის ცვლაც დაიწყო. სახეცვლა ძალიან ნელა მიმდინარეობდა, ყვავი მტანჯველად იზმორებოდა, მისი შავი ბუმბულო ბრბოს თავზე ირეოდა; ზიზღით აღსავსე შეშინებულმა ბრბომ უკან დაიხია და შემჭიდროვდა. ყვავი უჩუმრად იმანჭებოდა და იგრიხებოდა; ბოლოს, ყველაფერი დასრულდა, ბრბოს პირისპირ უზარმაზარი შავი, ბრმა კატა იდგა. კატას სველი, ცარიელი თვალის ღრმულები გასჩენოდა, გაჩეჩილ ბალანში ყვავის ბუმბული მოჩანდა. კატა ხმამაღლა და ხმის ჩახლეჩამდე ღნაოდა, ადგილიდან არ იძვროდა, მხოლოდ ირგვლივ მიწას თათით სინჯავდა.

ახლა უკეთ მივუხვდი ყვავს. ხალხი ისევ ქვებს ესროდა კატას. ქვები ქოლავდნენ მას. ბურთივით დამრგვალებული კატა ერთ ადგილზე ტრიალებდა, ვიდრე არ დაეცა. ქვები და ყვავის ბუმბული აირია ერთმანეთში. მე დიდი ხანია თავისუფალი ვიყავი და უცხო ქალაქიდან უკანმოუხედავად გავრბოდი.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი