სამზარეულოს კარადასთან ქალმა რაღაც თეთრი დაინახა. სინათლე აანთო, ისინი ღამის ხალათებში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. შუაღამისას. სამის ნახევარზე. სამზარეულოში.
სამზარეულოს მაგიდაზე საპურე იდო. ქალმა შენიშნა, რომ კაცს პური ჩამოეჭრა. დანა ჯერ კიდევ საპურის გვერდით იდო. სუფრაზე ნამცეცები ეყარა. საღამოთი, როცა ქალი დასაძინებლლად მიდიოდა, სუფრას ყოველთვის გადაასუფთავებდა. ყოველ საღამოს. ახლა კი ნამცეცები ეყარა სუფრაზე. და დანაც იქვე იდო. ქალმა იგრძნო ქვის ფილების სიცივე სხეულში ნელ-ნელა ზევით მიიწევდა. და მან საპურეს თვალი მოარიდა.
“ვიფიქრე, აქ რაღაცა ხდებოდა”, თქვა კაცმა და სამზარეულო მოათვალიერა.
“მეც რაღაცა მომესმა”, უპასუხა ქალმა და თანაც შენიშნა, რომ კაცი ღამით საძინებელ ხალათში ნამდვილად უფრო მოხუცებულად გამოიყურებოდა. ისე მოხუცებულად, რამდენი წლისაც იყო. სამოცდასამისა. დღისით იგი უფრო ახალგაზრდა ჩანდა. იგიც მოხუცდა, ფიქრობდა კაცი, საძინებელ ხალათში კი ოდნავ უფრო მოხუცებულად გამოიყურება, მაგრამ ეტყობა, თმების ბრალია. ქალები ღამით თმების წყალობით ყოველთვის ასეთები არიან. თმებია, მათ ასე ძალუმად რომ აბერებთ.
“ფეხსაცმელები მაინც ჩაგეცვა. ფეხშიშველა ქვის ცივ ფილებზე გაგონილა?! გაცივდა გინდა?!”
ქალი აღარ უყურებდა მას, კაცის ატანა აღარ შეეძლო, რადგან იგი ტყუოდა. ტყუოდა, მას შემდეგ, რაც ისინი ოცდაცხრამეტი წლის ჯვარდაწერილები იყვნენ.
“ვიფიქრე, აქ რაღაცა ხდებოდა”, - კიდევ ერთხელ თქვა კაცმა და კვლავ ერთი კუთხიდან მეორეზე უაზროდ გადაიტანა მზერა, - “აქედან რაღაცა მომესმა. ვიფიქრე, აქ რაღაც ხდეობდა”.
“მეც რაღაცა მომესმა, მაგრამ თურმე არც არაფერი ყოფილა”. – ქალმა საპურე მაგიდიდან აიღო და სუფრიდან ნამცეცები გადმოხვეტა.
“ჰო, არც არაფერი ყოფილა”, - გაუბედავად გაიმეორა კაცმა.
ქალი წამოეხმარა: - “წამოდი, ნამდვილად გარეთ მოხდა რაღაც, წამოდი დაწექი. გაცივდები ცივ ფილებზე”.
კაცმა ფანჯარაში გაიხედა, - “ჰო, მართლაც და გარეთ მოხდა რაღაც, მე კი აქ მეგონა”.
ქალმა ამომრთველისკენ წაიღო ხელი. სინათლე ახლავე უნდა გამოვრთო, თორემ სული წამძლევს და საპურეს დავხედავ, გაიფიქრა მან.
“წამოდი” – თქვა ქალმა და სინათლე გამორთო, - “გარეთ ალბათ რაღაც მოხდა. სახურავის წყალსადინარი ღარი იქნებოდა. ქარის დროს ყოველთვის ბრახუნებს”.
ისინი ჩაბნელებულ დერეფანში ხელის ცეცებით საძინებელ ოთახში დაბრუნდნენ. იატაკზე მათი შიშველი ფეხების ტყაპუნი ისმოდა.
“ჰო, ქარი ქრის”, - თქვა კაცმა. – “მთელი ღამე ქარი ქროდა”.
როცა ისინი ლოგინში ჩაწვნენ, ქალმა თქვა: “ჰო, მთელი ღამე ქარი ქროდა, ნამდვილად სახურავის წყალსადინარი ღარი იყო”.
“ჰო, მე მეგონა სამზარეულოში მოხდა რაღაც. ნამდვილად სახურავის წყალსადინარი ღარი იყო”. –კაცმა ეს ისე თქვა, თითქოს სანახევროდ ჩაძინებული იყო.
მაგრამ ქალმა შეატყო, როგორ არაბუნებრივად ჟღერდა კაცის ხმა, როცა იგი ტყუოდა. “ცივა”, - თქვა ქალმა და წყნარად დაამთქნარა, - “მე საბანში შევძვრები, ღამე მშვიდობისა”.
“ძილი ნებისა”, - უპასუხა კაცმა და დაუმატა: - “ჰო, უკვე ცივა, ძალიან ცივა”.
შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა. კარგა ხანი გავიდა და ქალმა გაიგონა, რომ კაცი ფრთხილად ღეჭავდა. ქალი განზრახ ღრმად და ზომიერად სუნთქავდა, რათა კაცს არ შეეტყო, რომ ქალს არ ეძინა, მაგრამ კაცი ისე ზომიერად ღეჭავდა, რომ ქალს ნელ-ნელა ჩაეძინა.
მეორე საღამოს, როცა კაცი შინ დაბრუნდა, ქალმა ოთხი ნაჭერი პური მიუჩოჩა. ჩვეულებრივ მას ყოველთვის მხოლოდ სამი ნაჭრის ჭამის ნება ჰქონდა.
“შენ შეგიძლია ოთხი ნაჭერი მშვიდად შეჭამო,”- თქვა ქალმა და ლამფას მოსცილდა. – “ამ პურს მაინცდამაინც კარგად ვერ ვიტან. ერთი ნაჭრით მეტი შეჭამე. მე არცთუ ისე კარგად მრგებს ეს პური”.
ქალმა დაინახა, როგორ ღრმად დაიხარა კაცი თეფშზე. თავსაც არ წევდა. იმ წამში ქალს იგი შეეცოდა.
“შენთვის მხოლოდ ორი ნაჭერი საკმარისი არ იქნება,” თეფშიდან თავი არ აუღია, ისე თქვა კაცმა.
“როგორ არა. საღამოს პური კარგად არ მოქმედებს ჩემზე. ჭამე. ჭამე.”
ხანი გავიდა, ვიდრე ქალი ლამფასთან მაგიდას მიუჯდებოდა.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0