უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. 325 წელს, ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე, 40-დღიანი მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით, გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის.
პარასკევობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა. ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.
აღდგომის დღესასწაულის ისტორია
დღესასწაული უკავშირდება იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად, ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. აღდგომას წინ უძღვის ბზობის დღესასწაული და ლიტონიობა.
სააღდგომო ტრადიციები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღდგომას სხვადასხავაგვარად აღნიშნავენ. საერთო და უცვლელია მხოლოდ კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიცია, რომლის თანახმადაც სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება. კვერცხის შესაღებად, ძირითადად, ბუნებრივ საღებავს, ენდროს იყენებენ და ზოგჯერ ხახვის ფურცლებსაც უმატებენ. თანამედროვე საქართველოში სხვადასხვა კუთხის სააღდგომო ტრადიციები ერთმანეთს დაემსგავსა, თუმცა, წარსულში განსხვავება თვალშისაცემი იყო.
ძველი სააღდგომო ტრადიციები თბილისში
ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიული წყაროების თანახმად, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს მეფე, თავადები და აზნაურები დღევანდელი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრით სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულს აჯილდოებდნენ ოქროს ან ვერცხლის თასით. სწორედ აღნიშნული თასის ჩამოგდება გახლდათ შეჯიბრების შინაარსი და მისი მონაწილეების მიზანი.
სააღდგომო პასკა
გადმოცემის თანახმად, პასკის შემოსვლამდე საქართველოში აცხობდნენ ე.წ. სააღდგომო ქადებს. თანამედროვე აღდგომის განუყოფელ ნაწილად ქცეული პასკები კი ჩვენს ქვეყანაში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0