ვინ არიან იეჰოვას მოწმეები, რას წარმოადგენენ და რისი სწამთ მათ?
სახელი იეჰოვა (ან იაჰვე, რომელსაც კათოლიკური “იერუსალიმური ბიბლია” და ზოგიერთი სწავლული უპირატესობას ანიჭებს) თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება ებრაული წერილების დედანში. ბიბლიის თარგმანების უმეტესობაში ეს სახელი თარგმნილია, როგორც “ღმერთი” ან “უფალი”. თუმცა იეჰოვას მოწმეები მის ასეთი სახით თარგმნას დაუშვებლად მიიჩნევენ.
იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი სახელწოდება ძველი აღთქმიდან, ესაიას 43-ე თავიდან, აიღეს. ამ თავში მსოფლიო სასამართლო დარბაზად არის წარმოდგენილი: ყველა ერის ღმერთები მოწვეული არიან, რათა მოწმეები გამოიყვანონ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად ან იეჰოვას მხრიდან წარდგენილ მოწმეებს მოუსმინონ და ჭეშმარიტება აღიარონ. იეჰოვა უცხადებს თავის ხალხს: «თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი [იეჰოვა] და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ, მე ვარ უფალი [იეჰოვა] და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!» (ესაია 43:10, 11).
ღმერთს ყოველთვის ჰყავდა მოწმეები დედამიწაზე. ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავში ჩამოთვლილია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი. ებრაელთა 12:1-ში კი ნათქვამია: “ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი”. მანამდე იესოს ნათქვამი ჰქონდა პონტოელი პილატესთვის: “მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო”. მას ეწოდება “მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი” (იოანე 18:37; გამოცხადება 3:14). იესომ უთხრა თავის მოციქულებს: “თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე” (საქმეები 1:8).
დღეს 230-ზე მეტ ქვეყანაში 6 000 000-ზე მეტი ადამიანი ქადაგებს იეჰოვას მოწმეების მრწამსს. საგუშაგო კოშკის მონაცემებით, საქართველოში 2010 წელს 19 000-მდე იეჰოვას მოწმე იყო, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ჯამში 4 251 335 საათი გაატარეს ქადაგებაში.
მათი თანამედროვე განვითარება და ზრდა
იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია ას წელზე მეტი ხნის წინათ იღებს სათავეს. 1870-იან წლებში ალეგანში (პენსილვანიის შტატი, აშშ, ამჟამად პიტსბურგის ნაწილი) პატარა ჯგუფმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამ ჯგუფის ორგანიზატორი ჩარლზ ტეიზ რასელი იყო. 1879 წლის ივლისში პირველად გამოქვეყნდა ჟურნალი “სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნე”. 1880 წლისთვის ბიბლიის შემსწავლელთა ერთი პატარა ჯგუფიდან ათობით კრება ჩამოყალიბდა ახლომდებარე შტატებში. 1881 წელს შეიქმნა სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა 1884 წელს. საზოგადოებას ჩ. რასელი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება “საგუშაგო კოშკი” ეწოდა. ჯერ კიდევ მაშინ ბევრი ქადაგებდა და ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა კარდაკარ. 1888 წელს 50 ადამიანი მსახურობდა სრული დროით, ამჟამად კი დაახლოებით 700 000 სრული დროით მსახურია.
1909 წლისათვის ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და საზოგადოების მთავარი სამმართველო ბრუკლინში (ნიუ-იორკი) გადაიტანეს, სადაც ახლაც მდებარეობს. ქადაგებები გაზეთებში ქვეყნდებოდა და 1913 წლისათვის ოთხ ენაზე იბეჭდებოდა შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპის 3 000 გაზეთში. ასობით მილიონი წიგნი, ბროშურა და ტრაქტატი ვრცელდებოდა.
1912 წელს “შემოქმედების ფოტოდრამაზე” დაიწყეს მუშაობა. სლაიდებითა და გახმოვანებული, მოძრავი სურათებით წარმოდგენილი იყო პერიოდი დედამიწის შექმნიდან ქრისტეს ათასწლიან მეფობამდე. სეანსები, რომლებსაც ყოველდღიურად 35 000 მაყურებელი ესწრებოდა, 1914 წელს დაიწყო. ეს ფოტოდრამა ხმოვანი კინოს განვითარებაში გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო.
1914 წელი
გადამწყვეტი დრო ახლოვდებოდა. 1876 წელს ბიბლიის მკვლევარმა ჩარლზ ტეიზ რასელმა დაწერა სტატია “როდის დასრულდება წარმართთა ჟამი?”, რომელიც გამოქვეყნდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი), ჟურნალ “ბიბლიის მკვლევარში”. ამ ჟურნალის ოქტომბრის გამოცემაში 27-ე გვერდზე ნათქვამი იყო: “შვიდი დრო დამთავრდება ახ. წ. 1914 წელს”. წარმართთა ჟამი არის დროის მონაკვეთი, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში მოხსენიებულია როგორც “ხალხებისთვის განსაზღვრული დრო”. ყველაფერი, რაც ნავარაუდები იყო, არ მომხდარა 1914 წელს, მაგრამ ეს წელი განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღად იქცა. მრავალი ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ეთანხმება იმ აზრს, რომ 1914 წელი კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი წელი იყო, რასაც ცხადყოფს მალევე პირველი მსოფლიო ომის დაწყება, ხოლო მომავალ 75 წლიან პერიოდში (1914-1989) კაცობრიობამ ორი მსოფლიო და ერთი ცივი ომი გადაიტანა. ეპოქა, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა ომობდა, იშუშებდა ომის ჭრილობებს ან საომრად ემზადებოდა.
საზოგადოება “საგუშაგო კოშკის” პირველი პრეზიდენტი ჩ. რასელი 1916 წელს გარდაიცვალა და მომდევნო წელს იგი ჯოზეფ რუტერფორდმა შეცვალა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. დაიწყეს “საგუშაგო კოშკის” თანდართული ჟურნალის, სახელწოდებით “ოქროს ხანის” (ამჟამად “გამოიღვიძეთ!” ეწოდება და 80-ზე მეტ ენაზე 20 000 000-ზე მეტი ეგზემპლარი ქვეყნდება) გამოცემა. კარდაკარ ქადაგებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ქრისტიანული მიმდინარეობებისგან გამოსარჩევად 1931 წელს მოქადაგეებმა თავიანთ თავს “იეჰოვას მოწმეები” უწოდეს.
1920-იან და 1930-იან წლებში ფართოდ გამოიყენებოდა რადიო. 1933 წლისათვის საზოგადოება ბიბლიური ლექციების სატრანსლაციოდ 403 რადიოსადგურს იყენებდა. მოგვიანებით, რადიოგადაცემების ადგილი, უმთავრესად, ხალხის სახლებში მონახულებამ დაიკავა; მოწმეებს თან დაჰქონდათ პორტატული გრამოფონები და ადამიანებს ლექციებს ასმენინებდნენ.
სპეციალური სასწავლო პროგრამები
ჯ. რუტერფორდი 1942 წელს გარდაიცვალა და იგი შეცვალა ნ. ნორმა. დაიწყო სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება. 1943 წელს მისიონერთა მოსამზადებლად სპეციალური სკოლა დაარსდა, რომელსაც “საგუშაგო კოშკის” ბიბლიური სკოლა “გალაადი” ეწოდა. იმ დროიდან მოყოლებული, ამ სკოლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებიან. ახალი კრებები დაარსდა იმ ქვეყნებში, სადაც ადრე არ იყო და ამჟამად მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტი ფილიალი მოქმედებს. დროდადრო განსაკუთრებული კურსები ტარდება კრების უხუცესთა, ფილიალების მოხალისე მუშაკთა და სამქადაგებლო საქმიანობაში სრული დროით მონაწილეთა (პიონერთა) მოსამზადებლად. ზოგი სპეციალიზებული სწავლება პატერსონში არსებულ სასწავლო ცენტრში (აშშ, ნიუ-იორკის შტატი) მიმდინარეობს.
ნ. ნორი 1977 წელს გარდაიცვალა. ერთ-ერთი ბოლო ორგანიზაციული ცვლილება, რომელშიც მან სიკვდილის წინ მიიღო მონაწილეობა, მსოფლიო მთავარ განყოფილებაში, ბრუკლინში, არსებული ხელმძღვანელი საბჭოს გაფართოება იყო. 1976 წელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დანაწილდა კომიტეტებზე, რომლებშიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები შედიან. ყოველ მათგანს მრავალი ათწლეულის გამოცდილება აქვს მსახურებაში.
ბეჭდვითი საშუალებების გაფართოება
1870 წელს პენსილვანიაში შექმნილი ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი 2000 წლისათვის მთელ მსოფლიოში დაახლოებით 90 000 კრებად გადაიქცა. თავდაპირველად მთელ ლიტერატურას კომერციული ფირმები ბეჭდავდნენ; შემდეგ, 1920 წელს, მოწმეები ლიტერატურის გარკვეულ ნაწილს დაქირავებულ საწარმოო ნაგებობებში ამზადებდნენ. მაგრამ 1927 წლიდან გაცილებით მეტ ლიტერატურას უშვებდნენ ბრუკლინში (ნიუ-იორკი), საზოგადოება “საგუშაგო კოშკის” კუთვნილი სტამბის რვასართულიან შენობაში. ამჟამად სტამბა გაფართოებულია და სხვა შენობებსა და ადმინისტრაციულ კომპლექსს მოიცავს. იქვე არის დამატებითი შენობები, რომლებშიც სტამბაში მომუშავე მოხალისეები ცხოვრობენ. გარდა ამისა, მოხალისეები უოლკილის (ნიუ-იორკის შტატი) მახლობლად მდებარე საზოგადოების ფერმებსა და სტამბაშიც მუშაობენ. იქ იბეჭდება ჟურნალები “საგუშაგო კოშკი” და “გამოიღვიძეთ!” და საკვები მზადდება ყველა მომსახურეთათვის. ყოველი მათგანი ყოველთვიურად იღებს მცირე თანხას პირადი ხარჯებისათვის.
რა სწამთ მათ?
იეჰოვას მოწმეებს სწამთ ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედი. მათი აზრით, თავად სასწაულებრივი სამყარო ცხადყოფს, რომ უაღრესად გონიერი და ძლიერი შემოქმედის მიერ არის შექმნილი. როგორც ადამიანთა საქმეებში ჩანს მათი თვისებები, ისე ღმერთის საქმეებიც მის თვისებებზე მეტყველებს. ბიბლია გვეუბნება: “მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება”. აგრეთვე უხმოდ ანუ უსიტყვოდ “ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას” (რომაელთა 1:20; ფსალმუნი 18:2).
იეჰოვამ გარკვეული მიზნით შექმნა დედამიწა. მან ადამიანთა პირველ წყვილს განუცხადა: “ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს” (დაბადება 1:28). ამ წყვილმა ურჩობის გამო ვერ “აავსო” დედამიწა გულმართალი შთამომავლებით, რომლებიც სიყვარულით იზრუნებდნენ დედამიწაზე, მცენარეებსა და ცხოველებზე. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იეჰოვას განზრახვის შესრულებისთვის. ათასობით წლის შემდეგ ასეთი რამ დაიწერა: „[ღმერთს,] რომელმაც მიწა გამოსახა . . , საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“ იგი. დედამიწა არ განადგურდება. ის მარადიულად იარსებებს (ესაია 45:18; ფსალმუნი 77:69). ღმერთის განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით განხორციელდება – “აღსრულდება ჩემი განზრახული” (ესაია 46:10).
მაშასადამე, იეჰოვას მოწმეების რწმენით, დედამიწა სამარადჟამოდ იარსებებს და მარადიულად იცხოვრებს ყველა ის ადამიანი – ცოცხლებიცა და აწ გარდაცვლილებიც – რომლებიც გაიზიარებენ იეჰოვას განზრახვას იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწა გალამაზდება და მასზე ადამიანები დასახლდებიან. ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო მთელი კაცობრიობა ცოდვილია (რომაელთა 5:12). ბიბლიაში წერია: “ცოდვის საზღაური სიკვდილია”. “ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან”. “ცოდვილი სული უნდა მოკვდეს” (რომაელთა 6:23; ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4, 20). მაშ, როგორღა იცოცხლებს ადამიანი კვლავ და როგორ მიიღებს მიწიერ კურთხევებს? მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მეშვეობით. იესომ თქვა: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს”. “ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.” (იოანე 5:28-29; 11:25; მათე 20:28).
რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს
მრწამსი | ბიბლიური საფუძველი |
---|---|
ბიბლია ღვთის სიტყვა და ჭეშმარიტებაა. | 2 ტიმ. 3:16, 17; 2 პეტ. 1:20, 21; იოან. 17:17 |
ბიბლია გადმოცემებზე უფრო სანდოა. | მათ. 15:3; კოლ. 2:8 |
ღვთის სახელია იეჰოვა. | გამ.15:3; 3 მეფ. 18:39 |
ქრისტე ღვთის ძეა და მასზე დაბლა დგას. | მათ. 3:17; იოან. 8:42; 14:28; 20:17; 1 კორ. 11:3; 15:28 |
ქრისტე იყო ღვთის პირველი ქმნილება. | კოლ. 1:15; გამოცხ. 3:14 |
ქრისტე მოკვდა ძელზე და არა ჯვარზე. | გალ. 3:13; საქ 5:30 |
ქრისტემ ადამიანური სიცოცხლე გაიღო მორჩილ ადამიანთა გამოსასყიდად. | მათ. 20:28; 1 ტიმ. 2:5, 6; 1 პეტ. 2:24 |
ქრისტეს ერთხელ შეწირვა საკმარისი იყო. | რომ. 6:10; ებრ. 9:25-28 |
ქრისტე უკვდავ სულიერ პიროვნებად აღდგა მკვდრეთით. | 1 პეტ. 3:18; რომ. 6:9; გამოცხ. 1:17, 18 |
ქრისტეს მოსვლა სულიერია. | იოან. 14:19; მათ. 24:3; 2 კორ. 5:16; ფს. 109:1, 2 |
ჩვენ ახლა უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. | მათ. 24:3-14; 2 ტიმ. 3:1-5; ლუკ. 17:26-30 |
ქრისტეს მეთაურობით სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე სამართლიანობა და მშვიდობა იქნება. | ეს. 9:5, 6; 11:1-5; დან. 7:13, 14; მათ. 6:10 |
სამეფო იდეალურ საცხოვრებელ პირობებს შექმნის დედამიწაზე. | ფს. 71:1-4; გამოცხ. 7:9, 10, 13-17; 21:3, 4 |
დედამიწა არასოდეს განადგურდება და არასოდეს გაუკაცრიელდება. | ეს. 45:18; ფს. 77:69 |
ღმერთი მოსპობს ამჟამინდელ სისტემას არმაგედონად წოდებულ ბრძოლაში. | გამოცხ. 16:14, 16; სოფ. 3:8; დან. 2:44; ეს. 34:2; 55:10, 11 |
ბოროტები სამუდამოდ მოისპობიან. | მათ. 25:41-46; 2 თეს. 1:6-9 |
ღვთის მოსაწონი ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებენ. | იოან. 3:16; 10:27, 28; 17:3; მარკ. 10:29, 30 |
სიცოცხლისკენ მიმავალი გზა ერთადერთია. | მათ. 7:13, 14; ეფეს. 4:4, 5 |
ადამიანი ადამის ცოდვის გამო კვდება. | რომ. 5:12; 6:23 |
ადამიანი თვითონ არის სული და როდესაც კვდება, წყვეტს არსებობას. | ეზეკ. 18:4; ეკლ. 9:10; ფს. 6:5; 145:4; იოან. 11:11-14 |
ჯოჯოხეთი საერთო საკაცობრიო სამარეა. | იობ. 14:13; გამოცხ. 20:13, 14 |
მიცვალებულთათვის მკვდრეთით აღდგომის იმედი არსებობს. | 1 კორ. 15:20-22; იოან. 5:28, 29; 11:25, 26 |
ადამისეული სიკვდილი აღარ იქნება. | 1 კორ. 15:26, 54; გამოცხ. 21:4; ეს. 25:8 |
მხოლოდ 144 000, მცირე სამწყსო, წავა ზეცაში და ქრისტესთან ერთად იმმართველებს. | ლუკა 12:32; გამოცხ. 14:1, 3; 1 კორ. 15:40-53; გამოცხ. 5:9, 10 |
144 000 ქრისტიანი ხელმეორედ იშვა ღვთის სულიერ ძეებად. | 1 პეტ. 1:23; იოან. 3:3; გამოცხ. 7:3, 4 |
სულიერ ისრაელთან ახალი შეთანხმება დაიდო. | იერ. 31:30; ებრ. 8:10-13 |
ქრისტე თვითონვეა თავისი კრების საფუძველი. | ეფეს. 2:20; ეს. 28:16; მათ. 21:42 |
ლოცვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იეჰოვასადმი ქრისტეს მეშვეობით. | იოან. 14:6, 13, 14; 1 ტიმ. 2:5 |
ხატები არ უნდა იქნეს გამოყენებული თაყვანისცემისას. | გამ. 20:4, 5; ლევ. 26:1; 1 კორ. 10:14; ფს. 113:12-16 |
სპირიტიზმი დაუშვებელია. | რჯლ. 18:10-12; გალ. 5:19-21; ლევ. 19:31 |
სატანა წუთისოფლის უხილავი მმართველია. | 1 იოან. 5:19; 2 კორ. 4:4; იოან. 12:31 |
ქრისტიანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რელიგიებს შორის თანამშრომლობაში. | 2 კორ. 6:14-17; 11:13-15; გალ. 5:9; რჯლ. 7:1-5 |
ქრისტიანი უნდა გამოეყოს წუთისოფელს. | იაკ. 4:4; 1 იოან. 2:15; იოან. 15:19; 17:16 |
ქრისტიანი უნდა დაემორჩილოს კანონებს, რომლებიც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება. | მათ. 22:20, 21; 1 პეტ. 2:12; 4:15 |
სისხლის მიღება, საკვებისა თუ გადასხმის სახით, ღვთის კანონების დარღვევაა. | დაბ. 9:3, 4; ლევ. 17:14; საქ. 15:28, 29 |
აუცილებელია ბიბლიის ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება. | 1 კორ. 6:9, 10; ებრ. 13:4; 1 ტიმ. 3:2; იგავ. 5:1-23 |
შაბათის დაცვა მოეთხოვებოდათ მხოლოდ ისრაელებს და მოსეს რჯულთან ერთად გაუქმდა. | რჯლ. 5:15; გამ. 31:13; რომ. 10:4; გალ. 4:9, 10; კოლ. 2:16, 17 |
სასულიერო წოდებებისა და განსაკუთრებული ტიტულების გამოყენება არასწორია. | მათ. 23:8-12; 20:25-27; იობ. 32:21, 22 |
ადამიანი ევოლუციის კი არა, შემოქმედების ნაყოფია. | ეს. 45:12; დაბ. 1:27; მათ. 19:4 |
ქრისტემ ღვთისათვის მსახურების მაგალითი მოგვცა. | 1 პეტ. 2:21; ებრ. 10:7; იოან. 4:34; 6:38 |
ნათლობა – წყალში სრული ჩაძირვა – მიძღვნის სიმბოლოა. | მარკ. 1:9, 10; იოან. 3:23; საქ. 19:4, 5 |
ქრისტიანები საჯაროდ სიხარულით ქადაგებენ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. | რომ. 10:10; ებრ. 13:15; ეს. 43:10-12 |
მათი მსოფლიო ორგანიზაცია და საქმიანობა
სამქადაგებლო საქმიანობა ტარდება მსოფლიოს 230-ზე მეტ ქვეყანაში და კოორდინაცია ეწევა რამდენიმე ორგანიზაციული სტრუქტურის წყალობით. მთელი ორგანიზაციის საქმიანობას თვალყურს ადევნებს ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც იმყოფება ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებულ მსოფლიო მთავარ სამმართველოში. ყოველწლიურად ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გზავნის თავის წარმომადგენლებს ადგილობრივ ფილიალებთან მრავალი სხვადასხვა საკითხის განსახილველად. ყოველ ფილიალში დანიშნულია კომიტეტი, რომელიც შედგება სამიდან შვიდამდე წევრისგან და საქმიანობას მეთვალყურეობს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ფილიალი ზედამხედველობს. ზოგ ფილიალში არის სტამბები, რომელთა ნაწილიც აღჭურვილია სწრაფი როტაციული საბეჭდი მანქანებით. ქვეყანა ან ტერიტორია, რომელსაც ექვემდებარება ფილიალი, დაყოფილია ოლქებად, ისინი კი, თავის მხრივ, რაიონებად იყოფა. ყოველ რაიონში დაახლოებით 20 კრებაა. პერიოდულად საოლქო ზედამხედველი ინახულებს თავისი ოლქის რაიონებს. ყოველ რაიონში ყოველწლიურად ორი კონგრესი ტარდება. გარდა ამისა, ყოველ კრებას, ჩვეულებრივ, წელიწადში ორჯერ მოსანახულებლად ეწვევა ხოლმე სარაიონო ზედამხედველი, რომელიც ადგილობრივ მოწმეებს ამ კრების ტერიტორიაზე სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებასა და წარმართვაში ეხმარება.
ადგილობრივი კრება და მისი სამეფო დარბაზი ქადაგების გავრცელების ცენტრია. ყოველი კრების ტერიტორია იყოფა პატარა უბნებად და ეს უბნები უნაწილდება ცალკეულ მაუწყებლებს, რომლებიც მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ყველა ადამიანის მონახულებასა და მათთან საუბარს ცდილობენ. რამდენიმედან 200-მდე მაუწყებლისგან შემდგარ ყოველ კრებაში მსახურობენ უხუცესები, რომლებსაც სხვადასხვა მოვალეობა ეკისრებათ. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში ყოველი წევრი – მიუხედავად იმისა, თუ სად მსახურობს: მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ფილიალსა თუ კრებაში – პირადად მონაწილეობს მსახურებაში და სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ მოუთხრობს.
ამ საქმიანობის ანგარიში იგზავნება მსოფლიო მთავარ სამმართველოში. მათ საფუძველზე დგება წლიური ანგარიში და იბეჭდება “წელიწადეული”. გარდა ამისა, ამ მონაცემების ცხრილი ქვეყნდება ჟურნალ “საგუშაგო კოშკის” ყოველი 1 იანვრის ნომერში. ამ ორივე პუბლიკაციაში მოცემულია დაწვრილებითი ანგარიში იმის შესახებ, თუ რას მიაღწიეს იეჰოვას მოწმეებმა ერთი წლის განმავლობაში იეჰოვასა და მის სამეფოზე ქადაგებასთან დაკავშირებით – სამეფოზე, რომელსაც ქრისტე იესო მართავს. ბოლო წლებში 14 000 000 ზე მეტი – იეჰოვას მოწმეები და დაინტერესებული ადამიანები – ესწრებოდა იესო ქრისტეს სიკვდილის ყოველწლიური გახსენების საღამოს. ყოველწლიურად იეჰოვას მოწმეები ჯამში 1 000 000 000-ზე მეტ საათს ქადაგებენ და 300 000-ზე მეტი ადამიანი ინათლება. ვრცელდება ასობით მილიონი ბიბლიური პუბლიკაცია.
იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-საიტი: WWW.WATCHTOWER.ORG
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0