პერსონალური კომპიუტერი
ტექნომანია

პერსონალური კომპიუტერი – ჯერ გაიცანი, მერე შეიძინე

გააზიარეთ:

 

პერსონალური კომპიუტერი რამოდენიმე წლის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ დღეს იგი აუცილებლობაა. კომპიუტერთან ურთიერთობა უკვე თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს: სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში.

თავდაპირველი კომპიუტერები რამოდენიმე ოთახშიც კი იყო განთვავსებული და კალკულატორზე ცოტა ძლიერი ფუნქციები გააჩნდა (დაახლოებით იკავებდნენ 200 კვ.მ და იწონიდნენ ათეულ ტონასაც კი). ამჟამად სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია: იგი შეგიძლიათ თქვენს საწერ მაგიდაზე მოათავსოთ და გაცილებით დიდი ოპერაციები შეასრულოთ. მეცნიერების ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენც მოყვარულის დონეზე მაინც უნდა ვერკვეოდეთ მასში, რადგან გვიწევს ჩვენი საყვარელი კომპიუტერების ახლით შეცვლა.

მაღაზიაში მისვლა და ახალი კომპიუტერის შეძენა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს კომპიუტერი თქვენს ძველ კომპიუტერს ჯობს. უკეთესი კომპიუტერის შერჩევაში მხოლოდ ნაცნობი გამყიდველი ან მეგობრის რჩევა ვერ დაგეხმარებათ, თქვენც უნდა ერკვეოდეთ ამ საკითხში.

ორი აუცილებელი რჩევა:

1. არასოდეს თქვათ რომ დაიღალეთ ამ პენტიუმ 4–ით და ახლა უკვე პენტიუმ 5–ის ყიდვა გინდათ.
2. არასოდეს უწოდოთ სისტემურ ბლოკს პროცესორი.

ამ ორი რჩევის განმარტებას სტატიის ქვედა ნაწილში ამოიკითხავთ.

რა უნდა ვიცოდეთ კომპიუტერის შეძენიასას

როგორც წესი, კომპიუტერების კლასიფიკაცია ხდება იმის მიხედვით, თუ რისთვის გვესაჭიროება ის (სახლის, საოფისე, სათამაშო და ა.შ), თუმცა ახლა არ დავიწყებ ამ კლასიფიკაციებზე საუბარს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ უმეტესობის არჩევანი ყველაზე ძლიერი კომპიუტერისკენაა გადახრილი, თუნდაც ის მხოლოდ ინტერნეტში ვებ–გვერდების დასათვალიელებლად ესაჭიროებოდს.

გავეცნოთ ზოგადად კომპიუტერს და მის შემადგენელ და შემავსებელ ნაწილებს: თუ გავერკვევით და გვეცოდინება მათი ძლიერი და სუსტი მხარეები შესაბამისად კომპიუტერსაც ავაწყობთ.

ერთი შეხედვით კომპუტერი შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან:

– სისტემური ბლოკი;
– მონიტორი;
– კლავიატურა;
– მაუსი;
– დინამიკი.

რა თქმა უნდა, შეიძლება კიდევ იყოს რამოდენიმე დამატებითი აქსესუარი: ვებ–კამერა, მიკროფონი, ყურსასმენი და ა.შ

ამ კომპონენტებისაგან კომპიუტერის მონაცემების სიკარგეს (ვიზუალური მხარე არ იგულისხმება) განსაზღვრავს სისტემური ბლოკი. თუ თქვენ ააწყობთ კარგ სისტემურ ბლოკს, შეიძენთ შესაბამის მონიტორს და ამ ყველაფერს დაუმატებთ თქვენი გემოვნებით არჩეულ კლავიატურას, მაუსს, დინამიკს და სხვა აქსესუარებს, მაშინ მიიღებთ ძალიან კარგ კომპიუტერს.

კომპიუტერის აქსესუარების დადებით და უარყოფით მხარეებზე მოცემულ სტატიაში არ ვისაუბრებთ, რადგან მათ შერჩევაში მაღაზიის კონსულტანტის რჩევები და თქვენი გემოვნებაც საკმარისია.

მონიტორის შერჩევისას ყურადღებით გაეცანით სტატიას როგორ შევარჩიო ტელევიზორი და გაითვალისწინეთ საკუთარი გემოვნება.

სისტემური ბლოკის შერჩევა არის მთავარი კომპიუტერის ყიდვისას, ამიტომ დეტალურად განვიხილავთ მას.

სისტემური ბლოკი აერთიანებს:

– დედა დაფას (მაზერბორდი – Motherboard);
– პროცესორს (CPU – Central Processing Unit);
– ოპერატიული მეხსიერებას (RAM – Random Access memory);
– ვიდეო დაფას (Video Card);
- მყარ დისკს (HDD – Hard Disk Drive);
– დისკის წამკითხავს (ODD – Optical Disk Drive);
- კვების ბლოკს (Power Supply);
– ქულერს (CPU Cooler);
– ქეისს (Case);
- ხმის კარტას (Sound Card);
- ქსელის კარტას (Lan Card).

ორი უკანასკნელი კომპონენტი როგორც წესი დედა დაფაზე არის ინტეგრირებული და მათი არჩევა ცალკე არ მოგიწევთ.

დედა დაფა – Motherboard

დედა დაფა კომპიუტერის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია. იგი აერთიანებს და აკავშირებს კომპიუტერის ყველა კომპონენტს ერთმანეთთან და ახდენს მათ შორის ინფორმაციის გადაცემას. დედა დაფა განსაზღვრავს თუ რომელი პროცესორი დაყენდება, რამდენი ოპერატიული მეხსიერების თუ ვიდეო დაფის განთავსებას შევძლებთ მასზე, რამდენი USB პორტი ექნება მას და ა.შ 

დედა დაფას აფასებენ ძირითადად შემდეგი კრიტერიუმებით:

- პროცესორის თავსებადობის (სოკეტის);
– ჩიპსეტის ;
– ოპერატიული მეხსიერების სლოტების ;
– ინფორმაციის გამტარობის სისწრაფის მიხედვით.

დედა დაფა არის სხვადასხვა ზომის, ის უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით თუ რის განთავსებას აპირებთ მასზე.

სოკეტი არის ის ბუდე, რომელშიც ჯდება პროცესორი და შესაბამისად ეს ბუდეები განსხვავებულია პროცესორის მოდელების მიხედვით. პერსონალური კომპიუტერისათვის პროცესორის არჩევისას, მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ Intel-სა და AMD-ს პროცესორებს შორის. სოკეტს აქვს პატარა პინები, რომელიც კონტაქტის საშუალებაა და აკავშირებენ პროცესორს დედა დაფასთან. ყველა სოკეტს აქვს თავისი პინები ამიტომ არის რომ ერთ სოკეტზე სხვა სოკეტის მქონე პროცესორები არ მიდის. Intel-ის სოკეტებია: LGA 775, LGA 1156, LGA 1366, LGA 1155 და LGA 2011 (LGA-იმას ნიშნავს რომ პინები მაზერზეა გამოშვერილი, ხოლო ეს ციფრები პინების რაოდენობას აღნიშნავს). AMD-ს სოკეტებია: AM2, AM2+, AM3, AM3+ და FM1 (AMD-ს LGA-ს ნაცვლად აქვს PGA ტიპის სოკეტი რაც იმას ნიშნავს რომ პროცესორზეა გამოშვერილი პინები და შესაბამისად ის უნდა ჩასვა მაზერში, ხოლო პინების რაოდენობის აღმნიშვნელი ციფრები პროცესორის მახასიათებლებში უნდა ნახოთ).

ჩიპსეტი არის ჩიპების განსაზღვრული ერთობლიობა. ჩიპსეტის უმთავრესი ჩიპია Norhtbridge. იგი პროცესორს აკავშირებს ბიოსთან, ოპერატიულ მეხსიერებასთან, ვიდეო კარტასტან და Southbridge-სთან (Southbridge არის ასევე ჩიპსეტის მნიშვნელოვანი ჩიპი. იგი უზრუნველყოფს შედარებით დაბალსიჩქარიანი ოპერაციების შესრულებას). Intel Sandy Bridge-ში და 2011 წლის AMD Fusion-ში Norhtbridge ინტეგრირებულია პროცესორში.

მოკლედ რომ ვთქვათ – ჩიპსეტი განსაზღვრავს თუ რა მოწყობილობები და რა რაოდენობით განთავსდება დედა დაფაზე და ასევე უზრუნველყობს მათ შორის კავშირს. დედა დაფა ჩიპსეტის გარეშე სრულიად კარგავს თავის ფუნქციას. Intel-ის ჩიპსეტებია: X58, H55, P67 და ა.შ AMD- ჩიპსეტებია: 880M, 890 FX, 990X და ა.შ

ოპერატიული მეხსიერების სლოტების დიდი რაოდენობა საშუალებას გვაძლევს საჭირო მომენტში უმტკივნეულოდ გავზარდოთ კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა (ეს მხოლოდ ოპერატიულ მეხსიერებაზე არ ვრცელდება, ზოგადად რაც უფრო ბევრია შესაერთებელი სლოტები და პორტები მით უფრო ადვილია მისი უმტკივნეულოდ გაძლიერება), მაგრამ ეს არ არის ისეთი ფაქტორი რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიანიჭოთ, რადგან ოპერატიული მეხსიერების (ასევე ყველა სხვა კომპონენტის) მოცულობა და გამართული მუშაობა მხოლოდ მათ რაოდენობაზე არაა დამოკიდებული.

დედა დაფის მწარმოებელი ცნობილი კომპანიებია: Intel, AMD, GigaByte, ZOTAC, XFX, MSI, ASUS და ა.შ

ეს რა თქმა უნდა, არ არის სრული და დეტალური მიმოხილვა დედა დაფის. ამ მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ ელემენტარულ დონეზე გაერკვევით დედა დაფაში და მისი ყიდვის დროს მიხვდებით რას აღნიშნავს ესა თუ ის აბრევიატურა.

პროცესორი – CPU

პროცესორი არის კომპიუტერის მთავარი მამოძრავებელი ნაწილი ე.წ ტვინი, რომელიც ინფორმაციას იღებს, ამუშავებსს და შემდეგ გასცემს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ბაზარზე დომინირებს პროცესორის მწარმოებელი ორი გიგანტი Intel და AMD. 

პროცესორის ძირითადი მახასიათებელია:

- ქეშ მეხსიერება (Cache);
- ტაქტური სიხშირე;
- ბირთვების რაოდენობა;
- ნანომეტრიული ტექნოლოგია.

ქეშ მეხსიერება არსებობს სამი დონის – L1 cache, L2 cache, L3 cache მეხსიერებები. ქეშ მეხსიერება ე.წ პროცესორში გამოყოფილი სათავსოა, საიდანაც პროცესორის ბირთვებს მიეწოდება თანმიმდევრულად ინფორმაცია დასამუშავებლად. ქეშ მეხსიერების მოცულობა პერსონალური კომპიუტერისათვის იწყება 512 კბ-დან და ჯერ-ჯერობით მისი მაქსიმუმია 15 მბ, რაც უფრო დიდია ქეშ მეხსიერების მოცულობა მით უფრო კარგია ის.

ტაქტური სიხშირე (Clock rate) – იგი იზომება ჰერცებით (Hz). ტაქტური სიხშირე გვიჩვენებს თუ რამდენი ციკლის შესრულება შეუძლია პროცესორს წამში. უკვე ისე არის განვითარებული თანამედროვე პროცესორები რომ რამოდენიმე ჰერცს კი არა გიგაჰერც (GHz) ციკლს ასრულებენ წამში და ამიტომ იზომება ისინი გიგაჰერცებით. რაც უფრო მეტ გიგაჰერციანია პროცესორი მით უფრო სწრაფია იგი.

ბირთვების (Core) რაოდენობა  პერსონალური კომპიუტერის მონიტორს შეიძლება ჰქონდეს 1, 2, 4 ან 6 ბირთვი. ბირთვების მუშაობის სისწრაფე გიგაჰერცებში განისაზღვრება. რაც უფრო მეტი ბირთვი აქვს პროცესორს მით უფრო სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს იგი მონაცემების დამუშავებას. თუ პროცესორი არის 2 ბირთვიანი X გიგაჰერცი სისწაფით ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ორ ბირთვიანია მისი სიჩქარე უდრის 2X, ეს ნიშნავს იმას რომ ორ ბირთვს პარარელურ რეჟიმში შეუძლია ორჯერ მეტი ინფორმაციის დამუშავება X გიგაჰერცი სისწრაფით.

ნანომეტრიული ტექნოლოგია – ნანომეტრი მილიმეტრის მეათასედი ნაწილია და სწორედ ამ ზომებში მზადდება პროცესორი. შესაბამისად რაც უფრო პატარა ნანომეტრიული ტექნოლოგიით არის დამზადებული პროცესორი მით უფრო სწრაფია იგი, უფრო მეტ ტაქტურ სიხშირეს გამოიმუშავებს, მით უფრო ნაკლებ ძაბვას მოითხოვს და ნაკლებად ცხელდება. პროცესორები შეიძლება დამუშავებული იყოს – 90, 65, 45 ან 32 ნანომეტრიული ტექნოლოგიით. ამჟამად გამოიყენება 45 და 32 ნანომეტრიული ტექნოლოგია, მაგრამ მალე იგეგმება 22 ნანომეტრიულ ტექნოლოგიაზე გადასვლა.

ოპერატიული მეხსიერება – RAM

ოპერატიული მეხსიერება დროებითი მეხსიერებაა სადაც დროებით ინახება ის ინფორმაცია, რომელსაც შემდგომში პროცესორი გამოითხოვს მისგან და ამუშავებს (პროცესორი ბრძანებებს ჯერ ქეშ მეხსიერებიდან კითხულობს, ხოლო შემდგომ ოპერატიული მეხსიერებიდან). 

არსებობს DDR, DDR2, და DDR3 ტიპის ოპერატიული მეხსიერებები (DDR უკვე მოძველებულია), DDR2–ს DDR3 ტიპის ოპერატიული მეხსიერება ჯობია მაგრამ მაშინ უნდა გქონდეთ შესაბამისი დედა დაფა რადგან მათი სლოტები ერთმანეთისაგან განსხვავდება.

ოპერატიული მეხსიერების შერჩევის დროს მისი ტიპის გარდა უნდა დავაკვირდეთ მოცულობას, სიხშირეს და ტაიმინგებს.

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა გბ–ში (GB) იზომება, არჩევანი უნდა გავაკეთოთ 1, 2, 4 ან 8 გიგაბაიტანი მოდულის მქონე ოპერატიულ მეხსიერებებზე. რაც უფრო დიდია ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უკეთესია (რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სხვა ფაქტორებსაც).

ოპერატიული მეხსიერების სიხშირეც მეგაჰერცებში (mhz) იზომება, შეიძლება შეგვხვდეს 667, 800, 1066, 1333 მეგაჰერცი და ზემოთ, სიხშირის მქონე ოპერატიული მეხსიერებები, რაც უფრო მეტია სიხშირე უკეთესია.

ტაიმინგი ეს არის ის დამაყოვნებელი დრო რაც ჭირდება ინფორმაციას დამუშავებას, წაკითხვა, გადაგზავნას. რაც უფრო ნაკლებია ტაიმინგი მით უფრო სწრაფია ოპერატიული მეხსიერება. ტაიმინგის კომბინაციები ძირითადად შეიძლება მერყეობდეს 3-3-3 დან 14-14-14–მდე.

ოპერატიული მეხსიერების მწარმოებელი ცნობილი კომპანიებია: Corsair, Crucial, Kingston, G.Skill, Patriot და ა.შ

ვიდეო დაფა – Video Card

ვიდეო დაფა კომპიუტერის ის კომპონენტია რომლსაც ევალება გამოსახულების გენერირება და ამ შემთხვევაში მონიტორისათვის გადაცემა. ვიდეო დაფა შეიძლება იყოს როგორც ცალკე, ასევე დედა დაფასთან ინტეგრირებული. (ჩემი აზრით ინტეგრირებულს მაინც ჯობს ცალკე იყოს). 

ვიდეო დაფის სიძლიერეს რამოდენიმე მახასიათებელი განსაზღვრავს. განვიხილოთ თითოეული ცალ–ცალკე:

გრაფიკული პროცესორი – GPU (Grpahic processing unit) – ერთ–ერთუ უმთავრესი კომპონენტია და იგი პროცესორისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ მუშაობს გრაფიკულ გამოსახულებების დამუშავებაზე. გრაფიკული პროცესორის სიმძლავრე იზომება ტაქტური სიხშირით და შესაბამისად რაც უფრო მეტია ის მით უფრო კარგია.

ვიდეო დაფის კიდევ ერთი მახასიათებელია SP – Streaming Processor, იგივე ბირთვები, ვინაიდან გამოსახულების დამუშავების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარარელულ რეჟიმში მუშაობას, ამიტომ რაც უფრო მეტია ბირთვების რაოდენობა მიტ უფრო ძლიერი და სწრაფია ვიდეო კარტა.

ვიდეო დაფის მეხსიერების სიდიდე – იმისთვის, რომ ვიდეო დაფამ შეძლოს საჭირო ინფორმაციის დამუშავება ამისათვის მას უნდა ჰქონდეს დიდი მოცულობის ადგილი, საიდანაც გრაფიკულ პროცესორს მიაწვდის მონაცემებს. მათი მოცულობები შეიძლება იყოს 256 მბ, 512 მბ, 1 გბ, 2 გბ ან მეტი, რაც უფრო დიდია უკეთესია მაგრამ ეს მაჩვენებელი ვიდეო დაფის არჩევისას არასოდეს აქციოთ გადამწყვეტად.

ვიდეო დაფის მეხსიერების ტიპი. იგი როგორც ოპერატიული მეხსიერება გხვდება სხვადასხვა ტიპის: DDR2, GDDR3, GDDR4 და GDDR5. ისინი ერთმანეთისგან ინფორმაციის მიღება/გადაცემის სიხშირით განსხვავდებიან. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მძლავრი GDDR5 – ის ტიპის ვიდეო დაფებია.

ვიდეო მეხსიერებას აქვს ლოკალური სალტე Bus Width – რომლის მეშვეობითაც ის გადასცემს GPU-ს ინფორმაციას. ეს სალტე შეიძლება იყოს 128, 256, 512 და მეტ ბიტიანი. რაც უფრო მეტი იქნება მით უკეთესი.

ვიდეო დაფას აწარმოებს ორი კომპანია: Nvidia და AMD (ყოფილი ATI, რომელიც შემდეგ AMD–მ შეიძნა).
ამ ორი კომპანიის წარმოებული ვიდეო კარტების მრავალფეროვნებასა და მძლავრ გაგრილებაზე ზრუნავენ სხვადასხვა კომპანიები: XFX, ZOTAC, ASUS, EVGA, MSI, SAPPHIRE და ა.შ

Nvidia–ს ვიდეოები კლასების მიხედვით აქვს დალაგებული GS–GSO, GT, GTS, GTX, GX2 (თავიდან წერია ყველაზე სუსტი და შემდეგ იერარქიულად უფრო ძლიერები, შესაბამისად GX2 ყველაზე ძლიერია).

AMD–ს სერიებად აქვს დაყოფილი თავის ვიდეო კარტები. HD 4XXX, HD 5XXX, HD 6XXX (მე–6 სერიის ვიდეო კარტები ჯობს წინა სერიის ვიდეო კარტებს).

მყარი დისკი – HDD

მყარი დისკი (ვინჩესტერი)  კომპიუტერის ის კომპონენტია სადაც მუდმივად ინახება ინფორმაცია, მასზე იწერება ოპერაციული სისხტემა (Windows, Linux და ა.შ), ფილმები, მუსიკები, სურათები და სხვა ყველაფერი რაც კი კომპიუტერში გაქვთ

მყარი დისკის შერჩევის დროს უნდა ვერკვეოდეთ მის მახასიათებლებში, ესენია:

– მოცულობა;
– ბრუნვის სიჩქარე;
– ინტერფეისი.

მყარი დისკის მოცულობა გიგაბაიტებსა (GB) და ტერაბაიტებში (TB) იზომება. ზოგადად პროგრამებისა და ასევე ხარისხიანი, ფილმების, თამაშების და სხვადასხვა ფაილების მოცულობები იმდენად გაიზარდა რომ 160–250 გიგაბაიტი დიდ მოცულობად არ ითვლება და ახლა უფრო 1 და 2 ტერაბაიტიან ვინჩესტერებზეა მოთხოვნა, რაც უფრო დიდი მოცულობისაა ვინჩესტერი (მყარი დისკი) მით უფრო უკეთესია.

მყარი დისკის ბრუნვის სიჩქარეც (RPM) რაც უფრო მეტია უკეთესია, რადგან უფრო სწრაფად ხდება ინფორმაციის დამუშავება, ჩაწერა და წაკითხვა. ძირითადა ვხვდებით 5400, 7200 და 10000 ბრუნვიან მყარ დისკებს.

ინტერფეისი განსაზღვრავს იმას თუ რა მეთოდით შეუერთდება მყარი დისკი დედა დაფას. ადრინდელ პერიოდთან შედარებით პოპულარობას კარგავს IDE ინტერფეისი და უფრო და უფრო მკვიდრდება SATA ინტერფეისი. არსებობს SATA II და SATA III ინტერფეისის მქონე თანამედროვე დისკები, მათ შორის განსხვავება ინფორმაციის გატარებაშია. პირველი მათგანი ატარებს 300 მეგაბიტს წამში, ხოლო მეორე 600 მეგაბიტს წამში.

დისკის წამკითხავი – ODD

დისკის წამკითხავს აშკარად არ სჭირდება დიდი განხილვა, მისი ფუნქციაა კომპიუტერში არსებული ინფორმაციის დისკზე გადმოტანა. 

არსებობს სამი სახის დისკის წამკითხავი:

– CD/RW;
– DVD/RW;
– Blue-Ray/RW.

ამ სამი სახის დისკის წამკითხავიდან საუკეთესოა Blue-Ray/RW, მას ასევე შეუძლია DVD და CD–ზე ჩაწერა და მათი წაკითხვაც. თუ თქვენ არჩევანს აკეთებთ CD/RW–სა და DVD/RW–ს შორის უპირატესობა მიანიჭეთ DVD/RW–ს.

კვების ბლოკი – Power Supply

კვების ბლოკი  ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მთლიანად კომპიუტერისა, რადგან სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება ვოლტებად ქცეული დენი სხვადასხვა კომპონენტებს

დენის მიწოდების გარდა კვების ბლოკი ძაბვის ნორმიდან გამოსვლის შემთხვევაში, წყვეტს კომპიუტერის კომპონენტების კვებას და ამით მეტ–ნაკლებად იცავს მათ დაზიანებისაგან.

სხვადასხვა კონფიგურაციების მქონე კომპიუტერები განსხვავებულ ენერგიას მოიხმარენ. თუ ჩვენ ზუსტად გვინდა დავთვალოთ რამდენი ვატი დასჭირდება ჩვენ სისტემას, ამისათვის მოგვიწევს თითოეული კომპონენტის მიერ მოთხოვნილი ვატების ცალ–ცალკე შეკრება, რაც არ არის ადვილად გასაკეთებელი (თუმცა არსებობს ონლაინ დამთვლელებიც ინტერნეტში, რომლებიც მიახლოებით ითვლიან საჭირო ვატებს).

თუ ჩვენ ძლიერ კომპიუტერს ვერ უზრუნველვყოფთ შესაბამისი სიმძლავრით, მას გაუჭირდება მუშაობა, ხოლო თუ ჩვენ მას მივაწვდით გაცილებით მეტ სიმძლავრეს ამით არაფერი დაშავდება, რადგან კომპონენტები თავად დაარეგულირებენ და გამოიყენებენ საჭირო ვატებს, ამიტომ როდესაც კვების ბლოკს ყიდულობთ, ჩემი აზრით, ის უნდა იყოს მინიმუმ 500 W (ვატი).

კვების ბლოკის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი მონაცემი ე.წ რეალური სიმძლავრე (Continuous Power) და არარეალური სიმძლავრე (Pick Watts). რეალური სიმძლავრე (Continuous Power) ეს არის ის სიმძლავრე რომლის მოცემაც კვების ბლოკს შეუძლია მუშაობის ნებისმიერ მომენტში, არარეალური სიმძლავრე (Pick Watts) ეს ის სიმძლავრეა, რომელსაც კვების ბლოკი მხოლოდ საწყის სტადიაზე იძლევა.

კვების ბლოკის ცნობილი მწარმოებლები სწორედ რეალურ სიმძლავრეს აწერენ თავიანთ პროდუქტს, ამიტომ უმჯობესია გადაიხადოთ ცოტა მეტი კვების ბლოკში და შეიძინოთ ბრენდული კვების ბლოკი.

კვების ბლოკის მწარმოებელი ცნობილი კომპანიებია: Enermax, Corsair, Rosewill, Thermaltake, FSP , OCZ, Gigabyte, Antec და ა.შ

პროცესორის ქულერი – CPU Cooler

პროცესორის ქულერზეც ასევე მოკლედ შეიძლება დაიწეროს, იმისათვის რომ პროცესორმა გამართულად იმუშავოს არ უნდა გადახურდეს, პროცესორის ქულერი უზრუნველყოფს მის გაგრილებას – რადიატორისა და ვენტილატორის მეშვეობით. 

ქულერის შერჩევის დროს არის რაოდენიმე კრიტერიუმი რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ ამ სტატიაში ასე არ დავწვრილმანდებით (არც სხვა კომპონენტების პერსონალურ გაგრილებებზე არ ვისაუბრებთ) და ჯობს მხოლოდ მწარმოებლის მიხედვით შეარჩიოთ ის.

ქულერის მწარმოებელი ცნობილი კომპანიებია: Zalman, Arctic, Thermaltake, Corsair და ა.შ 

ქეისი – Case

ქეისი არის ის ყუთი რომელშიც კომპიუტერის ზემოთ ჩამოთვლილი და განხილული კომპონენტები ეწყობა, მათ შორიც ის პატარა კვადრატიც რასაც პროცესორი ეწოდება. 
ქეისი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის, მისი არჩევა ხდება თქვენი გემოვნებისა და იმის გათვალისწინებით თუ რის ჩადგმას აპირებთ შიგნით, ასევე ქეისი შერჩევის დროს დააკვირდითნ მის წინა პანელს აქვს თუ არა აუდიო და USB პორტები. 

თუ თქვენ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით რომ კომპიუტერის სიძლიერე მხოლოდ პენტიუმ 5, პენტიუმ 6 და ა.შ არ არის და ასევე ერთმანეთისგან გაარჩევთ პროცესორს და სისტემურ ბლოკს მაშინ ჩავთლი, რომ ღირდა ამ სტატიის წერა ამდენი ხანი.

წარმატებებს გისურვებთ ! ! !

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ბრაულსთარსი ლუკასთან ერთად appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • ამხანაგების ჯგუფები: ფეხბურთი – https://www.facebook.com/groups/amkhanagebi ფორმულა 1 – https://www.facebook.com/groups/f1amxanagebi რესლინგი – ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი