მიგელ დე უნამუნო - ანტიპოლიტიკოსები » www.idealuri.ge
ცნობილი ადამიანები

მიგელ დე უნამუნო - ანტიპოლიტიკოსები

გააზიარეთ:

 

კანარის კუნძულებზე რომ ვიყავი, წარმოიდგინეთ, ჩემი ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, თუ რამდენად ხშირად და რანაირი კილოთი მეუბნებოდნენ ჩემი თანამოსაუბრეები: „უნდა მოგახსენოთ, ჩემო ბატონო, რომ მე პოლიტიკოსი არ გახლავართ”. თან ამ სიტყვებს იმგვარად წარმოთქვამდნენ, თითქოს ან უთქმელი ბრალდებისაგან იცავდნენ თავს, ან კიდევ ჯერ ჩემი აზრი უნდოდათ გაეგოთ.


ლამის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა: „ისა? ის ხომ პოლიტიკოსია!“ იქ, კანარის კუნძულებზე, პოლიტიკოსებზე ჩვეულებრივად ისე ლაპარაკობენ, გეგონებათ, ისინი განსაკუთრებული ჯურისა თუ არა, ძალზე უსიამოვნო საქმეს შეჭიდებული ადამიანები იყვნენ. ბევრს, ბევრს კი არა, უმეტესობას, თავიც კი მოაქვს პოლიტიკისადმი გულგრილი დამოკიდებულებით. მე რომ მკითხოთ, ეს ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაც კანარის კუნძულებზე ხდება. ამ უმშვენიერეს, მაგრამ არც იმდენად ბედნიერ ქვეყანაში, რისი ღირსიც არის სინამდვილეში.

ეს ბოროტებაა სწორედ აქაც, ჩვენს ესპანეთში რომ გვტანჯავდა და დღემდე გვტანჯავს, თუმცა, საბედნიეროდ, უკვე გამოკეთების პირი გვიჩანს. ე.წ. ნეიტრალების, ამ საზიზღარი ნეიტრალების რიცხვი, საყოველთაო ბრძოლის მიმართ ასეთ გულგრილობას რომ იჩენს, თანდათან კლებულობს.

მართალი გითხრათ, დიდად არა ვარ აღფრთოვანებული ამ დემოკრატიებით, მაგრამ ახლა ეს გარდუვალია. როგორც ვხედავ, დემოკრატია რაღაცნაირად ომსაც ჰგავს. ცივილიზაციასაც ანდა თვით არსებობასაც კი! რაღაც გარდუვალი ბოროტებაა და ეგ არის. ან უნდა აღიარო, ან არადა, დაიღუპო. დემოკრატია გაცილებით მეტ ვალდებულებებსა და მოთხოვნილებებს გვიყენებს, ვიდრე პრივილეგიებსა და უფლებებს გვიწყალობებს. პირველი, რასაც იგი გვაკისრებს, არის ჩვენივე დაინტერესება და ჩვენივე მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეში, რასაც რეს-პუბლიკა-ს ვეძახით.

 „პირადად მე მთავრობა არას მარგებს!“ - აი, რა სტერეოტიპულ სულელურ ფორმულას აიფარებენ ხოლმე არცთუ მცირერიცხოვანი ეგოისტები და სხვა მუქთახორები, როცა მათ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებენ ხოლმე. ვერ შეუგნიათ, რომ თუკი მთავრობა არაფერს აძლევს, მაშინ რაღაცას ართმევს და ართმევს კი სწორედ ცხოვრებისაგან განდგომის გამო. 


ის, ვინც აგდებულად უყურებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, აქტიური ამომრჩეველი იქნება ის, თუ რომელიმე პარტიის წევრი, მიტინგებსა და კრებებს რომ ესწრება, - მას არცა აქვს უფლება დაიჩივლოს, კანონით გათვალისწინებული თუ თვითონ მთავრობისაგან მომდინარე დადგენილება ჩემს ინტერესებს ბღალავსო.

მოქალაქისათვის პირველი და აუცილებელი პირობაა მოქალაქეობრიობა და არც შეიძლება არსებობდეს ისეთი სამშობლო, ჭეშმარიტი სამშობლო რომ ჰქვია, სადაც მოქალაქეებს პოლიტიკური პრობლემები არ აწუხებდეთ.

კანარის კუნძულებზე კი სწორედ ეს დავინახე. ყველაზე დიდი პოლიტიკური პრობლემებისადმი საყოველთაო გულგრილობა და ამან განმაცვიფრა და გული მატკინა; თუნდაც ერთი ბეგარის განაწილების პრობლემა ვთქვათ, რაც თითქოს ყველას უნდა შეხებოდა და თანაც ყველაზე უშუალოდ. ესეც არ იყოს, ვერც იმ პატარ-პატარა ჯგუფებისა გავიგე ვერაფერი, ადგილობრივი პოლიტიკოსები რომ ქმნიან. რაღაც იჩხიბ დევიზებს იკერებენ და ერთმანეთისგან კი მარტო თავისი კაუდილიოებით და კასიკებით განსხვავდებიან - ხოლო მათ ისეთი პიროვნებებიც ეტმასნებიან ხოლმე, რომლებიც მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორმე დაიკავონ და საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენონ საზოგადოებრივი მდგომარეობა.

„აი, როგორია თქვენი პოლიტიკა!“ - გამარჯვებული სახით მეჩიჩინებოდა ერთი ასეთი თავგამოდებული ანტიპოლიტიკოსი. მე კი ამაზე ვპასუხობდი:

„რაღა თქმა უნდა, ეს არც არის პოლიტიკა, ანდა უკეთ რომ ვთქვათ, ესაა უვარგისი პოლიტიკა, ხოლო დამნაშავენი, რომ ყველაფერი ეს ხდება, თქვენა ბრძანდებით, თქვენ, ვინც განზე დგომას ამჯობინებთ“.

როგორ არ მოვინდომე, კანარის კუნძულების პოლიტიკურ რუკაში გავრკვეულიყავი, - ასე დავარქვათ, - მაგრამ ისიც მახსოვს, რომ არც მანამდე დამიკლია ცდა, ცოტა მაინც გავრკვეულიყავი ასევე ესპანური ამერიკის პოლიტიკურ რუკაშიც. ჩვენი ევროპული პოლიტიკის თითქმის ყველა კლასიკური კატეგორიები, იქნება ეს ლიბერალიზმი, სოციალიზმი თუ ინდივიდუალიზმი, ეტატიზმი თუ ანარქიზმი, რეგალიზმი თუ ულტრამონტეანელობა და ა.შ. - თითქმის არც ერთი არ გამოდგება. როცა ცდილობენ მოახდინონ უმრავლესობათა პარტიების კლასიფიცირება ამ რესპუბლიკებიდან, და მათთანაც, ისევე როგორც ჩვენს პატარა პროვინციულ სოფლებში, პარტიებად რომ არიან დაყოფილი, ცალკეულ პიროვნებათა პარტიებად.

ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე, რომ ამ ჩვენი ესპანეთის ქალაქებსა და სოფლებში ყოველთვის არის მინიმუმ ორი პარტია: ანტი-X-ები, რომელთაც წარმართავს Z X-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. და ანტი-Z-ისტები, რომელთაც წარმართავს X Z-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. დააკვირდით იმასაც, რომ მე მათ არ ვუწოდებ არც ეკისტებს და არც სედისტებს, რადგან ისინი თავისი არსით სხვათა უარყოფისთვის შექმნილი პარტიები გახლავთ. ისინი უმალ ვინმეს წინააღმდეგ მიდიან, ვინემ ვინმეს მიჰყვებიან; ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი რესპუბლიკელები უბრალოდ ანტიმონარქისტები ბრძანდებიან, ხოლო მონარქისტები - ანტირესპუბლიკელები.

ბოლოს და ბოლოს გავერკვიე, - თუ რა თიშავდა უნიტარისტებსა და ფედერალისტებს როსასისა და სარმიენტოს დროს არგენტინაში, მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი, მაინც რას ნიშნავს ეს დაყოფა „ბლანკოსად“ და „კოლორადოსად“ ურუგვაიში.

აქ, ესპანეთში უკვე გამოჩნდა ქალაქები, სადაც მართლაც რომ საჭირბოროტო პოლიტიკური პრობლემების დასმა დაიწყეს. ქალაქებში პოლიტიკური ბრძოლა უკვე აღარ არის ცალკეულ პიროვნებათა და პირადი ინტერესებისათვის ბრძოლა; ქალაქის კაუდილიო, მისი ტრიბუნი არ შეიძლება არ იყოს საკმაოდ გარკვეული პოლიტიკური იდეალების გამომხატველი.

სწორედ ახლა ესპანეთი შევიდა თავისი ყველაზე უფრო მაღალი პოლიტიკური გამოცოცხლების სტადიაში - კანალეხასის მოღვაწეობის წყალობით. - და ამ გამოცოცხლების ცენტრი ჩვენს დროში გახლავთ ჩემი მშობლიური ქალაქი ბილბაო. აკი ბასკები ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკურად აქტიური ხალხია ესპანეთში და მათ შორის ყველაზე ნაკლებია ნეიტრალები. აქ ერთ მხარეს მეშახტეები იფიცებიან და სამუშაო დღის შემცირებას მოითხოვენ, მეორე მხარეს კათოლიკები ჯანყდებიან დღევანდელი მთავრობის მიერ გატარებული ანტირელიგიური ზომების წინააღმდეგ. ერთიცა და მეორეც არცთუ მცირემნიშვნელობის გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის.

ერთი და ლამის ერთადერთი მოსაზრება, მაღაროს მეპატრონეებს რომ მოჰყავთ იმისათვის, რათა არ დააკმაყოფილონ მუშათა მოთხოვნილებები, - სოციალური რეფორმების ინსტიტუტისა და თვით მთავრობის შეგონების მიუხედავად, - ის გახლავთ, რომ დათმობა დამამცირებელი საქმეა და მუშათა აჯანყებას პოლიტიკურმა წამქეზებლებმა შეუწყვეს ხელი, რომლებსაც მეპატრონეები გადამთიელებად ნათლავენ. დამცირებაზე ლაპარაკი მე პირადად არ მესმის. შრომასა და კაპიტალს შორის ბრძოლა კი ისეთივე ომია, როგორც სხვა ნებისმიერი ომი, ხოლო პრინციპმა, - „დანებებას სიკვდილი ჯობია“, რაგინდ გმირული უნდა გვეჩვენებოდეს, ომში შეიძლება ყველაზე უარესი შედეგები გამოიღოს. პოზიციის დათმობა სულაც არ ნიშნავს დამცირებას.

გაფიცვა სხვა არაფერია, თუ არა სავაჭრო გარიგება და ჭკვიანი მეპატრონე, რომლის გონება ქედმაღლურ კუდაბზიკობას არ დაუბნელებია, -აქაოდა მე თვითონ ვარ ყველაზე დაბალი ფენებიდან გამოსულიო, - გაიანგარიშებს, რა ზარალი შეიძლება მიაყენოს მას გაფიცვამ, გამოარკვიოს, რა მოგება შეიძლება დააკარგვინონ მუშებმა თავიანთი მოთხოვნებით და აქედან გამომდინარე დაასკვნის, ღირს თუ არა დათმობა. განა ყოველ წელიწადს სამი ათასი პესეტის დაკარგვა არ ურჩევნია ერთბაშად ასი ათასის დაკარგვას? საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ამისთანა შემთხვევაში თავმოყვარეობას დიდი ფასი არა აქვს.

მეორე, ანუ პოლიტიკური აგიტატორების უკანონო ჩარევა, რომელთაც გადამთიელებად ნათლავენ, კიდევ უფრო უკეთესი ახსნაა. ჩვენს ბატონ-კაპიტალისტებს წარმოუდგენიათ, რომ ბრძოლა მხოლოდ მათსა და მუშებს შორის მიმდინარეობს და რომ ჩვენ, ყველა დანარჩენი მოქალაქეები, უბრალოდ მაყურებლის როლს ვთამაშობთ და მეტი არაფერი. აი, რა დიდებული წარმოდგენაა სოციალურ სოლიდარობაზე!

„აბა, თქვენ რა ხელი გაქვთ ყველაფერ ამასთან? რატომ ეჩხირებით იქ, სადაც არ გეპატიჟებიან?“ ამისთანა სიტყვებს არცთუ იშვიათად გაიგონებთ და ეს არის კიდეც ანტიპოლიტიზმის კვინტესენცია.

დიახ, სწორედ რომ ყველას უნდა გვქონდეს ხელი ყველაფერთან და ეკონომიკური ბრძოლაც პოლიტიკური ბრძოლაა, თან ისეთი ბრძოლა, ყველას რომ ეხება.

 მეპატრონესა და მის მუშებს შორის კონფლიქტი მათი კერძო საქმე არ არის. ეს მთელი საზოგადოების საქმე გახლავთ. კონფლიქტის მოგვარება მთელს სოციალურ ეკონომიკაზე ახდენს გავლენას.


პოლიტიკური აგიტატორებიო! არა, სხვაგვარად როგორ იქნება! ის, ვინც აღვივებს და თაოსნობს შრომასა და კაპიტალს შორის ბრძოლას, არის და კიდეც უნდა იყოს პოლიტიკური აგიტატორი. და როცა ბრძოლას პოლიტიკური ხასიათი აქვს, სწორედ მაშინ არის მოწესრიგებულიც, ორგანიზებულიც, კანონიერიც და ბოლოს, განმანათლებლურიც. სოციალიზმი არის და უნდა იყოს პოლიტიკური, ხოლო ამ ბრძოლაში სახელმწიფოს ჩაურევლობა მანჩესტერობის ძველისძველი დოქტრინაა, რომლის დაცვა დღეს, არა მგონია, ვინმემ გაბედოს.

„ხელშეკრულებათა დადების თავისუფლება!“ - გაჰყვირიან და ეს ამგვარად ჟღერს: „მოგვეცით მოქმედების თავისუფლება, ნურავინ ნუ ჩაერევა ჩვენს საქმეში. თუ ბრძოლაა, მეც გახსნილი მაქვს ხელები!“ სწორია, ხელები კი არა გვაქვს შებორკილი, მაგრამ ფეხებზე გვადევს ხუნდები.

სანამ მიწა ყველას საკუთრება არ გახდება, სანამ არსებობენ ადამიანები, - სადაც უნდა იყოს, - ვინც იძულებულია მხოლოდ სხვის მიწაზე იაროს და საკუთარი თავის დასამარხი ორი ადლის მეტი ვერ მოუპოვებია, - სანამ ეს ყველაფერი ძალაშია, ხელშეკრულებათა თავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

იგივე ითქმის ბრალდებებზე. - ბრალდება? - განა ბრალდება - პოლიტიკა შრომასა და კაპიტალს შორის ეკონომიკურ ბრძოლაში ერევაო, - სასაცილოზე სასაცილო არ არის? - ბრალდებაო! - ორიოდე უსინდისო ლიბერალმა რომ წამოისროლა ბილბაოს კათოლიკებისა და ბასკების ქვეყნის მისამართით, სან-სებასტიანისკენ მთავრობის ანტიმონასტრული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად რომ გაბედეს გამოსვლა. ვითომ პროტესტიც პოლიტიკააო.... რასაკვირველია, პოლიტიკა იყო! ან როგორ შეიძლება არ ყოფილიყო. კათოლიციზმიც პოლიტიკურია, პოლიტიკურია და კიდეც უნდა იყოს. ეს საცოდავი უსინდისო ლიბერალები ამგვარ შემთხვევაში მაშინვე ქრისტეს მოძღვრებას მოიშველიებენ და სახარების ციტატებს გვიკითხავენ, ვითომ ქრისტეცა და სახარებაც კარგა შორს არ მიეტოვებინოს კათოლიკურ ეკლესიასაცა და კათოლიციზმსაც. ამასთან, ქრისტეცა და სახარებაც პოლიტიკურია. სხვანაირად არც ეგების!

როცა ქრთილის პურისა და თევზის სასწაულის შემდეგ იუდეველთ უნდოდათ ქრისტე მეფედ გამოეცხადებინათ, „იგი განეშორა მათ და წარვიდა მთად ხოლო მარტოი“ მერე კი ფარისეველებმა გამოსაცდელად რომ ჰკითხეს „ჯერ არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არაო“, მან მიუგო: „მიჩვენეთ მე დრაჰკანი იგი ხარკისად, ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი და ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისა ღმერთსა“ (მიეცით მონარქსა ანდა რესპუბლიკას ის, რაც მას ეკუთვნის - დრაჰკანი, რომელზეც ამოტვიფრულია პროფილი, სიმდიდრე, ხოლო ყველაფერი დანარჩენი, რაც ფული არ არის, მიეცით მას, ვისაც თქვენი სიმდიდრე არ სჭირდება, ღმერთს). და ბოლოს, როცა იგი ჯვარს აცვეს, დაცინვით წააწერეს ჯვარზე: „ესე არს იესუ, მეუფეი ჰურიათაი“. მაგრამ არც ერთი ლეგენდა არ გვიდასტურებს, რომ ქრისტეს მიერ ცოდვის გამოსყიდვა ღრმად და საგანგებოდ პოლიტიკური მოქმედება არ იყო.

 რელიგიის გამოყოფა პოლიტიკისაგან ისეთივე დიდი სისულელეა (თუ მეტი არა), როგორც ეკონომიკისა პოლიტიკისაგან. მარტო კათოლიციზმი კი არა, მთლიანად ქრისტიანობა და საერთოდ ყოველგვარი რელიგიაა პოლიტიკური.


ბასკ კათოლიკებს უნდოდათ სან-სებასტიანში შეკრებილიყვნენ და ეს პოლიტიკური აქტი გახლდათ; მთავრობამ ეს აკრძალა, - ესეც პოლიტიკური აქტი იყო და ძალიანაც კარგია, უთუოდ კარგი, პოლიტიკურად კარგად მოიქცა მთავრობა.

განა ჩვენი მოუქნელობა, ეს ჩვენი განთქმული მოუქნელობა არ არის მიზეზი, რომ პოლიტიკას მოქმედების ასეთი შემოზღუდული არე მივაკუთვნეთ!

 პოლიტიკა პროფესია არ არის; პოლიტიკა გაგების ფორმაა, ნებისმიერი პრობლემის დასმა და გადაჭრაა, პოლიტიკა ნებისმიერი საზოგადოებრივი პრობლემის გარსია. პოლიტიკა ეკონომიკური, პოლიტიკა რელიგიური, პოლიტიკა სანიტარულ-ჰიგიენური, პოლიტიკა კულტურული - ყველა ეს საკითხი, რაც კი კაცობრიობის წინაშე დგას დემოკრატიის პერიოდში.


იმის მტკიცებაც შეიძლება, რომ ყველაფერი ის, რაც კი ათენისა და მთელი საბერძნეთის სამარადისო დიდებად იქცა, პოლიტიკა იყო; პლატონის ფილოსოფია, პინდარეს ლირიკა, ესქილეს ტრაგედიები, თუკიდიდეს ისტორიული თხზულებები, რომ არაფერი არ ვთქვათ დამოსთენის მჭევრმეტყველებაზე. დიახ. ყველაფერი ეს პოლიტიკა იყო. ბერძნული დემოკრატიები უწინარეს ყოვლისა და ყველაზე მეტად პოლიტიკური სკოლები იყო. ისევე როგორც იტალიური რესპუბლიკები.

 სადაც ხალხი პოლიტიკისადმი ინტერესს ჰკარგავს, იქ უთუოდ დაცემის გზას დაადგება მეცნიერებაც, ხელოვნებაც და ხელოსნობაც კი.


რასაკვირველია, არც უნდა ვიფიქროთ, რომ პოლიტიკა შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ პოლიტიკურ გამოცოცხლებაში, მეცნიერული დოქტრინის წარმოშობის გარეშე. თვით პოლიტიკური გამოცოცხლება წარმოშობს დოქტრინას, ბოლოს და ბოლოს.

 მართლაც ძლიერი პოლიტიკური ციებ-ცხელების დროს ისე ჩანს ხოლმე, თითქოს ხელოვნება, მეცნიერება, კულტურა, ყველაფერი ჩრდილში მოექცევა ანდა განვითარებას შეანელებს. თითქოს გახურებულ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაფლული სულები კარგავენ ყოველგვარ ინტერესს ცხოვრებისა და კულტურის სხვა პრობლემებისადმი, მაგრამ ეს პრობლემები ღვივდება პოლიტიკური გამოცოცხლების პროცესში და სწორედ შემდეგშიც კი.


მე არ მომბეზრდება იმის გამეორება, - რადგან თუ რაიმეს ვცოდავ, იმაში ვცოდავ, რომ მეტისმეტად აბეზარი გახლავართ და ეს ყველას კარგად მოეხსენება, - რომ პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თვალთახედვით წერტილია, როცა გინდათ რაიმე პრობლემას პირისპირ სახეში შეხედოთ.

მეორეს მხრით, ცხადია, რომ შეიძლება დაინტერესდე და აქტიურადაც ჩაება პოლიტიკაში და ამავე დროს შენი ქვეყნის არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდე, მე, მაგალითად, თუ ვინმე ამ ადგილამდე მოვა და წამოიძახებს: „აი, ეგოისტი!“ - მე ვუპასუხებ, ჩემი თავი იმიტომ მომყავს მაგალითად, შორს წასვლა არა მჭირდება-მეთქი...

პირადად მე გავბედავ და ჩემს თავს იმ ესპანელების რიცხვს მივათვლი, ვინც ყველაზე მეტად იყო ჩაბმული პოლიტიკურ მოღვაწეობაში ჩვენთან, ჩვენს სამშობლოში, მაგრამ არც ერთ პარტიაში არ იყო გაერთიანებული. იმასაც ვითვალისწინებ, რომ ეს არ შეიძლება ყველა შემთხვევაში გამოდგეს მაგალითად, მაგრამ პირადად მე მოქმედების თავისუფლებას მაინც მაძლევს.

ანტისოციალური - ანდა ყოველ შემთხვევაში, არასოციალური - განწყობილებანი ამ ფრაზას რომ იშველიებენ: „მთავრობა მე არაფერს მარგებსო!“ აი, ამას კი ნამდვილად უნდა მოვუღოთ ბოლო.

 ყველა ქვეყნის მთავრობები ყველა მოქალაქეს, რომელთაც ისინი მართავენ, ბევრსაც აძლევენ და ბევრსაც ართმევენ - როგორც წესი, ართმევენ უფრო მეტს, ვიდრე აძლევენ. ხოლო იქ, სადაც მძაფრი პოლიტიკური ცხოვრება არ არის, კულტურაც ზედაპირული გახდება და თავის ფესვებსაც სწყდება. 

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი