აღდგომა საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ქრისტიანულ სამყაროში, უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით არდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, განახლებას. აღდგომა უმთავრესია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის და იგი გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას აღინიშნება, იუდეველთა პასექის დასრულების შემდეგ, კვირა დღეს (ეს დღე ყოველ წელს, ახალი სტილით, 4 აპრილიდან 8 მაისამდე შუალედში ხვდება). აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია ბზობა, დღე, როდესაც ქრისტე იერუსალიმში დიდებით შევიდა, ხალხი მას პალმის რტოებითა და „ოსანას“ შეძახილით ეგებებოდა. ამ დრესასწაულზე ყველა ოჯახს ტაძრიდან სახლში ბზის ტოტები მიაქვს, ნაკურთხი ბზა საქართველოში პალმის რტოების სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ბზობას მოჰყვება ვნების კვირა. ვნების კვირაში, წითელ პარასკევს ყველა ოჯახში კვერცხებს წითლად ღებავენ, რაც ქრისტეს ვნების სიმბოლოა. სააღდგომო კვერცხებს აღდგომის დღემდე არავინ მიირთმევს. აღდგომის წინა დღეებში აცხობენ ასევე სააღდგომო პასკას. ბოლო წლებში სააღდგომო ტრადიციის აუცილებელ ატრიბუტად იქცა მომცრო ჭურჭელში ჯეჯილის გაზრდა, რაც სიცოცხლესა და განახლებას უკავშირდება. საარდგომოდ გაზრდილ ჯეჯილს წითელ კვერცხებს შემოუწყობენ ხოლმე. აღდგომის დღესასწაულს მორწმუნეთა დიდი ნაწილი ეკლესიაში ხვდება და საზეიმო ლიტურგიას ესწრება, რომელიც დილამდე გრძელდება. აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრისას ადამიანები აღდგომას ულოცავენ ერთმანეთს, მისალმების ნაცვლად ამბობენ - „ქრისტე აღსდგა“! და პასუხობენ - „ჭეშმარიტად“! (ადრე ეს ტრადიცია აღდგომიდან 40 დღეს გრძელდებოდა). აღდგომას ყოველ ოჯახში იშლება საზეიმო სუფრა, რომელზეც აუცილებლად უნდა იყოს სააღდგომო წითელი კვერცხები და პასკა. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმის ტრადიცია, ყველა ცდილობს რაც შეიძლება რთულად დასამტვრევი კვერცხი შეარჩიოს, ვისი კვერცხიც დარტყმისას არ გატყდება მოწინააღმდეგის გატეხილი კვერცხიც მას ერგება. საქართველოში დამკვიდრებულია აღდგომის მომდევნო დღეს სასაფლაოზე გასვლის ტრადიცია. ადამიანები ახლობელთა საფლავებზე გადიან, მიაქვთ სააღდგომო კვერცხი, პასკა, მცირედი სასმელი და საკვები, მოიხსენიებენ მიცვალებულებს და სააღდგომო კვერცხებს საფლავზე ტოვებენ. აღდგომის მომდევნო კვირას კვირაცხოვლობა აღინიშნება.
საქართველოში ცნობილია ძველი სააღდგომო ტრადიციები, რომლებიც დღეს უკვე მივიწყებულია. ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა ჭონა, რომელიც თავისი ხასიათით საშობაო ალილოს მიაგავს. მეჭონეები სააღდგომო სიმღერით მიდიოდნენ სოფლის ყველა ოჯახში და დღესასწაულს ულოცავდნენ. ოჯახი მეჭონეებს კვერცხებით, ტკბილი კვერებით და ფულითაც ასაჩუქრებდნენ. დღის ბოლოს, შეგროვილი სანოვაგით სოფლის მთელი ახალგაზრდობა ერთად აღნიშნავდა აღდგომას. განსხვავებული ტრადიციები არსებობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ყაზბეგში, სოფელ სნოში დამკვიდრებული ძველი ტრადიციაც ძალიან ჰგავს ჭონას. აღდგომას ახალგაზრდა ვაჟების მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი, სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცის ხელმძღვანელობით სოფლის ყველა ეზოში შედიოდა აღდგომის მილოცვით. მოსულებს ოჯახის წევრები გამოეგებებოდნენ, დიასახლისს კი შესაწირი გამოჰქონდა. ეზოს შუაგულში მწკრივად აწყობდნენ საარდგომო კვერცხებს ოჯახის წევრთა სადღეგრძელოდ, თან ხმამაღლა ამბობდნენ, ვის სახელზე იდებოდა კვერცხი. მწკრივში დალაგებულ კვერცხს ახალგაზრდები ისრებს ესროდნენ, სანამ ყველა მათგანს არ მოხვდებოდა ისარი. ხშირად შესაწირში კვერცხთან ერთად მოხევეები სხვადასხვა საჭმელს და ფულსაც დებდნენ. დღის ბოლოს მოგროვილი შესაწირით საერთო ზეიმი იმართებოდა, ფული კი სოფლის სასარგებლო საქმეს ხმარდებოდა.
სამეგრელო
სამეგრელოში აღდგომა დღეს პურის კვერებს აცხობდნენ ყველითა და კვერცხით და განსაკუთრებული ქვევრის - ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. ოჯახის უფროსი, რომელიც დილიდან წყალსაც არ სვამდა, შუადღისას ხონჩაზე აწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო ქვევრის თავზე აწყობდა, შემდეგ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.
რაჭა
რაჭაში აღდგომა დილით პურის ფაფას აკეთებდნენ და ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახში მიდიოდა და აკურთხებდა. ვისაც ახალი გარდაცვლილი ჰყავდა ოჯახის წევრი, სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის ბარკალს, ლავაშს და სხვა სანოვაგეს ლანგარზე დააწყობდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას“ აღნიშნავდნენ, აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და დიდი ზეიმი იმართებოდა.
გურია
გურიაში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა. ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა შავი ღვინის, თაფლისა და ბროწეულის წვენის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ სიმხნევისთვის.
კახეთი
კახეთში სააღდგომოდ ბატკანს და ღორს კლავდნენ. ასევე აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და ხალხში არიგებდნენ. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და დღესასწაულს აღნიშნავდნენ.
სვანეთი
სვანეთში მოსახლეობა სოფლის მთავრ ეკლესიაში ესწრებოდა წირვას. სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და სრულდებოდა უფლიშით - კვირაცხოვლობის დღესასწაულით, რომელსაც სვანეთში დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0