გიორგი ლეონიძე - სოფლის შარაზე » www.idealuri.ge
ლიტერატურა და პოეზია

გიორგი ლეონიძე - სოფლის შარაზე

გააზიარეთ:

შუადღის სიცხე ანთია სოფელში. სიჩუმეს მხოლოდ ორღობეში ჭრიჭინობელას დამღლელი ჭრიჭინი არღვევს... გზას სძინავს...

ყოფილი სემინარიელი, ანარქისტი იორამ, სოფლის შარაზე მოაბოტებს.

იორამს ლურჯი სატინის ხალათი აცვია, აბრეშუმის ფუნჯაღვედით შემოჭერილი.

ზამთრობით პალტოს საყელო მუდამ აწეული, თავზე აუცილებლად შავი „შლაპა“.

ლაპარაკისას ქუდს იხდის და შავ ფაფარს უკან გადაიყრის.

ხშირად შევსწრებივარ:

მოპირდაპირე მხრიდან ზანტად მოაბიჯებს შუახნის მღვდელი ზირაქი, „სანთლიკუდა“ დიაკვანთან ერთად.

მღვდელი ცერად იყურება და სოფელში „ცეროს“ უძახიან ზედსახელად.

იორამი წინ გადაუდგება მღვდელს და თავისი ბოხი ხმით, ისე რომ ქვემოუბანში ესმით, დაიწყებს:

– აბა, მღვდელო, მითხარი, რამ შეჰქმნა ქვეყანა?

– ღმერთმა, უფალმა, – ფიცხად მიუგებს მღვდელი და განაგრძობს: – მაშ, ვინ შემოსა ცა ღრუბლით, ზღვა ვინ შემოადგინა მიწას, ქვეყნის სივრცე, სიღრმე ზღვისა მაშ ვინ გაზომა, თუ არა ღმერთმა?!

– კარგი და პატიოსანი! მაგრამ ესეც მიბრძანე, მღვდელო, ვინღა შექმნა ძონძი, ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ხომ შენმავე ღმერთმა, არა?

– ღმერთს სცოდავ, ჯოჯოხეთის ნახეთქო! გეყო ცეცხლთან თამაში, შე ხანძრის მთესველო! – აენთებოდა მღვდელი.

– ნახვამდის, მამაო, მალე შენი თმიანი თავი გილიოტინის ცულქვეშ მენახოს! – და ქუდის მოხდით, გესლიანი ღიმილით დაემშვიდობებოდა იორამი. შენაწყენებული მღვდელი ბოროტ სიტყვას დაადევნებდა:

– ღმერთმა შეგასწროს შენს აღთქმულ სამეფოს – რძითა და ერბოთი მჩქეფარეს!

ანარქისტი ქვემოდან შემოსძახებდა:

– ღმერთმა მალე შეგასწროს გილიოტინას! ფრთხილად იყავი! ხალხის გამარჯვება მზადდება, მეფეები საფლავში ეშვებიან!

– მთავრობისა მაინც გეშინოდეს, შე ანტიქრისტე, თუ სინდისისა არა! – მიჰყვირის მღვდელი.

– მზად ვარ, პირველმა მივიღო ბრძოლა კაცობრიობის თავისუფლებისათვის! კლდეზე გადავჩეხ თვითმპყრობელობას! – მიეწევა უკან დაბრუნებული ანარქისტი მღვდელს.

– რის იმედით, რის იმედით, იუდავ ისკარიოტელო?

– მძლავრ კაცს გული აწონილი აქვს, ბნელეთის ნალექო! რწმენით მთის დადნობა შემიძლიან! – და ისევ გამოსცილდება იორამი, ზევითკენ წამოვა.

– სულმოკლე მანიაკო! – შესძახებს მღვდელი მით უფრო თამამ სიტყვებს, რამდენადაც მანძილით შორდება ქვემოთ მიმავალი ანარქისტი.

ხშირად გზის ყურეში იორამი დაიჭერდა ბავშვებს და თავისი კარნახით ამეორებინებდა:

– „ძირს მეფე, ბატონი, მღვდელი, პოლიციელი!“

მღვდელს არ ესმოდა, მაგრამ ტანით გრძნობდა და გულში ბურდღუნებდა:

– მოიცა, შენც ნელი-ნელ შეგწოვს ტვინის გამლაყებელი სოფლის ცხოვრება, ცოტა დაიცა, ჯერ ახალი ხილი ხარ!

მომხვეჭი მღვდლის ხელში მუდამ დაჩაგრულმა დიაკვანმა, ახლა კი გულში იორამის მიერ მღვდლის დამცირებით დიდად ნასიამოვნებმა, მლიქვნელობით შეუკმია:

– ეჰ, მამაო, სადღა არის განკრძალვა ქვეყანაზე! რა უკადრისი სიტყვები გაკადრათ!

– მერე, რას შემეცილება? – ამბობს დიაკვანთან დარცხვენილი და ცეცხლმოკიდებული მღვდელი.

– რასა ბრძანებთ, – მლიქვნელის გემოთი იტკბარუნებს პირს დიაკვანი: – რასა ბრძანებთ, თქვენი სახელი ცამდის არი ამდინარი! ჯერ მე რა ვარ, რომ პირში გიჭვრეტთ და ის ურწმუნო რა ღირსია თქვენთან ტოლის დადებისა? – აღარ ათავებს გუნდრუკის კმევას კალთაჩახეული დიაკვანი.

– საშიში კაცია, დიაკვანო, ფარულად ყუმბარებს ამზადებს, ქვეყნის აფეთქებას აპირობს, ხომ იცი, ცოლ-შვილის პატრონი ვარ!

ანარქისტი მართლაც საშიში იყო...

მეტაც ფიცხი, ფეთიანი ხასიათისა.

სემინარიის რექტორისათვის სილა გაერტყა და მისთვის გამოაგდეს „მგლის ბილეთით“ მეხუთე კლასიდან.

– უჰ, თავისუფლების სურვილმა შემომიტია! – დაიძახებდა ზოგჯერ იორამი და თვალებს ააელვარებდა.

ერთხელ, მახსოვს აივანზე წიგნს ვკითხულობდი. გავარვარებული შუადღე იყო. ვხედავ, აივანზე ამოვარდა აგზნებული, თვალებგაფართოებული იორამი და შემომყვირა:

– კაცო, არ გესმის?

– რა?

– მიწის ქვეშიდან ხმა ისმის! აბა, ჩამოდი ყური დაადე მიწას! – და ძალით ჩამათრია კიბეზე.

– აბა, დაადე ყური როგორ გუგუნებს! ხომ იცი, რასაც ნიშნავს?

– რას?

– იმას, რომ მოდის... მოდის!

– ვინა, ვინ მოდის?

– მოდის გუგუნით, ჭექით, ძლიერებით მოდის რევოლუცია!

მე გაოგნებული შევყურებდი...

– განა არ გესმის? – გაცოფებული მღელვარება, დელგმა. ნიაღვრის როხი, ჰაერშიც თოფის წამლის სუნი ტრიალებს.

შუადღის სიცხე ანთია სოფელში და სიჩუმეს მხოლოდ ჭრიჭინობელას დამღლელი ჭრიჭინი არღვევს...

ბორგნეულ და მრისხანე ანარქისტს ყველა ერიდებოდა. მისი „ყუმბარებისა“ ეშინოდათ. ამბობდნენ, საბძელში ფარულად აკეთებსო და როცა მოინდომებს, მთელ სოფელს ააფეთქებსო! დედაკაცები ისე არ ჩაუვლიდნენ შარაზე მიმავალ ანარქისტს, რომ მალულად პირჯვარი არ გადაეწერათ:

– ღმერთო მაღალო, ღმერთო ძლიერო, შენ დაგვიფარე უბედურებისაგანაო!

მართლაც, საშიში და უცნაური იყო იორამი! მე მინახავს იორამი ადიდებულ იორთან მდგარი და სწორედ მაშინ შემიცვნია მისი აბორგებული და დაუდეგარი ბუნება!

მოდის, მოჰკივის ვეფხვის კრჩხიალით აღვარებული, გაზაფხულის პირზე განრისხებული, გაგიჟებული, ღვართქაფიანი იორი, თან მიათრევს ძირფესვიანად მოგლეჯილ ხეებს, ხერგებს, წისქვილის დოლაბებს, ორღობის ნამტვრევებს და მოლოკილ მიწას! მოჰყივის ველური ყივილით, განგაშით ჩაშავებული, შესაზარი!

იორამი კი ნაპირზე იდგა ივრის ცქერაში ჩამტკბარი. მთლად გალურსული. მის ნიაღვართან სულს მეტად ეთვისებოდა აღვართქაფებული იორი, არწივისა და მერნის ფრთებით რომ მოჰქროდა აბორგებული და ნაზავთარი.

იორში ჩამჩქეფარე გაცოფებული ხევები აძლიერებდნენ ზარსა და ზრიალს, მდინარეს ესართებიან, ქაფშეტყორცნით ეკვესებიან და აღელვებენ მკერდს უჩოჩქოლებენ...

როგორ უხაროდა იორამს ივრის ადიდება! ეს იყო მისი ნამდვილი სტიქიონი!

– ფრთა გაუშლია იორს, დახე, რა ლამაზია! როგორ აფეთებს თვალებს, როგორ იყრის ფაფარს! – და უხაროდა ივრის ღვარცოფი, მდინარის დაუტევრობა, მისი განიერი ფრთები. დელგმა და ზათქი!

მართალი გითხრათ, გავოცდი, როცა ივრის პირად მარტოდმარტო მდგარი იორამი დავინახე ადიდებულ მდინარესთან მოლაპარაკე.

– ეგრე, ეგრე, შეაზვინე ზვირთი! მძულს მდორე და გუბე! შეულეწე მტერს გული! ყბები ჩაუმტვრიე! გაწმინდე შმორი, გაასუფთავე ჰაერი! ვიშ, სიცოცხლის სუნი ტრიალებს!

– რა გენაღვლება, რომ წაიღო ჩვენი ბოსტნები, სიმინდები, ვენახები, სათიბები, ნერგი აღარ შეგვარჩინა და ვაზი! გაგვძარცვა, გაგვლოკა, გაგვატიალა! – შეცჩიოდა მეზობელი გლეხი აღტაცებულ იორამს.

იორამს კი თვალი ვერ მოეშორებინა აზვირთებული მდინარისათვის.

– ეგრე, ვეფხვო, ეგრე იბობოქრე, სიცოცხლე მაგრძნობინე! უჰ, შენი ჭირიმე!

ხოლო როცა იორი ჩამოიკლებდა, დაწყდებოდა, დაწკნდებოდა, დაპატარავდებოდა, პოეზიის მოძულე იორამი ასე ტკბილად პოეტურად მიუალერსებდა:

– კიდევ გამოდი ძოვნად, ირემო. კიდევ მიჩვენე ფრთები, ქოჩორა მტრედო!

იორამს ის აწუხებდა, რომ მრევლი არა ჰყავდა.

თუ სოფლის სახარაზოსა და დუქნის წინ დაიჭერდა სათავისოდ ორ-სამ კაცს, უფრო შიშით თუ ხათრით ყურისმგდებლებს, აგზნებით ჩაჰკირკიტებდა:

– ანარქიზმის მეტი არა გვიშველის რა! საერთმანეთო, სამთელქვეყნო, დიდი აზრი, დიდი ცეცხლი, უნდა გავაღვიოთ! კასპიის ზღვა შავ ზღვას ვჰკრათ: ძველი ქვეყანა უნდა ავაფეთქოთ დაუყოვნებლივ, რაღას ვუცდით!

შიშით ვერავინ უბედავდა შეკამათებას, რადგან ყველას სჯეროდა, რომ ანარქისტს ორივე ჯიბე „ბომბებით“ ჰქონდა გამოტენილი.

– გეყოფა, ძმობას, რა დროს აფეთქებაზეა ლაპარაკი, შე დალოცვილო! – შებედავდა ერთადერთი უფროსი ძმა ძუნძგლი, ხანში შესული, დამკრთალი, შესეტყვილი კაცი, დადუნებული ხელებით, თოვლივით გაწყალებული გუნებით.

ძმებს ხშირად ჰქონდათ შეხლა-შემოხლა და კამათი.

ორივენი უცოლშვილონი იყვნენ შეძლებული მამის დანატოვარ სამკვიდროზე.

იორამი სემინარიიდან დაითხოვეს, ძუნძგლიმ ოცდაათი წლის წინათ დაასრულა სემინარია და მას მერე სოფლიდან ფეხი არ მოუცვლია. ერთთავად წიგნებში იყო ჩაფლული, ანარქისტი კი ყუმბარებს ამზადებდა სამყაროს ასაფეთქებლად.

ყველაზე უმეტეს ძუნძგლის მყუდრო, უშფოთველი ძილი უყვარდა, თითქმის ქათმებთან ერთად იძინებდა, ქათქათა ლოგინი უყვარდა, ლოგინს გაასწორებდა, ჩაჰკუჭავდა საბნის ნაპირებს, ჩაიგებდა საბნის ყუას და სიტკბომიცემული, უკვე მწოლარე, ძმას ღიმილით გადმოსძახებდა:

– არ მიყვარს ხეტიალი და აჯანყება! ამას რა ჯობს, რა ტკბილია შენი სახლი – შენი საყუდარი! მივეყუდრები მოგონებებში და ვარ ჩემთვის, მზის მადლმა!

ერთხელ მეც ვკითხულობდი გერცენს, სპენსერს, კრაპოტკინს, მაგრამ... რა გამოვიდა? ეჰ, ესე ჯობია. ოცდახუთი წელიწადია, ამ ტახტზე ვწევარ, მე და ჩემმა ღმერთმა! ყველას თავისი ღმერთი გვყავს. მე ჩემი ღმერთი მწამს.

ახალგაზრდობაში მხოლოდ თავისუფლების ოცნებას ვსდევდი, ქარიშხალთან მინდოდა მეცხოვრა! ახლა... ღუღუნა ბუხარი! ცა გასკდა, დედამიწა ჩაინგრა, ბუხარი კი დარჩა, ბუხარი და ორი კაცი! მეტი არა, მესამე მყუდროებას დაგვირღვევს!

მართლაც, მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა მის სიმყუდროვეს. ბუხარი მტრედივით ღუღუნებდა, კედელზე გაკრულიყო ცეცხლის ნათელი აჩრდილები...

ძმა გამოსძახებდა მეორე ოთახიდან:

– სიწყნარე მხოლოდ იალბუზზეა! მერე, განა შენ არა ბრდღვინავდი წინათ, ფაფარაყრილი? შენ არ იყავი, გიტარაზე რომ დამღეროდი:

მოვკვდეთ ხალხის გულისთვისა,
ფურცელი ვართ მაღლის ხისა!

– რა ვუყოთ მერე, მე ახლა ჩამოცვენილი ფურცელი ვარ! ვინ დაემდურება დაცვენილ ფოთოლს, რატომ არ შრიალებ მთვარიან ღამეშიო! მე, ჩემო ძმაო, რაღა მესაქმება რევოლუციასთან? ნეტავი, შენც დროს არ ჰკარგავდე ტყუილად და მყუდროდ იცხოვრო! მშვიდობა და მყუდროება მიყვარს, ჩემს სახლში, ჩემს კერაზე; ჩემი ეზო და ნამყენი, ჩემი ქოცო! მიყვარს ბოსტნიდან რეჰანის სურნელს რომ შემომიქროლებს ნიავი, მიყვარს, როცა კოჭობში ჩუხჩუხებს წითელი ლობიო, ქინძითა და შინდის ჩურჩით შეზავებული. ზედ ცოტა ნივრის წნილიც... რა სჯობია?

რად მინდა ბრძოლა, ხმაური, განგაში, აურზაური, ყიჟინა, რბევა, კაცის სისხლი? ხომ სულ წყალს უნდა მისცეს კაცის შრომა, ოფლი და ამაგი? განა მიწისთვისაც ადვილია? მიწასაც უმძიმს...

– მაშ, ბრძოლა ხალხის თავისუფლებისათვის არაფერი ყოფილა? – რისხვეულად შეეტაკებოდა იორამი.

– დიახაც! მთა და ბარი არასოდეს გასწორდება!

იორამი ჩაიქნევდა ხელს.

– მაგრამ, კანტი, მილლი, სპენსერი, პლეხანოვი, კრაპოტკინი...

– თუ გინდა კიდევაც მიუმატე ისო ზირაქი, სოლომონის ეკლეზიასტე, მაინც ყოველივე „ამაოება-ამაოებათა“, ჩემო ძმაო.

იორამი კი ბობოქრობდა, მზად იყო თავი შეეკლა თავისი რწმენის გულისათვის! არც თავის უფროსსა და პატივცემულ ძმას ერიდებოდა. ძმობა და სახლიკაცობის სიყვარული ითრგუნებოდა.

ძმას ტკბილად, ნეტარყუჩობით მიეძინებოდა. ძილში ცხვებოდა... ცა ქათქათებდა, იასამნის ბუჩქი მთვრალ სურნელებას გამოსცემდა... იორამი კი მარტოდმარტო აივანზე ბოლთასა სცემდა. ირგვლივ მდორე ცხოვრება იშმუშნებოდა...

გულჩათხრობილ იორამს ჩუმი და ნაზი სიყვარულით შეჰყვარებოდა მამასახლისის ქალი, ძუძუმკერდა მერცია.

მერცია ლაღი, ხორციელი, საღერღელაშლილი ქალი იყო, კალმახივით დახტოდა, უყვარდა სიმღერა, ჩალეკურება.

იორამი უმნინდესი სინაზით და „აღსურვებით“ ეტრფოდა.

„ვნებათა ქვემდებარე კაცი – ვერ განმხედველი გონებისაო“ – ძველი ნათქვამია!

მახსოვს, მკათათვე მთვარიან ღამეს, ჩვენი სოფლის ახალგაზრდობას ორღობეში წინ მიგვიძღოდა იორამი და გვამღერებდა:

„აღსდეგ, მშიერო მუშათა კლასო!“

კალოებზე იღვიძებდნენ მთელი დღის ნამაშვრალები, ძილგატეხილები, მაინც სიამოვნებით ყურს უგდებდნენ ჩვენს სიმღერას.

ახლა მოვაყოლებდით „თამარის დროშა გაშალეს!“ ეს სიმღერა იორამისაგან აკრძალული გვქონდა, მეფეზე არ შეიძლებაო! მაგრამ ჩვენს რიგებში ჩამდგარი მერცია რომ ხმას დააწკრიალებდა, იორამი სულ იბნეოდა, ლამის თავის „ყუმბარები“ გასცვივნოდა ჯიბეებიდან.

იორამის ერთადერთი თავშესაფარი გარსიას სახარაზო იყო, მისი ერთგული დასამხრისი. სახარაზო – იორამის კლუბი იყო, მისი ფორუმი. აქ ქადაგებდა, აქ მძვინვარებდა. თბილისის გაფიცვებში გემოაღებული გარსია, იორამის ერთადერთი და უკანასკნელი მოწაფე, აღტაცებით უსმენდა მასწავლებელს.

გარსიას ცალი ფეხი იაპონიის ომში დაეკარგა. მერე ხარაზობა შეესწავლა, ადელხანოვთან ემუშავნა თბილისში; იქ 1905 წლის გაფიცვებისათვის გაეციმბირებინათ და ციმბირიდან გამოქცეულს ჩვენი სოფლისათვის შეეფარებინა თავი.

პირბადრი კაცი იყო გარსია, ზრდილი. სოფელში უქებდნენ უანგარობასა და სიმართლეს. ხუმრობა უყვარდა. შეკითხვაზე, როდის იქნება მზად ჩემი ფეხსაცმელიოლ მიუგებდა:

– გოჭის ხუთშაბათსაო!

სწორედ გარსიას სახარაზოში ვუკითხავდი ხოლმე გლეხებს ჩემს ბალღობაში ილიას, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგისა და ეგნატე ნინოშვილის ნაწერებს.

– აი, გასძეხ კარგი მზითა! – მეტყოდნენ ხოლმე წაკითხვისას ისეთი მადლიერებით, თითქოს თავად დამეწეროს ეს წიგნები!

მაგრამ, ერთხელ, „ელგუჯას“ კითხვა რომ ჩავათავე, მოწონებით სიჩუმის შემდეგ, გარსიამ თავი მაღლა აიღო, აექთ-იქით მიიხედ-მოიხედა, აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა, მერე თითბრის ყვითელი მუშტა საძირე ტყავს დაჰკრა და მითხრა:

– ვის ათბობს მზე და მთვარე, რატომ იმაზე არ გვეტყვი! აბა, თუ ბიჭი ხარ, „გილიოტინას“ წიგნი წაგვიკითხეო!

მე განვცვიფრდი. თუმცა სიტყვა „გილიოტინა“ გაგებული მქონდა! სწორედ იმ ხანებში წავიკითხე ფელიქს გროს „მარსელელნი“, მოთხრობა საფრანგეთის რევოლუციის დროიდან, მაგრამ, მაინც ვერ მივხვდი, რომელი იყო „გილიოტინას“ წიგნი...

ამის შემდეგ „მარსელელებთან“ ერთად, ზოგი რამ სხვაც საფრანგეთის რევოლუციიდან წავუკითხე და აღფრთოვანებული გარსია მოწონებით იმეორებდა რევოლუციის დროინდელ ზოგ გამონათქვამს:

– როცა მეფე ცოცხლობს, ჩვენ ვიხრჩვებით!

– თავისუფლების ხე ტირანის სისხლით ირწყვება, სხვაგვარ ვერ გაიდგამს ფესვებს, ვერც აყვავდება!

გაუგონარი სიძულვილით სძულდა გარსია ხარაზს ნიკოლოზ მეორე, ერთი პატარა ლაქუცა ძაღლი ჰყავდა, „ნიკალაის“ ეძახდა.

მერცია გათხოვდა ჩაფარზე...

იორამი გამწარდა, მთლად მოდუნდა. ღონე და მოთმენა გამოელია.

ქვეყანა მისთვის ჯოჯოხეთად იქცა.

„ფათერაკი ვანუა“ ახლა ორგვარად ზვერავდა იორამს, – როგორც „ბუნტისთავს“ და როგორც მეტოქეს.

მთლად გულაცრუებული შეიქმნა იორამი ცხოვრებაზე. წინათ გაზეთებით მაინც ერთობოდა სოფელში, ახლა ისიც აკვეთა.

მახსოვს, ერთხელ, გაზეთი გვერდზე გადასდო, გადაისროლა, როცა შიგ ერთი ჩვენი გამოჩენილი პოეტის ლექსს შეჰკრა თვალი:

– აპოლონის ლილიპუტები! ვის რათ უნდა მათი ფეხმოკლე აზრები?

– აბა, ნახე, – სიმწრით შემომჩივლა, – რა სიტყვა აქვს, რა ენათქმა, რა აზრი, აზრი კი არა – ლაფიანი წუნწლებია.

დაითავისეს ნიცშე, შოპენჰაუერი და თვალდაფქულ მკითხველს სჯერა ყოველივე!

ან რა ქვეყანა ვართ? – სამგლეთი, ფილისტერების ქვეყანა, მშიერმუცელა! ოხ, აქ ყოფნა აღარ შემიძლიან!

...შემოდგომის წვიმა სცრის ერთფეროვანი დაჟინებით... აივანზე ზინტლიანი ძაღლის წუნწლები. ერთ ნაბიჯზედაც არაფერი ჩანს, ყველაფერი დაფარა შემოდგომის ბურუსმა! დედამიწაში ჩამჯდარი მიწურები... ღარიბული ოთახი, ჭუჭყიანი, ჩამოღვარცლული კედლები. უბადრუკი, უნიჭო სინამდვილე. წინ – არაფრის სიხარული, არავითარი სიახლის მოლოდინი... ირგვლივ – გუბე და მდორე ცხოვრება, ჩამპალი ჭაობი, დაგუბებული ჰაერი! რა გააღვიძებს, თუ არა ყუმბარა, ამ უჩქეფო-უხალისო, უსიცოცხლო ყოფას?

წვიმა კი სცრის... სცრის... და სცრის...

იორამი მზად არი გარეთ გავარდეს და თმაში ხელებშეტაცებულმა იყვიროს:

– მიშველეთ, მიშველეთ!

მოთმენაგამოლეული, ქანცგაწყვეტილი ჩაქანდება თავქვე, ქვემო ვენახებში, დაერევა ვაზებს შლეგივით! ამტვრევს, ლეწავს ჭიგოებს! თითქოს ვიღაცას ებუღრავება! თვითონაც არ იცის, რას სჩადის, გულს კი იოხებს!

გარშემომდგარი ნისლი კი, შემოდგომის ზლაზნია ნისლი, გველეშაპივით მიიპარება ვენახში. მცირე ხნის შემდეგ აღარც იორამი ჩანს და აღარც ვენახი! ყოველივე ნაცარა ნისლითაა გარმოხვეული!

და... აქეთ! – იორამი, იქით – ნისლივით უმოძრაო და უქმი ცხოვრება! არც ერთი თანამგრძნობელი! ერთადერთი ღვიძლი ძმა, ისიც მისი აზრების მოწინააღმდეგე!

განა ყუმბარა ცოტა არ არის ასეთი დაგუბებული ცხოვრებისათვის?

– ო, რა საზიზღარია სიღარიბე... ჭაობი... მიბრეცილი ქოხები... მობრეცილი ტვინი... რამ გააჩინა ასეთი ცხოვრება? ვინ გამოიგონა? – კითხულობდა გულისწყრომით იორამი და პასუხი არსაიდან იყო.

...აღარც მიწის გუგუნი ისმოდა...

იორიც ძალზე ჩამოკლებულიყო.

რა ექნა?

ხანდახან მოხდებოდა, რომ ანარქისტი და მღდველი ასეთ ჟინჟღლიან ამინდში გუნების ჟინჟლიანობისა გამო მცირე ხნით „დაზავდებოდნენ“, მაშინ მიჰყვებოდნენ „ერთმანეთში სმას“. „დილის არყით“ დაიწყებდნენ. სვამდნენ მონდომებით და წადილით.

„ყუმბარის“ შიშით ჯერ მღვდელი უთმენდა, მაგრამ არყის მეოთხე ჭიქის შემდეგ გამხნევებული შეკამათებას შეუბედავდა.

მოთმინებიდან გამოსული იორამი ჯერ თვალებს შეუბრიალებდა, მაგრამ გაითვალისწინებდა რა მღვდელთან ბრძოლის უნაყოფობას და უმიზნობას, უღონოდ მიესვენებოდა დუქნის შელაქავებულ კედელს, მზად იყო თმაში ხელი ეტაცნა და ეყვირა:

– მიშველეთ!

– მიშველეთ!

გარეთ ისევ ჟინჟლავდა, ჟინჟლავდა, უიმედოდ, გულისგამაწვრილებლად, გასაწყალებლად, – ლამის წვიმასა და ღრუბელს ქვეყანა გადაებნელებინა...

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • MESH – ჰიპჰოპ არტისტი და გამოგონილი პერსონაჟია @Caveaplus -ის ქართული სერიალიდან “უხილავი თამაში”. რეალობაში MESH-ი გივიკო ბარათაშვილის ალტერ ეგოდ მოგვევლინა. პირველი ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • Man Behind IPL Logo? #IPL #Logo #ABDeVilliers #MSDhoni #Cricket #Shorts The post Man Behind IPL Logo? appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი