ჯონ აპდაიკი - სიცოცხლე გრძელდება » www.idealuri.ge
ცნობილი ადამიანები

ჯონ აპდაიკი - სიცოცხლე გრძელდება

გააზიარეთ:

 

დიადი და შემზარავი სანახაობის უეცარი ხილვისას, ჩვეულებრივ, ვცდილობთ ხოლმე, არ დავიყვანოთ ის საკუთარ უმნიშვნელო მასშტაბებამდე. ბრუკლინში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მისულმა, მეათე სართულის გადასახედიდან დავინახე, როგორ ჩამოინგრა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები და ამ სანახაობის მოჩვენებითი მინიატურულობის შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ტელეკადრებს ვუყურებდი. 

საბიბლიოთეკო ოთახიდან ოთხი წლის გოგონამ და მისმა ძიძამ დაგვიძახეს და ფანჯრიდან გვაჩვენეს ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავიდან ამოსული კვამლი.


თავდაპირველად კი არ შეგვეშინდა, არამედ, უბრალოდ, დავინტერესდით. უღრუბლო ცაზე კვამლი ზემოთ მიიკლაკნებოდა, ხოლო შენობის გოფრირებულ ფასადზე უცნაური, მელნისფერი ჩქერები ჩამოედინებოდა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი მკრთალად მოჩანდა ქვედა მანჰეტენის ფონზე, რომლის ოცდაათიან წლებში აშენებულ ცათამბჯენებში შერწყმული იყო პოსტმოდერნის წინამორბედი პერიოდისთვის დამახასიათებელი თვალისმომჭრელი სიდიადე და არქიტექტურული სამშვენისების ზომიერება. როდესაც მეორე ცათამბჯენსაც ცეცხლი მოედო, თვალებს არ დავუჯერეთ. რა თქმა უნდა, ტექნოკრატიას, რომლის სიმბოლოებსაც ეს ცათამბჯენები წარმოადგენდნენ, უნდა ეპოვა საშუალებები ცეცხლის ჩასაქრობად და ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.

სწორედ მაშინ, როდესაც ცოლთან ერთად ბრუკლინის შენობის სახურავიდან მანჰეტენს ვაკვირდებოდი, სამხრეთით განლაგებული ცათამბჯენი უეცრად მთლიანად ჩამოინგრა. ის ლიფტივით, ვერტიკალურად ჩამოიქცა, ზრიალითა და გუგუნით. მივხვდით, რომ შევესწარით ათასობით ადამიანის სიკვდილს და ერთმანეთს ჩავეკარით, თითქოს ჩვენც იგივე ბედი გველოდა. ისტ-რივერის გასწვრივ აღმართულ კრიალა შენობათა შორის ცარიელი სივრცე გაჩნდა. ქარს ოკეანისკენ მიჰქონდა მოყვითალო კვამლი, ლურჯ ცაზე კი არც ერთი რეაქტიული თვითმფრინავის ნაკვალევი არ შეიმჩნეოდა. ქვედა მანჰეტენი მტვერმა დაფარა. მეორე ცათამბჯენის ჩამონგრევა ტელევიზიით ვნახეთ და არაერთხელ ვიხილეთ, როგორ ირყეოდა და ძირს ეცემოდა აფეთქებული შენობა, კოშმარული ბალეტის მსგავსად.

კოშმარი დამთავრდა. დაღუპულნი ნანგრევებქვეშ დარჩნენ. უკანასკნელ სატელეფონო შეტყობინებებში სიმშვიდე და სიყვარული გამოსჭვიოდა (ბევრი მათგანი განმეორებით მოვისმინეთ). თვითმფრინავის ხმაური შიშს გვგვრის - იმ ფანატიკოსთა თანამოაზრეებმა, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს იმქვეყნიური სასუფევლის მოსაპოვებლად, შეიძლება, კვლავ ცოდვა დაატრიალონ. ჩვენ კი უნდა აღვასრულოთ ამქვეყნიური ვალდებულებები: აღვადგინოთ შენობები, დავმარხოთ მიცვალებულები და მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ერთი სიტყვით, სიცოცხლე გრძელდება.

შეილახა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ანუ ჩვენი სიამაყის ერთ-ერთი საგანი. განა შეგვიძლია, გულწრფელად ვამტკიცოთ, რომ ვერც ერთი მომავალი კამიკაძე ვერ შეძლებს ფლორიდის საფრენოსნო სკოლაში ჩაწერას? ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პირის ფლორიდელი მეზობელი იხსენებს: "მან თქვა, რომ ესაა ძალზე დაუცველი ქვეყანა, და რომ შეუძლია, წავიდეს ყველგან - ხელს ვერავინ შეუშლის". ამ პირის უცნაურ აღიარებაში, შესაძლოა, იგრძნობა თხოვნა მის ქმედებათა შეჩერების შესახებ. უცნაურია აგრეთვე ცაში გამეფებული სიჩუმე, მაგრამ ამერიკის ცა კვლავ უნდა დასერონ თვითმფრინავებმა. რისკი თავისუფლების საფასურია და ახლა, შუადღისას, როდესაც ბრუკლინში დავდივარ, როდესაც ჰაერში ფერფლი დაფრინავს, ხოლო მონტეგიუ-სტრიტის ქუჩის კაფეებში ადამიანები ჩვეულებისამებრ საუზმობენ, ვფიქრობ, რომ მართლაც ღირს ბრძოლა თავისუფლებისათვის. აქ, ადამიანებს შორის, მისი ღირებულება ძალზე მძაფრად შეიგრძნობა.

მეორე დილას დავბრუნდი იმ სახლში, საიდანაც ცათამბჯენის ჩამონგრევა ვიხილე. დილის მზის სხივები ირეკლებოდა შენობათა ფასადებზე. რამდენიმე გემი დინჯად მიცურავდა მდინარეზე, ნანგრევებს ჯერ კიდევ კვამლი ასდიოდა, მაგრამ ნიუ-იორკი დიდებულად გამოიყურებოდა.

2001 წელი, სექტემბერი

ახალი ამბები

  • XML error: at line 0
  • The post უხილავი თამაში: სერია 3 appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • “Pijos fuera”. Con este mensaje Arran cuelga un vídeo en redes donde muestra como vandaliza la segunda residencia del exfutbolista Gerard Piqué. La Cerdeña sufre también problemas con la ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი