რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ყოველ ძეგლს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ და შევეცადოთ, შევუნახოთ ისინი მომავალ თაობებს? მოდით, უფრო დაწვრილებით გავეცნოთ რა არის რესტავრაცია და როგორ მუშაობენ ამ პროფესიის მქონე ადამიანები – რესტავრატორები.
რაც უფრო ძველია ძეგლი, მით მეტია მისი დაზიანების ალბათობა. თქვენც ყოფილხართ ალბათ ისეთ ეკლესიებში, სადაც ულმობელ დროს არაფერი დაუზოგავს. მიწისძვრებს კედლები დაუხეთქავს და გუმბათი ჩამოუქცევია, ქარსად და წვიმას კედლებიდან საღებავი ჩამოურეცხავს, ხანძარსა და საუკუნეების განმავლობაში დანთებულ სანთლებს გაუჭვარტლავს და გაუშავებია ფრესკები. კიდევ უფრო დასანანია, როდესაც ჩვენამდე ავად თუ კარგად მოღწეულ ძეგლებს დღეს მათ დასათვალიერებლად მოსული ადამიანები აზიანებენ, უდიერად ეპყრობიან, თავიანთ სახელებს აწერენ საუკუნეების წინანდელ კედლებს.
რესტავრაცია/კონსერვაცია მეცნიერების დარგი
რესტავრაცია ლათინური სიტყვაა და აღდგენას ნიშნავს. დღეს უფრო ხშირად იყენებენ ტერმინს კონსერვაცია, რაც არსებულის, თუნდაც დაზიანებულის, შენარჩუნებას ნიშნავს. რესტავრატორები – კულტურის ძეგლთა (არქიტექტურის, მხატვრობის, ქანდაკების, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების) დაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები, აქტიურად, ამ ძეგლების “მკურნალები” არიან. შესაბამისად, ისინი უამრავ სამეცნიერო მეთოდს იყენებენ ძეგლების მკვლევისას, ამიტომაც რესტავრაციას დღეს მეცნიერების დარგად მიიჩნევენ. რესტავრატორის პროფესია მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნას ერთი შეხედვით ერთმანეთისგან დაშორებულ სფეროებში: ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და, რასაკვირველია, ხელოვნების დარგებსა და ხელოვნების ისტორიაში.
საერთაშორისო საზოგადოებამ დროთა განმავლობაში ამ სფეროში მრავალი საერთაშორისო დოკუმენტი (ვენეციის ქარტია, ეთიკის კოდექსი და სხვ.) შეიმუშავა, რომლებშიც ამ დარგის ძირითადი პრინციპებია ჩამოყალიბებული.
რა უჭირს ძეგლებს
ვიდრე რესტავრატორები კედლის მხატვრობის რესტავრაციას შეუდგებოდნენ, ისინი ყოველმხრივ სწალობენ მას, აგროვებენ ისტორიულ, დოკუმენტურ მასალას, იღებენ ფოტოებს, აკეთებენ სქემებსა და ნახაზებს, სწავლობენ საღებავების შემადგენლობას და ა. შ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გაირკვეს დაზიანების მიზეზები, რაც ძირითადად ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზების ჩატარების შედეგად დგინდება. ერთი სიტყვით, რესტავრატორები “დიაგნოზს უსვამენ” ძეგლებს.
როგორ მუშაობენ რესტავრატორები
მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობისას რესტავრატორები მრავალ ხერხსა და მეთოდს იყენებენ იმის მიხედვით თუ რა ტიპის დაზიანება აღინიშნება.
უმეტეს შემთხვევაში ისინი საუკუნეების განმავლობაში მტვრითა და ჭვარტლით დაფარული ფრესკების ზედაპირს წმენდენ. ყოველ კონკრეტულ შემთქვევაში ატარებენ ანალიზებს და მხოლოდ ამის შემდეგ არჩევენ თუ რომელი მასალით გაწმინდონ მოხატულობა. ეს მეტად ფაქიზი სამუშაოა, გაწმენდის შემდეგ საღებავები უფრო ხასხასა და ელვარე ჩანს.
თქვენ ალბათ შეგიმჩნებიათ მხატვრობის დაზიანებული ადგილები – გამოფუყული, გამობერილი “უბეები”. თუ ასეთი ადგილები არ გამაგრდა, მხატვრობა შეიძლება ჩამოცვივდეს. ასეთ შემთხვევაში რესტავრატორებს დგუშით საგანგებო ხსნარი შეჰყავთ და ბათქაშს კედელზე ხელახლა ამაგრებენ.
ფრესკის ახალი სიცოცხლე
ხშირად ისეც ხდება, რომ თავად კედელი, რომელსაც მხატვრობა ამკობს ისეა დაზიანებული, რომ მას ჩამონგრევის საშიშროება ემუქრება. ასეთ შემთხვევაში ფრესკას მთლიანად ხსნიან კედლიდან და ახალ საფუძველზე გადააქვთ. მოხსნილი ფრესკები ადგილს მუზეუმებში იმკვიდრებენ და ახლ სიცოცხლეს იწყებენ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნაბახტევის ამგვარად მოხსნილი XV საუკუნის მოხატულობის ცალკეული სცენები.
როგორ გავუფრთხილდეთ ძეგლებს
მიტოვებულ ეკლესიაში მისული ადამიანი ანთებულ სანთელს მოხატულ კედელზე როდესაც ამაგრებს, მან, ალბათ, არ იცის, რომ ამით მხატვრობას აზიანებს. ჩვენ უკვე გავიცნობიეროთ რომ ისტორიული ძეგლები განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს; როგორი კეთილი განზრახვაც უნდა გვამოძრავებდეს, თვითნებურად არ უნდა შევეხოთ მათ: არ გავწმინდოთ გაჭვარტლული მხატვრობა, არ შევეცადოთ მის გამაგრებას, ან არ ვცადოთ დაკარგული ნაწილის აღდგენა – მოხატვა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საკუთარი სახელის ეკლესიის კედლებზე მიწერაზე.
თუ თქვენ რომელიმე დაზიანებულ ძეგლზე გული შეგტკივათ, აღწერეთ რა სახის დაზიანებებია მასზე, გადაიღეთ ფოტოები და შეეცადეთ ხმა მიაწვდინოთ ამ საქმის სპეციალისტებს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0