ადამიანები ხშირად ალოგიკურები, უგუნურები და ეგოისტები არიან. მიუხედავად ამისა, მიუტევეთ მათ.
თუკი კეთილი იქნებით, ადამიანები დაგადანაშაულებენ ეგოისტური, ქვენა მოტივების ქონაში. მიუხედავად ამისა, იყავით კეთილი.
თუკი წარმატებული იქნებით, მუხთალი მეგობრები და ნამდვილი მტრები გამოგიჩნდებიან. მიუხედავად ამისა, იყავით წარმატებული.
იმას რასაც წლები ქმნიდით, შესაძლოა, ერთ ღამეში დაანგრიონ სხვებმა. მიუხედავათ ამისა, შექმენით.
თუკი მოიპოვეთ სიმშვიდესა და ბედნიერებას, ბევრს შეშურდება. მიუხედავად ამისა, იყავით ბედნიერი.
თქვენი გაკეთებული კეთილი საქმეები, ხვალ შესაძლოა, ყველას დაავიწყდეს. მიუხედავად ამისა, აკეთეთ კეთილი საქმეები.
ყველაფერი რომ გასცეთ, რის გაცემაც შეგიძლიათ, ის არასოდეს იქნება საკმარისი. მიუხედავად ამისა, გაეცით ყველაფერი, რის გაცემაც შეგიძლიათ.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი თქვენსა და ღმერთს შორის ხდება და რეალურად არც არასდროს ხდებოდა თქვენსა და მათ შორის.
ეს სიტყვები, რომლებიც უამრავი ადამიანის გულს შეეხო და ბევრი მათგანისთვის ცხოვრების კრედოდ იქცა, დედა ტერეზას შემოქმედებად მიიჩნევა, რადგან კალკუტის ბავშვთა სახლში გადიდებული და ჩარჩოში ჩასმული კედელზე ჰქონდა ჩამოკიდებული. 1997 წელს, როცა მის დაკრძალვაზე შეერთებული შტატებიდან ჩასული 15 კაციანი საპრეზიდენტო დელეგაცია თავშესაფარსაც ეწვია, ერთ-ერთმა დამ მათ ეს წარწერები აჩვენა. მცნებები იმდენად ახლოს იყო კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მონაზონისა და მისიონერის ამქვეყნიურ მოღვაწეობასთან, ავტომატურად მასვე მიეწერა, თუმცა რეალურად დოქტორ კენტ ემ კეითს ეკუთვნის, რომელიც უამრავი წიგნის, სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი გახლავთ. კენტმა ეს სიტყვები 1968 წელს 19 წლის ასაკში სტუდენტური ბუკლეტისთვის დაწერა, როცა ჯერ კიდევ ჰარვარდის სოფომორი გახლდათ.
მწერალი თავის წიგნში ,,პიროვნების მნიშვნელობის პოვნა შეშლილ სამყაროში“ წერს: ,,ამის შესახებ 1997 წლის სექტემბერში კლუბურ შეხვედრაზე გავიგე. ჩვენ ყოველ შეხვედრას ლოცვით ვიწყებთ. ერთ-ერთმა წევრმა გადაწყვიტა გარდაცვლილი დედა ტერეზას მოსაგონრად მისივე ლექსი წაეკითხა, რომელსაც ,,მიუხედავად ყველაფრისა“ ერქვა. მე თავი დავხარე და საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად მოვემზადე, თუმცა როცა მან კითხვა დაიწყო სახტად დავრჩი. ეს იყო 8 მცნება ჩემი დაწერილი პარადოქსული 10 მცნებიდან.
კითხვაზე, სად იპოვა ლექსი, მიპასუხა, რომ დედა ტერეზას შესახებ გამოცემულ წიგნში, რომლის სახელწოდებაც არ ახსოვდა, ამიტომ ბიბლიოთეკაში წავედი და დავიწყე მისი ცხოვრების შესახებ წიგნების ძებნა. ბევრი ძებნის შემდეგ ერთ-ერთი წიგნის ბოლო გვერდზე აღმოვაჩინე. ჩემი პარადოქსული 10 მცნება ლექსად გადაეკეთებინათ. ავტორი მითითებული არ გახლდათ. გვერდის ბოლოში წარწერა ამბობდა: ,,შიშუ ბავანის კედლიდან, კალკუტის ბავშვთა სახლი“.
დედა ტერეზამ ჩემი ნაწერი იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ ბავშვთა სახლის კედელზე ჩამოკიდა. ამან შოკში ჩამაგდო. მინდოდა მეცინა, მეტირა, მეყვირა… შოკში ჩამაგდო, რადგან უდიდეს პატივს ვცემდი მას და რადგან ბავშვთა სახლები ჩემთვის უცხო არ იყო. ასე იყო, თუ ისე თავად ფაქტმა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ამიტომ გადავწყვიტე, 30 წლის შემდეგ პარადოქსული მცნებები ხელახლა დამეწერა“.
გთავაზობთ პარადოქსული მცნებების ორიგინალ ვერსიას:
- ადამიანები, ალოგიკურები, უგუნურები და ეგოისტები არიან. მიუხედავად ამისა, გიყვარდეთ ისინი.
- თუკი სიკეთეს სჩადით, ადამიანები ყოველთვის დაინახავენ თქვენი ქმედებების მიღმა ეგოისტურ მოტივებსა და ქვენა გრძნობებს. მიუხედავად ამისა, აკეთეთ სიკეთე.
- თუკი წარმატებული იქნებით, ყალბ მეგობრებსა და ჭეშმარიტ მტრებს შეიძენთ. მუხედავად ამისა, მიაღწიეთ წარმატებას.
- თქვენ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ხვალ დაავიწყდებათ. მიუხედავად ამისა, აკეთეთ კეთილი საქმეები.
- პატიოსნება და გულწრფელობა ადვილად მოწყვლადს გაგხდით. მიუხედავად ამისა, იყავით პატიოსანი და გულწრფელი.
- დიადი ადამიანები დიადი იდეებით შეიძლება დაემხონ პატარა ადამიანების პატარა გონებით. მიუხედავად ამისა, იფიქრეთ დიადზე.
- ადამიანები კეთილგანწყობილნი არიან გაჭირვებულების მიმართ, მაგრამ მხარს უჭერენ წარმატებულებს. მიუხედავად ამისა, იბრძოლეთ რამდენიმე გაჭირვებულისთვის.
- რასაც თქვენ წლები აშენებდით. ერთ დღეში შეიძლება დაინგრეს, მიუხედავად ამისა, აშენეთ.
- ადამიანებს მართლა სჭირდებათ დახმარება, მაგრამ აუცილებლად დაგესხმიან თავს, თუ დაეხმარებით. მიუხედავად ამისა, დაეხმარეთ მათ.
- მიეცით სამყაროს ყველაფერი, რის მიცემაც შეგიძლიათ და აუცილებლად ჩაგცემენ ზურგში ლახვარს. მიუხედავად ამისა, მიეცით სამყაროს ყველაფერი, რის მიცემაც შეგიძლიათ.
,,ჭეშმარიტების ციტირებას იქედან ვახდენ, სადაც ვპოულობ ხოლმე“, – წერდა რიჩარდ ბახი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ამბობს რაღაც მნიშვნელოვანს, მთავარია, რას ამბობს.
ისეთივე ძვირფასი რჩება ეს სიტყვები ჩემთვის, როგორიც დღემდე იყო. მიუხედავად ამისა, ის ერთმა სოფომორმა დაწერა და არა დედა ტერეზამ
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0