ნაწყვეტი რიჩარდ ბახის წიგნიდან – ,,ილუზიები, ანუ მესია, რომელსაც მესიობა არ სურდა”
იმ დღეს ჰამონდში ჩავფრინდით, ვისკონსინის შტატში, ორშაბათის მგზავრები გავასეირნეთ და ქალაქში შევიარეთ, რომ გვესადილა. აქეთობისას ვუთხარი:
– დონ, იცი, გეთანხმები, რომ ცხოვრება ისეთია, როგორც ვცხოვრობთ. ჩვენ თავად ვირჩევთ, მოსაწყენი იქნება ის თუ საინტერესო, მაგრამ რაც არ უნდა საუკეთესო პერიოდი მქონდეს ცხოვრებაში, მაინც ვერ ვიგებ, რატომ ვართ აქ? მითხარი რამე ამაზე.
ამ დროს კავეულის დაკეტილ მაღაზიასთან ჩავიარეთ, რომლის გვერდით კინოთეატრი იყო. აფიშა იუწყებოდა, რომ ვესტერნი გადიოდა, სახელწოდებით – ,,ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“. პასუხის მაგივრად, დონი გაჩერდა და, ფული თუ გაქვსო, მკითხა.
– თავზესაყრელად. რატომ მეკითხები?
– კინოში შევიდეთ. იყიდი ბილეთებს?
– არ ვიცი, დონ. შენ შედი, მე თვითმფრინავებს დავხედავ. არ მიყვარს მათი დიდი ხნით დატოვება.
ნეტა, რა კინო აუტყდა…
– თვითმფრინავები მშვენივრად გრძნობენ თავს. წამო კინოში!
– კი, მაგრამ, უკვე დაწყებულია.
– არა უშავს, დაწყებულზე შევალთ.
ის უკვე ბილეთს ყიდულობდა. ჩაბნელებულ დარბაზში შევყევი და უკან დავსხედით. ჩვენ გარდა, იმ წყვდიადში ალბათ დაახლოებით 50 კაცი იჯდა. ამ ფილმს კლასიკად მივიჩნევდი. უკვე მესამედ ვუყურებდი და მალე ისე ჩავერთე, სულ აღარ მახსოვდა, რატომ მოვედით აქ. როგორც ხდება ხოლმე, როცა კარგია ფილმია. დარბაზში დრო გაიწელა და სპირალისებურად მიიწევდა წინ. ჯერ ტექნიკური თვალსაზრისით ვაფასებდი ფილმს, როგორი მონტაჟი იყო, რატომ მოსდევდა ერთი რომელიმე სცენა მეორეს, ან პირიქით, დეტალებს ვაკვირდებოდი. ვცდილობდი, ბოლომდე ამ კუთხით მეყურებინა, მაგრამ მერე შინაარსმა გამიტაცა და ჩემი ჩანაფიქრი სულ გადამავიწყდა.
ზუსტად კულმინაციურ მომენტში, როცა ფილმი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ბუჩი და სანდენსი ბოლივიელთა არმიის ალყაში მოექცნენ, შიმოდამ მხარზე შემახო ხელი. ეკრანისთვის თვალი არ მომიშორებია, ისე გადავიხარე მისკენ, თან ვნატრობდი, ეგებ, ფილმის დასასრულამდე მოითმინოს, თუ რამე სათქმელი აქვს-მეთქი.
– რიჩარდ!
– ჰო! –
რატომ ხარ აქ?
– კარგი ფილმია, დონ, ჩშშ!..
სისხლის გუბეებში მდგარი ბუჩი და სანდენსი ავსტრალიაში წასვლის საკითხს განიხილავდნენ.
– კარგი რატომ არის? – მკითხა მან.
– ვერთობი. ჩშშ… მერე ვილაპარაკოთ…
– მოსწყდი მაგას და გაიღვიძე. ეს ყველაფერი ილუზიაა.
გული გამიწყალა.
– დონალდ, რამდენიმე წუთიც და რაზედაც გინდა, იმაზე ვილაპარაკოთ, ოღონდ ყურება მაცალე, კარგი?
მან ამჯერად დაძაბულად, მრავალმნიშვნელოვნად გადმომიჩურჩულა:
– რიჩარდ, რატომ ხარ აქ?
– იმიტომ, რომ თავად მთხოვე გამოყოლა…
მივბრუნდი, ეგებ ფინალი მაინც მენახა.
– ჰო, მაგრამ სულაც არ იყავი ვალდებული, გამომყოლოდი, შეგეძლო, მადლობა გადაგეხადა და უარი გეთქვა.
– მომწონს ეს ფილმი, დონალდ, – ჩემ წინ მჯდომი გამგმირავი მზერით მომიტრიალდა. – მომწონს და მორჩა, რა არის ამაში ცუდი?
– არც არაფერი!
ფილმის დამთავრებამდე ხმა აღარ ამოუღია. კინოდან გამოვედით, ძველი ტრაქტორების სადგომს ჩავუარეთ და ჩვენი თვითმფრინავებისაკენ მიმავალ გზაზე სიბნელეში გავუჩინარდით. წვიმას აპირებდა. მის დღევანდელ ახირებულ საქციელზე ვფიქრობდი.
– შენს ყოველ საქციელს რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს, არა, დონ?
– ხანდახან.
– ეს ფილმი რა შუაში იყო? რატომ აიტეხე უცებ სანდენსის ნახვა?
– შენ რაღაც მკითხე.
– ჰო! გაქვს პასუხი?
– ეგ არის ჩემი პასუხი. კინოში იმიტომ შევედით, რომ კითხვა დამისვი. კინო იყო პასუხი შენს კითხვაზე.
ვიცოდი, დამცინოდა.
– და რა გკითხე?
ხანგრძლივი, მტანჯველი სიჩუმე ჩამოწვა.
– რა მკითხე, რიჩარდ, და, ის მკითხე, რომ ცხოვრებაში რაც არ უნდა კარგი ეტაპი მქონდეს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რა მინდა აქო. მშვენივრად მახსოვდა.
– და ეს ფილმია მაგაზე პასუხი?
– დიახ.
– უი…
– ვერაფერს მიხვდი?
– ვერა.
– კარგი ფილმი იყო. მაგრამ საუკეთესო ფილმებიც კი ილუზიებია მხოლოდ და მეტი არაფერი. გამოსახულებებიც კი არ მოძრაობენ, ყველაფერი ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია, განათება იცვლება და გვეჩვენება, რომ ამ სიბნელეში დამაგრებულ ბრტყელ ეკრანზე რაღაც ხდება.
– კი, ასეა. – დავიწყე საქმის არსში ჩაწვდომა.
– მაშინ ხალხი რატომ დადის კინოში, თუ ყველაფერი ილუზიაა?
– გასართობად, – ვუპასუხე მე.
– გართობა. გასაგებია. ეს ერთი!
– საგანმანათლებლო ფუნქცია…
– მშვენიერია! ყველთვის ასეა. სასწავლებლად! ეს ორი!
– თავდავიწყებისთვის… პრობლემებს გაურბიან!
– ეს გართობაა! ერთი!
– ცნობისმოყვარეობის გამო… აინტერესებთ, როგორ კეთდება ფილმი!
– ეგეც განათლებაა! ორი!
– მოწყენილობას რომ გაექცნენ…
– გაქცევა უკვე ახსენე!
– ურთიერთობები. ერთად რომ იყვნენ.
– ეგ წასვლის მიზეზია და არა ფილმის ყურების. ეგეც გართობაში შედის. ერთი!
რა მიზეზებიც არ დავასახელე, ორ თითს ვერ გავცდით – ხალხი კინოში დადიოდა ან გასართობად, ან რაიმეს სასწავლად, ან კიდევ ორივესთვის ერთად.
– და ფილმიც ცხოვრებასავითაა, არა?
– ჰო.
– თუ ეგრეა, ცუდ ცხოვრებას ვინ აირჩევდა? საშინელებათა ფილმზე ვინ წავიდოდა, დონ?
– საშინელებათა ფილმზე ვინც მიდის, წინასწარ იცის, რაზე მიდის.
– რატომ, დონალდ, რატომ?
– შენ საშინელებათა ფილმები გიყვარს?
– არა.
– უყურებ ხოლმე?
– არა.
– მაგრამ ხომ არის ხალხი, ფულს რომ იხდის იმ საშინელებათა ფილმებისა და სულელური საპნის ოპერების სანახავად, რომლებიც სხვებს უაზრობად ეჩვენებათ?
მან კითხვა ღიად დატოვა, რომ პასუხი თავად მეპოვა.
– კი.
– შენ არ ხარ ვალდებული, მათ საყვარელ ფილმებს უყურო, და არც უფლება გაქვს, მათგან ეს მოითხოვო. ამას ჰქვია თავისუფლება!
– და რატომ უნდათ, რომ შეშინებულები იყვნენ, ან მოწყენილები?
– იმიტომ რომ, ჰგონიათ, ეს ვინმეს შეშინების გამო დაიმსახურეს, ან ის მღელვარება მოსწონთ, რომელიც შიშის შეგრძნებას ახლავს თან; შესაძლოა, სევდიანებიც იმიტომ არიან, რომ სჯერათ, ფილმი აუცილებლად სევდიანი უნდა იყოსო. დამიჯერებ, რომ გითხრა, უმრავლესობა სიამოვნებასაც კი იღებს იმით (მათი აზრით, აქვთ საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზები საამისოდ), რომ საკუთარ ფილმებში უმწეოდ გრძნობს თავს? არ დამიჯერებ, რიჩარდ!
– ძნელი დასაჯერებელია…
– და სანამ ამას არ დაიჯერებ, ვერც იმას მიხვდები, რატომ გრძნობენ ხოლმე ადამიანები თავს უბედურად. ისინი უბედურები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ უნდათ, უბედურები იყვნენ. ასეა, რიჩარდ.
– ჰმ…
– ჩვენ მოთამაშე, დროსტარების მოყვარული არსებები ვართ, ამ სამყაროს მხიარული წავები. ჩვენ არ შეგვიძლია სიკვდილი და იმაზე მეტს ვერც ვერაფერს დავუშავებთ საკუთარ თავს, რასაც ეკრანზე გამოსახულ ილუზიებში ვხედავთ, თუმცა იმის დაჯერებას კი ვახერხებთ, რომ გვტკივა. ნებისმიერ სატანჯველში შეგვიძლია საკუთარი თავის წარმოდგენა. შეგვიძლია, გვეგონოს, რომ ვკლავთ, გვკლავენ და იღბლისა და უიღბლობის მსხვერპლად ვიგრძნოთ თავი.
– ბევრი ცხოვრება გვაქვს? – ვკითხე მე.
– რამდენი ფილმი გაქვს ნანახი?
– უუჰ…
– ფილმები დედამიწაზე ცხოვრების შესახებ, ფილმები სხვა პლანეტების შესახებ… ყველაფერი, რასაც დრო და სივრცე გააჩნია, ფილმია, ილუზიაა, რიჩარდ, – თქვა მან, – მაგრამ ამ ილუზიებითაც შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ და მშვენივრადაც გავერთოთ, არა?
– სადამდე შეგიძლია ცხოვრებასა და ფილმებს შორის პარალელების განვრცობა, დონ?
– შენ სადამდე გინდა? დღეს ნაწილობრივ ჩემი ხათრით უყურე ფილმს. ზოგჯერ ადამიანები იმიტომ ცხოვრობენ, რომ ერთად უნდათ ყოფნა. იმ მსახიობებს, დღეს ერთად რომ თამაშობდნენ, სხვა ფილმებშიც ექნებათ ერთად როლები და მანამდე აქვთ ნათამაშები, თუ მერე ითამაშებენ, ეს იმაზეა დამოკიდებული, შენ რომელ ფილმს ნახავ პირველად. შესაძლოა, სხვადასხვა ეკრანზე ერთდროულად რამდენიმე მათგანს უყურებდე. ჩვენ თავად ვყიდულობთ კინოს ბილეთებს და შესვლის ნებართვას იმ პირობის საფასურად ვიღებთ, რომ დავიჯერებთ – ყველაფერი, რაც იქ ხდება, რეალურ დროში, რეალურ სივრცეში არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ვისაც ამ საფასურის გადახდა არ სურს, ვერც შემოაღწევს ამ პლანეტაზე და, საერთოდ, ნებისმიერ სხვა სისტემაში, რომელსაც დრო და სივრცე გააჩნია.
– არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ სისტემაში არ უმოგზაურიათ?
– არსებობენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ დადიან კინოში?
– გასაგებია. ცოდნის მიღების სხვა წყაროები აქვთ?
– მართალი ხარ, დრო და სივრცე – ეს დაწყებითი კლასის მასალაა, მაგრამ ზოგიერთი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მობეზრდა ყველაფერი, მაინც ზის და არ სურს, დარბაზში ფილმის დამთავრებამდე აანთონ შუქი.
– ამ ფილმების სცენარს ვინ წერს, დონ?
– უცნაური არაა, სხვებს რომ ვეკითხებით იმას, რაზე პასუხის გაცემა თავადაც შეგვიძლია? ვინ წერს ამ ფილმებისთვის სცენარს, რიჩარდ?
– ჩვენ, დონალდ.
– როლებს ვინ ასრულებს?
– ჩვენ.
– ვინ არიან ოპერატორები, კინომექანიკოსები, კინოთეატრის დირექტორი თუ მოლარე, ადმინისტრატორები? ვის უჭირავს თვალი ამ ყველაფერზე? ვის შეუძლია, ფილმის მსვლელობის პროცესში ნებისმიერ დროს გამოვიდეს კინოთეატრიდან და მთელი სიუჟეტი შეცვალოს? ვის აქვს უფლება, უყუროს ერთსა და იმავე ფილმს იმდენჯერ, რამდენჯერაც გაუხარდება?
– მოიცა… ალბათ, ვისაც მოესურვება, არა?
– საკმარისი თავისუფლებაა შენთვის? – მკითხა მან.
– და ამიტომაცაა ფილმები ასეთი პოპულარული, არა? ალბათ ინსტინქტურად ვხვდებით, რომ ძალიან ჰგავს ჩვენს ცხოვრებას?
– შეიძლება ასეცაა, შეიძლება – არა. აქვს რამე მნიშვნელობა? შენი აზრით, რას წარმოადგენს პროექტორი?
– გონებას, – ვთქვი მე, – არა, წარმოსახვას. ეს ჩვენი წარმოსახვაა, რაც გინდა, ის თქვი.
– თავად ფილმი რაღაა? – მეკითხება ის.
– გნებდები.
– რაზეც საკუთარ წარმოსახვას თანხმობას ვაძლევთ?
– შესაძლოა, დონ!
– შენ მთელი ფილმის ფირი ხელში გიჭირავს. დასაწყისიც აქ არის, შუა ნაწილიც და დასასრულიც, აქ და ამ დროს, ამ წამს, ამ წამის მემილიონედში. ფილმი იმ დროში არსებობს, რა დროც მასზეა ჩაწერილი და თუ იცი, რა ფილმია, კინოთეატრში შესვლამდე დეტალებში გეცოდინება, რაც შიგნით ხდება. ბრძოლები და მღელვარება, გამარჯვებულები და დამარცხებულები, სიყვარული, უბედურება – შენ წინასწარ იცი, ეს ყველაფერი რომ გელოდება. მაგრამ იმისთვის, რომ ფილმს ჩაუჯდე და გაგიტაცოს, იმისთვის, რომ ბოლომდე განიცადო და ისიამოვნო, პროექტორი უნდა ჩართო და ფირი გაუშვა, კადრი კადრის, წუთი წუთის მიყოლებით. ილუზიები რომ განიცადო, დრო და სივრცეა საჭირო. ამიტომ შენც იხდი საფასურს, ყიდულობ ბილეთს, შედიხარ, ჯდები, ივიწყებ, რა ხდება დარბაზს გარეთ და ფილმიც იწყება.
– რეალურად არც არავინ ზიანდება? ეს სისხლი პომიდვრის სოუსია?
– არა, სისხლი ნამდვილია, – თქვა მან, – მაგრამ შეიძლება, პომიდვრის სოუსის ფასიც ჰქონდეს, იმის მიხედვით, თუ რა გავლენას ახდენს ის ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე.
– და რეალობა? – რეალობა გასაოცრად გულგრილია, რიჩარდ. დედისთვის სულერთია, ვის როლს ასრულებს მისი შვილი თავისივე ბავშვურ სპექტაკლებში, დღეს ცუდი ბიჭია, ხვალ კარგი იქნება. ერთარსებას წარმოდგენაც კი არა აქვს ამ ჩვენს თამაშებსა და ილუზიებზე. ის ცნობს მხოლოდ საკუთარ თავს და გვცნობს ჩვენ ხატად მისად – სრულქმნილებსა და სრულყოფილებს.
– დარწმუნებული არ ვარ, რომ მინდა, სრულყოფილი გავხდე. მოწყენილობაზე ვილაპარაკოთ…
– ზეცას ახედე! ისე უცებ გადახტა სხვა თემაზე…
ზევით ავიხედე და აქა-იქ მიმოფანტული ღრუბლის ფთილები დავინახე. კიდეები მთვარის შუქით ვერცხლისფრად ჰქონდათ მოვარაყებული.
– მშვენიერი ცაა, – ვთქვი მე.
– სრულყოფილია?
– ის ყოველთვის სრულყოფილია, დონალდ.
– გინდოდა, გეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთას იცვლება, მაინც ყოველთვის სრულყოფილიაო, არა?
– აი, ეს მესმის, რა საზრიანი ვარ. კი!
– ზღვაც სრულყოფილია ყოველთვის, და ზღვაც ყოველ წუთს იცვლება. – თქვა მან, – სრულყოფილება რომ სტაგნაცია იყოს, სამოთხე ჭაობი იქნებოდა, ღმერთი კი ჭაობის ფრინველი ვერ იქნება.
– შეუძლებელია, ჭაობის ფრინველი იყოს, – დაბნეულმა გავუსწორე, – ესე იგი, მუდმივად ცვლადი სრულყოფილება… ჰო, მივხვდი!
– უკვე დიდი ხანია, მიხვდი, თუ დროის დაზუსტება გაინტერესებს.
წყნარად მივაბიჯებდით. უცებ მოვუტრიალდი:
– არ გწყინდება მხოლოდ ერთ განზომილებაში დარჩენა, დონალდ?
– მხოლოდ ერთ განზომილებაში ვრჩები? შენ რა, სულ აქ აპირებ ყოფნას?
– რატომაა ყველაფერი მცდარი, რასაც ვამბობ, დონ?
– ყველაფერი მცდარია, რასაც ამბობ?
– ამ საქმეში ჩემი ყოფნაა, მგონი, მცდარი.
– უძრავი ქონების სფეროში მოღვაწეობას ხომ არ უმიზნებ?
– უძრავი ქონების ან დაზღვევის…
– ისე, უძრავ ქონებას მომავალი აქვს, თუკი ამ სფეროს აირჩევ…
– გასაგებია. ვწუხვარ, – ვთქვი მე, – მაგრამ არავითარი მომავალი არ მინდა, არც წარსული. სიამოვნებით გავხდებოდი ილუზიების სამყაროს მშვენიერი ბებერი ოსტატი. შესაძლოა, იმ კვირაშიც, არა?
– ჰო, რიჩარდ. იმედი მაქვს, ამდენი დროც არ დაგჭირდება!
ფრთხილად გავაპარე მისკენ მზერა. არ იღიმებოდა.
რიჩარდ ბახი
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0