ანაბრის გახსნა » www.idealuri.ge
რჩევები

ანაბრის გახსნა

გააზიარეთ:

ანაბრის დეტალურ განმარტებას და მის სიღრმეებში ჩასვლას არ დავიწყებ  მაგრამ  მოკლედ და ცოტა უხეშად ვიტყვი რომ ანაბარი ეს არის თავისუფალი  სახსრების (ფულის) ბანკში ან ნებისმიერ სხვა საფინანსო ორგანიზაციაში შენახვა, რომელიც საანაბრე მომსახურებას გვთავაზობს. საფინანსო ორგანიზაცია ჩვენს მიერ მინდობილ ფულს იყენებს სხვადასხვა  (ძირითადად საკრედიტო) ოპერაციების  განსახორციელებლად საიდანაც ღებულობს სარგებელს და სწორედ ამიტომ ჩვენც გვიხდის მცირედ სარგებელს პროცენტის სახით.

უფროსი თაობის წარმომადგენლები ანაბრის გახსნისაგან თავის იკავებენ (ყველა თუ არა უმეტესობა მაინც) რადგან  ახსოვთ ადრინდელი გამოცდილება, როდესაც მათ სოლიდური თანხები დაკარგეს სწორედ “ბანკების” მიერ მიტაცებული ანაბრების გამო.
ანაბრის გახსნას ძირითადად გვთავაზობენ ბანკები და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს მართალია გაცილებით მაღალი პროცენტი აქვთ ვიდრე ბანკებს მაგრამ რთულია არ თუ ისე დიდი გამოცდილებისა და რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას ანდო ის თანხა  რომელიც (სავარაუდოდ) არც თუ ისე ადვილად გაქვთ ნაშოვნი. ამიტომ მეც უფრო  დაწვრილებით საბანკო ანაბრებზე ვისაუბრებ.
ანაბრის გახსნის დროს რამოდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:

1. სად გავხსნათ ანაბარი

2. რა ვალუტაში გავხსნათ ანაბარი

3. რა ტიპის ანაბარს მივანიჭოთ უპირატესობა

4. რა პროცენტს გვთავაზობენ

5. რა საანაბრე ხარჯები გვექნება

 სად გავხსნათ ანაბარი

ანაბარს ბანკში გახსნით თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ეს მთლიანად თქვნზე და თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.  არჩევნის გაკეთება მოგიწევთ სანდოობასა და მაღალ სარგებელს შორის, ანაბრის გახსნის პროცედურა არ განსხვავდება დიდად და  თითქმის ყველგან სტანდარტულია – მიდიხართ ბანკში (ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში) და ნებისმიერ იქ მომუშავე პერსონალს ეუბნებით რომ ანაბრის გახსნა  გინდათ, ის კი შესაბამის ადამიანთან (რომელიმე ოპერატორთან) გადაგამისამართებთ. ოპერატორი გაამზადებს შესაბამის ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას მოაწერთ ხელს, თანხას შეიტანთ და თქვენი ანაბარი გახსნილია.

შენიშვნა: სანამ ანაბრის ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ აუცილებლად გაეცანით და დააზუსტეთ ყველა დეტალი, რომელიც კი  გაურკვეველი იქნება თქვენთვის (როგორც წესი როცა საქართველოში ხელშეკრულების წაკითვას იწყებ,  ოპერატორი მომაბეზრებელი გამომეტყველებით  გიყურებთ, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას და განაგრძეთ ხელშეკრულების გულდასმით კითხვა). თუ გაურკვეველ საკითხებზე  ოპერატორი ორაზროვნად ან ვერ გიპასუხებთ აუცილებლად მოითხოვეთ ამომწურავი პასუხი, ან თავად ოპერატორისაგან ან სხვა  კომპეტენტური პირისგან. ეს ყველაფერი იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ ზოგიერთ ბანკში (ეს არ ეხება ყველა ბანკს) პიროვნება რომელიც ანაბარს გიხსნით ვერ ერკვევა მის პირობებში და ხანდახან პროცენტებშიც კი და თუ  თქვენ ხელშეკრულებას ხელს ბრმად მოაწერთ  დაზარალდებით ისევ და ისევ თქვენ და შემდგომ პრეტენზიის  გაჩენის შემთხვევაში ვეღარაფერს იღონებთ, რადგან ხელშეკრულებაზე ხელი უკვე მოწერილი გექნებათ.

რა ვალუტაში გავხსნათ ანაბარი

ანაბრის გახნის დროს ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი სწორედ ვალუტის არჩევაა. საქართველოში ანაბრის გახსნის საშუალება გვაქვს როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში. სხვადასხვა მიზეზთა და რისკების დაზღვევის (ძირითადი მიზეზი მაინც ინფლაციაა) გამო,  ლარს გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი ერიცხება ვიდრე დოლარსა და ევროს. ამიტომ ანაბრის გახსნის დროს საკმაოდ დიდი დილემის წინაშე ვდგებით  - ავირჩიოთ ლარი მაღალი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც შეიძლება ანაბრის ბოლოს ნაკლებ მსყიდველობითუნარიანი იყოს, თუ  დოლარი და ევრო, რომელთაც ნაკლები საპროცენტო სარგებელი ერიცხება, მაგრამ შედარებით უფრო სტაბილურია (თუმცა, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვერცერთ ვალუტას სტაბილურს ვერ ვუწოდებთ). რა შეიძლება  მოვიმოქმედოთ  ასეთ შემთხვევაში? როგორც წესი, ამ დროს მიმართავენ დივერსიფიცირების მეთოდს, ანუ ჩვენი სახსრები უნდა განვათავსოთ სამივე  ვალუტაში, შემდეგი პროცენტულობით 40% დოლარში, 40% ევროში  და 20% ლარში. მსგავსი პროცენტული გადანაწილება არ არის აუცილებელი – შესაძლებელია სხვაგარი დივერსიფიკაციაც, მაგრამ ევროსა  და დოლარში გახსნილი ანაბარი უნდა ჭარბობდეს ლარში გახსნილ ანაბარს.

 რა ტიპის  ანაბარს მივანიჭოთ უპირატესობა და რომელ ანაბარზე რა პროცენტებია

ძირითადად არის 3 ტიპის ანაბარი:

- ყველაზე გავრცელებული ანაბრის სახეობაა “ვადიანი ანაბარი”. თქვენ ხსნით ანაბარს წინანსწარ განსაზღვრული პერიოდით მაგ: ერთი წლით და ამ ერთი წლის განმავლობაში  ძირითად თანხას ვერ ეხებით (ვერც აკლებთ ამ თანხას და ვერც ამატებთ), ბანკების უმრავლესობა ასევე შესაძლებლობას გაძლევთ ანაბარზე დარიცხული პროცენტი გამოიყენოთ როგორც ანაბრის ბოლოს, ისე  ყოველთვიურად  (ყველას აქვს თუ არა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რადგან ერთმა გააკეთა, როგორც საქართველოში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე  სხვებიც მიბაძავდნენ  და გააკეთებდნენ, უბრალოდ ცოტა სხვა სახელს დაარქმევდნენ აღნიშნულ პროდუქტს). ვადიან  ანაბარს  ყოველთვის  ყველა ანაბარზე  მაღალი საპროცენტო სარგებელი ერიცხება, მაგრამ თუ თქვენ ყოველთვე გამოიტანთ სარგებელს პროცენტი იკლებს.

- ბანკები ასევე გთავაზობენ  თქვენს მოთხოვნაზე მორგებული ანაბარს, ანუ თანხის ანაბარზე შეტანა და გამოტანა შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ.  თუმცა შესაძლებელია აღნიშნული ტიპის  ანაბარზე მოქმედებდეს გარკვეული შეზღუდვები  მაგ. მინიმალურ ნაშთზე, რაც ანაბრის გახსნამდე აუცილებლად  უნდა გაითვალისწინოთ და შესაბამისად ამ ტიპის ანაბარზე ნაკლები პროცენტია.

- მესამე ტიპის ანაბარი ეს არის ე.წ შევსებადი ანაბარი, თქვენ ხსნით ანაბარს და შემდეგ ყოველთვიურად ამატებთ  გარკვეულ  მინიმალურ თანხსა  და პროცენტიც შესაბამისად ყოველთვიურად გემატებათ გაზრდილ თანხაზე . აღნიშნულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია თუ რა მინიმალური თანხაა ყოველთვურად შესატანი.

რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ  უამრავი სახის ანაბარი, მაგრამ თუ აღნიშნული  სამი ტიპის ანაბარში კარგად გაერკვევით სხვა ანაბრებსაც  ადვილად აუღებთ ალღოს და მიხვდებით რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება გააჩნდეთ.

შენიშვნა: რა ტიპის ანაბარიც არ უნდა აირჩიოთ, სადაც ვადა იქნება ასარჩევი გირჩევთ 12 თვეზე მეტი ვადით ანაბარი არ გახსნათ.

ფარული საანაბრე ხარჯები

განურჩევლად ყველა ბანკი ყველა ოპერაციიდან სარგებელს ღებულობს, ამ სარგებელს ჩვენ ვერ შევუმცირებთ, მაგრამ ის მაინც  უნდა ვეცადოთ, რომ შესაბამისი მომსახურება მივიღოთ და ამასთანავე ვიცოდეთ რა ხარჯები გვაქვს, როგორც პირდაპირი ასევე  ირიბი. ირიბ ხარჯებზე როგორც წესი ბანკები არაფერს გვეუბნებიან, სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდებით.

ანაბრის შემთხვევაში ეს ხარჯები შეიძლება იყოს:

- ანაბრის გახსნის მომსახურების საკომისიო;

- ანაბრიდან თანხის გატანის საკომისიო;

- ყოველთვიური მომსახურების საკომისიო;

- ანაბარზე თანხის შეტანის საკომისიო;

- ანაბარზე უნაღდო ანგარიშსწორებით შეტანილი თანხის განაღდების საკომისიო;

ეს ხარჯებია რომლებიც შესაძლებელია ანაბარზე იყოს მიბმული, თუმცა ასევე შეიძლება ის ანგარიში, რომელზეც ანაბარი იყო ავტომატურად არ დახურონ  და დაერიცხოს ყოველთვიური მომსახურების საკომისიო, ან ანაბრის გახსნისას ავტომატურად დაგიმზადონ პლასტიკური  ბარათი, რომელსაც გამოიყენებთ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად  და ჩამოგეჭრათ ბანკომატის მომსახურების საკომისიო.

თუ გსურთ მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან ირიბი ხარჯები,  ამისათვის საჭიროა  თქვენს მიერ არჩეული ბანკის კომპეტენტური თანამშრომლისგან ანაბრის გახსნამდე მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია და შემდეგ დეტალურად გაეცნოთ ხელშეკრულებებს, რომელსაც ხელს მოაწერთ – მათი დეტალურად გაცნობა  ნამდვილად არაა დროის უაზროდ კარგვა და მითუმეტეს ამაში  სასირცხვილო არაფერია !

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • MESH – ჰიპჰოპ არტისტი და გამოგონილი პერსონაჟია @Caveaplus -ის ქართული სერიალიდან “უხილავი თამაში”. რეალობაში MESH-ი გივიკო ბარათაშვილის ალტერ ეგოდ მოგვევლინა. პირველი ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post Neymar New Contract Sign/ ნეიმარი ახალი კონტრაქტით appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი