ელიფ შაფაქის ,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ 2009 წელს გამოქვეყნდა და მილიონობით მკითხველის საყვარელ წიგნად იქცა. იგი ერთგვარი ხიდი აღმოჩნდა მრავალთათვის მისტიკური სამყაროსკენ.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთმიმართების საკითხი კულტურის ისტორიაში ახალი როდია. სახელგანთქმული ფილოსოფოსები და მწერლები მიანიშნებდნენ, რომ ორიენტალურ სამყაროს არა მხოლოდ გეოგრაფიული, სულიერი სივრცეც მიჯნავს დასავლეთისგან. ინგლისელი მწერლის, რ. კიპლინგის ცნობილი სიტყვები „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი – აღმოსავლეთი და ისინი არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს“ – აქსიომად მიიჩნევა ზოგისთვის. თუმცა გადავშლით შაფაქის ამ რომანს და უმალ დავეჭვდებით ზემოთქმულში. წიგნის პირველივე ფურცლებიდან გავაცნობიერებთ, რომ ადამიანის გული ერთნაირად განიცდის სიყვარულს, მსგავსი შემართებით ცდილობს გაარღვიოს ყოველდღიური ერთფეროვნება და მიეახლოს შეუმეცნებელ რეალობას, არა მხოლოდ დასავლეთსა და აღმოსავლეთში, არამედ ამა თუ იმ ეპოქაშიც. დიახ, არ მოგვერიდება, თუ ვიტყვით, რომ შაფაქის ,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ დროსა და სივრცეზე გამარჯვებისკენ მოწოდებაა, იმ ბილიკზე სვლაა, რომელზეც შეუძლებელი შესაძლებლად გვესახება, მითოსი რეალობად, ჯამში კი შეგვახსენებს ჭეშმარიტებას – სიყვარული თავად ღმერთია, და ამ გრძნობაზე მაღლა არაფერია, ადამიანის შექმნილი არნაირი კანონი.
რომანში მკითხველი ყოველდღიური ცხოვრებისგან დაღლილ ელას შეხვდება, რომელსაც ქმარი და სამი შვილი ჰყავს. ერთხელაც იგი უცნობი მწერლის, აზიზ ზაჰირის რომანის კითხვას იწყებს. მისტიკური სულისკვეთების წიგნში ელა გაეცნობა უდიდეს სპარსელ პოეტს, ჯალალ ედ–დინ რუმისა და მისი იდუმალებით მოცული მეგობრის – შამს თებრიზის ამბავს. შამსი (არაბულად ,,მზეს’’ მიშნავს და სპარსულ ენაშიც არაბულიდან შევიდა) მოხეტიალე დერვიში გახლდათ და იკონიაში (სადაც რუმი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად) 1244 წელს გამოჩნდა. ამ დროიდან მან უდიდესი როლი ითამაშა დიდი პოეტის ცხოვრებაში, აზიარა იგი მანამდე უცნობ სწავლებას, რაც აისახა რუმის პოეტურ მემკვიდრეობაზე. თუმცა, ქალაქში მომხდარი არეულობის შედეგად მოხეტიალე დერვიში მოკლეს (ლეგენდის თანახმად, იგი უკვალოდ გაქრა) და მის ძებნაში დამწუხრებულმა პოეტმა საკუთარი ,,მე’’ დაუთმო მეგობარს. ამის შემდეგ, ტრადიციის თანახმად, იქ სადაც ლექსის ბოლოს ავტორი უნდა გაჟღერებულიყო, რუმი საკუთარ ყაზალებში აქსოვდა ძვირფასი მეგობრის სახელს... XIII საუკუნის ამბებს, რომელიც ქართველი მკითხველისთვის იმითაცაა საინტერესო, რომ იკონიის დედოფალი იმხანად თამარის შვილიშვილი თამარი (გურჯი ხათუნად ცნობილი) გახლდათ. ეს ისტორია არ აღმოჩნდა ელასთვის მხოლოდ ამბავი. წაკითხულმა ჩვენი საუკუნის ქალს სხვაგვარად აღაქმევინა სამყარო. ელას თავადვე გაუჩნდება გრძნობა მწერლისადმი, რომლის ნაწარმოებშიც მევლანას (რუმი ამ სახელითაა ცნობილი თურქეთში) თავგადასავალი იყო მოთხრობილი.
,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ უხვადაა გაჯერებული სუფიზმის ელემენტებით. ურიგო არ იქნება, მკითხეველს მოკლედ შევახსენოთ ამ საინტერესო მოძღვრების მთავარი ასპექტები.
სუფიზმი ისლამის წიაღში ჩამოყალიბებული მისტიკური მიმდინარეობაა. მისი წარმოშობა უკავშირდება VIII–IX საუკუნეებს. სუფიზმის წარმომადგენლები თავიანთ თავს ,,არიფებს’’ ანდა ,,სუფიებს’’ უწოდებდნენ. ამ ტერმინის ეტიმოლოგია არაბულ ,,სფა’’ ძირს უკავშირდება, რაც მატყლის, შალის სამოსელს აღნიშნავს. სუფიზმის მიმდევრები ხომ შალით იმოსებოდნენ. სუფიები ღმერთთან მისასვლელ გზას ადამიანის გულში ხედავდნენ და არა გონებაში. ამ გზის საფეხურებს ისინი ალეგორიულად გადმოსცემდნენ. თავდაპირველად სუფიზმის მიმდევრები იდევნებოდნენ, მოგვიანებით კი აღიარება მოიპოვეს და სხვადასხვა საძმოებად ჩამოყალიბდნენ. სუფიური გაერთიანების სათავეში იდგა მურშიდი (წინამძღოლი), შეიხი (მეთაური) ან ფირე თარიყათი (სავალი გზის მოხუცი). სწორედ მურშიდს ემორჩილებოდა ესა თუ ის საძმო, რომელთაგან ერთ-ერთი (მევლავიანთა) სწორედ რუმის და მისი მოწაფეების სახელს უკავშირდება. სუფიური მოძღვრება წითელ გოგირდთანაა შედარებული XI ს-ის ერთ სპარსულ ტრაქტატში ,,დაფარულის გამჟღვანება’’ (ქაშფ ალ-მაჰჯუბ): ,,ეს მცნება წითელი გოგირდია და იგი ძვირფასია და ოდეს მას ჰპოვებენ, ალქიმიად იქცვეა, და მისი ქვის ერთი ნამცეცი მრავალ ბრინჯაოსა და რვალს წითელ ოქროდ გადააქცევს, და ერთი სიტყვით, ყოველი კაცი იმ წამალს დაეძებს, რათა ტკივილი განიკურნოს’’.
,,სიყვარულის ორმოცი წესი’’ თანამედროვე ადამიანის სულიერ ამაღლებას ემსახურება. ეს არაა მხოლოდ რომანი, იგი სუფიური ტრაქტატისა და მხატვრული სიტყვის ჰარმონიული ნაზავია, რომელიც ტექნიციზმისა და პროგრესის საუკუნეში ოსტატურად ცდილობს ადამიანებმა ცხოვრების დაკარგული საზრისი მოიპოვონ. მისი წაკითხვით, ადამიანს უჩნდება სურვილი, ყველას გაუგზანოს მოწვევა ზეიმზე, სადაც შემწყნარებლობა, მიტევება და სიყვარული კიაფობენ.
ელიფ შაფაქის ამ რომანში გვხვდება შემდეგი სიტყვები: ,,სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი ის არის რაც არის. სუფთა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი-ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვრად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.” მართლაცდა, მისტიკოსები დედამიწაზე ცხოვრობენ, მაგრამ დედამიწას არ ეკუთვნიან. მათი სამშობლო ალბათ იქაა, სადაც ცეცხლისა და წყლის სიყვარულს აღარაფერი ემუქრება.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0