სმილოდონი – ხმალკბილა კატა » www.idealuri.ge
ფლორა და ფაუნა

სმილოდონი – ხმალკბილა კატა

გააზიარეთ:

 

სმილოდონი გადაშენებული სახეობაა ხმალკბილა კატების ოჯახიდან. მისი საბინადრო არეალი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა. წარმოიშვა დაახლოებით 2.5 მილიონი წლის წინ, გადაშენდა – 10 000 წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მას ხმალკბილა ვეფხვსაც ეძახიან, ის არ წარმოადგენდა ვეფხვის სახეობას. სმილოდონი ბერძნული სიტყვებიდან წარმოდგება: σμίλη (სმილე) – დანა და ὀδoύς (ოდოუს) – კბილი.

დღესდღეობით სმილოდონის სამი სახეობაა ცნობილი:

Smilodon gracilis – ბინადრობდა 2.5 მილიონი – 500,000 წლის წინ. ის იყო ყველაზე ადრეული და ყველაზე პატარა სმილოდონი. მისი წონა მერყეობდა 55-დან 100 კგ-მდე. სმილოდონის სხვა სახეობები სავარაუდოდ მისი შთამომავლები იყვნენ.

Smilodon fatalis – 1.6 მილიონი – 10,000 წლის წინ. ჩაანაცვლა Smilodon gracilis ჩრდილო ამერიკაში და დაიპყრო სამხრეთ ამერიკის ტერიტორია. ზომით Smilodon gracilis-სა და Smilodon populator-ს შორის იყო, დაახლოებით თანამედროვე ციმბირული ვეფხვის (ყველაზე დიდი კატა დღესდღეობით) გაბარიტებისა. მხრებამდე სიმაღლე 1 მეტრს აღწევდა, წონა 160-280 კგ-ს.

Smilodon populator – იგივე “გამანადგურებელი სმილოდონი”. ბინადრობდა 1 მილიონი – 10,000 წლის წინ. საცხოვრებელი არეალი იყო სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ტერიტორია. მის ბიძაშვილებზე – წინა ორ სახეობაზე – გაცილებით დიდი იყო. გამოირჩეოდა მსხვილი მკერდით და ძლიერი წინა ფეხებით. ის აქამდე ყველაზე ცნობილი ხმალკბილა კატაა. მხრებამდე სიმაღლე 120 სმ-ზე მეტი იყო, სხეულის სიგრძე 2.6 მეტრს აღწევდა, რასაც 30 სმ-იანი კუდი მოჰყვებოდა. წონა 360-455 კგ-ებში მერყეობდა, რაც ანიჭებს ყველაზე მძიმე კატის ტიტულს. ზედა ეშვები 30 სმ-მდე იზრდებოდა და ზედა ყბიდან 17 სმ-ზე იყო ამოშვერილი.

 

სმილოდონები მასიური ზომით იყვნენ ცნობილები. ყველაზე მძიმე, რაც აღმოუჩენიათ, სავარაუდოდ 500 კგ-მდე იწონიდა. ზრდასრული სმილოდონის წონა შეადგენდა 55-455 კგ-ს, რაც დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელ სახეობას მიეკუთვნებოდა. ჰქონდათ მოკლე კუდი, ძლიერი ფეხები, დაკუნთული კისერი და გრძელი ეშვები. წელის მხარე მოკლე იყო, უკანა კიდურები კი უფრო დაბალი, ვიდრე წინები. ეს განასხვავებდა ისეთი ცხოველებისგან, როგორებიც არიან ავაზა, ლომი, ვეფხვი, ლეოპარდი, იაგუარი და ა.შ. ამიტომ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ სმილოდონი მათსავით სწრაფად ვერ დარბოდა. აღნაგობით კი თანამედროვე კატებზე მეტად დათვს ჰგავდა.

ყველაზე დიდ სახეობას, სამხრეთ ამერიკულ Smilodon populator-ს, თეძოებზე მაღალი მხრები ჰქონდა, საიდანაც ზურგი დაქანებას იწყებდა, რითაც აფთარს მოგვაგონებდა. მისგან განსხვავებით, Smilodon fatalis თანამედროვე კატებს უფრო მეტად ჰგავდა. თუმცა მისი წინა კიდურებიც გრძელი იყო, ხოლო წინამხრის ძვალი შედარებით მოკლე. ეს აჩვენებს, რომ წინა ფეხები უფრო ძალის გამოსაყენებლად იყო, ვიდრე სარბენად და Smilodon populator უზარმაზარი ძალის პატრონი იქნებოდა. კატების უმეტესობის მსგავსად, სმილოდონსაც შეეძლო ბრჭყალების შეწევა და ბეწვში ჩამალვა.

სმილოდონები თავიანთ მასიურ ეშვებს ნადირობისას არ იყენებდნენ, რადგან შეიძლებოდა დაეზიანებინათ. მისი დანიშნულება უკვე გამოჭერილი მსხვერპლის გათიშვა და გაგუდვა იყო სასულეში მოჭერით. თუმცა ეს ეშვები მტვრევადი იყო და ძვალში ჩასობა ვერ მოხერხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა კატებზე მსხვილი იყო, სმილოდონის ნაკბენი უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. თანამედროვე კატებს უფრო გამოკვეთილი ლოყის ძვლები აქვთ, სმილოდონს კი შედარებით პატარა, რაც საფეთქლის კუნთებს ნაკლებად მკვრივს და შესაბამისად, უფრო სუსტს ხდიდა. მისი ვიწრო ყბების ანალიზი აჩვენებს, რომ ლომზე სამჯერ სუსტად შეეძლო კბენა. თუმცა თანამედროვე კატებს რომ ამხელა ეშვები ჰქონოდათ, სმილოდონივით ძლიერად კბენას ვერ შეძლებდნენ. სმილოდონს შეეძლო ყბების 120 გრადუსით გახსნა, როცა ლომის მაჩვენებელი 65-ია. ვარაუდობენ, რომ საფეთქლის კუნთებიც ამიტომ ჰქონდა შედარებით პატარა.

სმილოდონის დიეტა სავარაუდოდ მრავალფეროვანი იყო და ნადირობდა ბიზონზე, ირემზე, ამერიკულ აქლემზე, ცხენსა და მიწის ზარმაცაზე. შესაძლებელია მათი ბედი გაეზიარათ ახალგაზრდა მასტოდონტებსა და მამონტებს. დაზუსტებით არაა ცნობილი, თუმცა არც გამორიცხულია, რომ პრეისტორიულ ადამიანებსაც დასხმოდა თავს.

თანამედროვე კატების უმეტესობა სასულეში ეცემა მსხვერპლს და რამდენიმე წუთში გუდავს. სმილოდონის ყბის კკუნთები საამისოდ სუსტი იქნებოდა, გრძელი ეშვები და მყიფე თავის ქალა კი – მოწყვლადი ასეთი ხანგრძლივი პროცესისთვის. 2007 წელს კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სმილოდონი მთელი სხეულის წონით აწვებოდა მსხვერპლს და მიწაზე აგდებდა, შემდეგ კი ყელში ღრმად ასობდა ეშვებს, რაც კისრის ვენას წყვეტდა და ტრაქეას ხლეჩდა. ამის შედეგად მსხვერპლი ძალიან მალე კვდებოდა. მკვლევარებმა კომენტარებში დაურთეს, რომ ეს ტექნიკა სმილოდონს უფრო ნაყოფიერ მკვლელად აქცევდა ლომთან და ვეფხვთან შედარებით. თუმცა მას სჭირდებოდა დიდი ზომის ცხოველები, პატარების მოსაკვლელად მისი ყბები ნაკლებად ეფექტური იყო.

სმილოდონი გადაშენდა 10 000 წლის წინ. ამ პერიოდში იგივე ბედი გაიზიარა უამრავმა ვეგეტარიანელმა და მტაცებელმა ცხოველმა. გადაშენების მიზეზად ხშირად მიიჩნევიან ჩვენი წინაპრები, რომლებიც პლეიტოცენის პერიოდში დასახლდნენ ჩრდილო ამერიკაში. თუმცა ეს არ ეხება Smilodon populator-ს, რომელიც ადამიანების მისვლამდე ამოწყდა. ამიტომ სხვა მოსაზრებით, მიზეზი ადამიანები კიარა, პლეიტოცენის ეპოქის დასასრული იყო, რამაც გარემო პირობებისა და ფლორა-ფაუნის შეცვლა გამოიწვია. ფართო სათიბ-საძოვრები შეცვალა ტყეებისა და მინდვრების ნაზავმა. ზამთარიცა და ზაფხულიც უფრო მკაცრი გახდა, შეუმცირდათ საკვები მამონტებსა და სმილოდონის სხვა საკბილოებს. მეგაფაუნის მკვეთრმა შემცირებამ ცუდად იმოქმედა მასზე. ამან, და სავარაუდოდ ადამიანების მიერ მათზე განხორციელებულმა თავდასხმებმა და ნადირობამ სმილოდონის სრული გადაშენება გამოიწვია.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი