უპასუხო შეკითხვები » www.idealuri.ge
ჩანახატები

უპასუხო შეკითხვები

გააზიარეთ:

 

სანამ მზე,მოხუცი პატრიარქის სიმშვიდით, გამომაცლის ფეხქვეშ მრგვალ დედამიწას, – ჩემი სული კი, გალილეის მთების სინათლის მემილიონე კარატად იქცევა, – რომელიმე ბნელი და ნესტიანი ოთახის კუთხეში მივიყუჟები და იმ შეკითხვებს ჩამოვწერ, ათასი წლის წინ რომ უნდა დამესვა შენთვის.

მერე კი ისე დაველოდები, როგორ აკრეფენ შენი შემზარავად ლამაზი თითები ჩემი შეკითხვებისთვის განკუთვნილ პასუხებს ჰაერის ღილაკებზე, როგორც ჯიჰადის შავთვალება ფანატიკოსი თავის კუთვნილ სიკვდილს.

და თუ უფალმა ექვს დღეში შექმნა ქვეყანა, თუ ბავშვობის დაუჯერებელი ამბები მართლა სამყაროს ისტორიაა, თუ თითოეულ ანგელოზს ფრთებზე ჩვენი სახელები აწერია და თუ ჩვენ მხოლოდ მინდვრად გაჭრილი მხეცები არა ვართ, გადარჩევის დიდ კანონს დამორჩილებული, მაშინ ბოლომდე მომისმინე და ნუ გაგიკვირდება, თუ ჩემი ყოველი შეკითხვა თუ-თი დაიწყება.

თუ ასეთ სიცოცხლეს ერქვა ყველა წმინდა წიგნში სიცოცხლე და, თუ ჩემი სევდიანი არსებობა ამ გრძნეული სიტყვის სარკისებური ასახვა არაა მხოლოდ, მაშინ  ერთი წამით გაახილე თვალები და შენი თვალებიდან დამანახე  -სხვანაირი არსებობისთვის, რომელი – გზა, ფერი, ბგერა, სურვილი და სხეული უნდა ამერჩია ოდესღაც, თავიდან ?..

თუ ამ შეგრძნებას ერქვა დღემდე სიცარიელე და ჩემი ტანი ამ ვაკუუმის სუსტი ჭურჭელია მხოლოდ- მე კი, არ მინდა ჩემს მტკივნეულ სისრულეში დაბრუნება – მაშინ მაკოცე და ამიხსენი – რატომ გარბიან ყველაზე სწრაფად დღეები – არა ტანჯვის, არა ბედნიერების – არამედ, სიცარიელის მდგომარეობაში და -რატომ ერევა ჩემს ყველა სურვილში, ასე ჯიუტად, ბედი ?…

თუ ან უღონობას ჰქვია გაყუჩება და ამ შეგრძნების იდენტურია ჩემი სხეული, მაშინ მომეხვიე და მითხარი – ყოველ საღამოს, ღრუბლების ლიტანიობის დაწყებასთან ერთად, რატომ მტკივდება ასე ძალიან ეს გაყუჩება და რატომ მგონია, რომ ჩემი კი არა, შენი სხეულის ნაწილები მტკივდება მაშინ ?…

თუ ამ მოწოლილ ტალღებს უწოდებდნენ მავანნი ნიჭს და მე, ამ ტალღებში გზის გაგნება მეწერა წერაში, მაშინ – მდინარის და ზღვის კი არა, – ოკეანის მეორე ნაპირზე მდგომმა, ხელი დამიქნიე და გამამხნევე -რომ ღრმა და უფსკერო წყალი არც ისე ღრმა და უფსკეროა შენ კი იმიტომ მოხვედი ამქვეყნად, რომ ოკეანის ფსკერისხელა ფირი შენს ნერვებზე დაიხვიო და წყლის ზედაპირზე მოლივლივეს, სიცოცხლის ბოლომდე მაყურებინო ფერადი ფილმები… 

თუ ამ ნისლისფერ საღამოებს უწოდებდნენ რომანტიკოსები სევდას და ვრუბელის დემონის თვალების ფერია ჩემი მომავლის რწმენა –  ხოლო შენ, ვისაც – ნისლიც და საღამოც, დემონიც და ურწმუნოებაც, უპეებქვეშ გეწვნენ სასურველი სტუმრებივით მუდამ, უბრალოდ მოიტყუე და მითხარი, რომ –       ვრუბელის დემონი, მხოლოდ დამფრთხალი ბავშვია – რომ საღამოებს ნაცრისფერი უხდებათ და რომ -არც შენ ხარ ისეთი სკეპტიკოსი, ჩემი მდგომარეობის გამოუვალობა რომ შეგენიშნა როდესმე….

თუ ასეთ ტკივილებს ხატავდნენ ასეთი აღტკინებით ლურჯი ცის მხატვრები ქრისტეს წამებისას მისი მოწაფეების სახეებზე და მე ასეთი ტკივილის მეათასედ ზიდვის პატივი მერგო წილად,მტვერყოფილსა და მტვრადნაქცევს, მაშინ – მომაახლოვე შენს ჯვართან,  რათა უფრო ძალუმად ვიგრძნო ტკივილის ძალის სინათლე და ისიც – უხილავი ღმერთი, ხილულ ტკივილს, წყალობის სახით რომ აძლევს ზოგჯერ კაცს…

თუ ამ გაზაფხულისთანა გაზაფხულს, სისხლის დუღილი ქვია დღემდე და  ამ დუღილს, მდუღარე მაჭარზე უფრო ტკბილი და მათრობელა ძალა აქვს, მაშინ – გამიღიმე, მთვარის ნახევარს ღრუბელი გადაეფარა-მეთქი, რომ მგონია, ისეთი ღიმილით და მომიყევი – შენ, რამდენი გაზაფხული გიდუღდა ძარღვებში, მანამ, სანამ ჩემს გაზაფხულს ღვინის სუნი და გემო არ აუვიდა ძარღვებში – და მატყუარა ზევსივით თვალმოჭუტულმა შემხსენე – როგორ არ გქონია განზრახვაში, ჩემი სისხლის ნაადრევი დაშემოდგომება….

თუ ასეთ თრობას ერქვა თრობა დიონისოს ვაკხანალიებში, მაშინ – მოდი და ჩემი ძარღვებიდან ის ღვინო დალიე, ნებისმიერ ღვინის ბაზარზე უძვირფასესად რომ ჩაითვლებოდა, და თუ თრობას ვერ იგრძნობ, მაშინ – დიდი ხანია შენი თავი დაგირწმუნებია, რომ არც დიონისოა საშენო ღმერთი, – არც მე ვარ შენი მენადა და – არც შენ გიზიდავს მტევნისფერი ვაკხანალია.

თუ ასეთ დუმილს გულისხმობდა ლაო ძი თავის ყოვლის შემძლე დუმილში და მე კი დღემდე ვერ გავიგე მისი ფასი, მაშინ – ერთხელ მაინც ცხოვრებაში, ამეტყველდი და მითხარი – შენი დუმილიც ასე ძვირფასია, თუ მხოლოდ მოვარაყებული სიცრუის მომზირალი ვარ ამდენი წელია?

თუ ასეთ ხასიათს ერქვა დღემდე პრაგმატულობა და ამ სიტყვას ადეკვატურად ასახავს ჩემი განწყობა, მაშინ გამარტყი და გამარკვიე – სხვანაირ განწყობას თუ ჰქონია ოდესმე აზრი და რამე თუ დარჩა ქვეყნად ისეთი, მე რომ უნდა ვეძებო და ასიდან ერთში მაინც ვიპოვი სადმე?

თუ ამ ღმერთს ერქვა დღემდე ღმერთი, მაშინ ამიხსენი, რატომ არის ღმერთი უფრო ახლოს შენთან , ვიდრე ჩემთან – იმიტომ რომ, შენ ჩემზე უფრო ცოდვილი ხარ, თუ – იმიტომ რომ,  მე არ ვარ საკმარისად სუფთა?

თუ ასეთ აღქმას ერქვა დღემდე გაგება და ამ გაგების ტოლფარდია ჩემი გონება, მაშინ არ გაიკვირვო მე საიდან უნდა ვიცოდეო და უბრალოდ მიპასუხე – რატომ ვგავარ ასე ძალიან კარენინას და არა ჯეინ ეარს – რატომ მაჟრჟოლებს კუსტურიცას ფილმების ყურებისას და  ყოველი სასოწარკვეთილი პერჰანი ჩემი ორეული მგონია,  – რატომ ვსვამ საწამლავივით დოსტოევსკის, როცა მის გვერდით ბიბლია დევს და -შენთან მოსვლის ნაცვლად, რატომ ვდგავარ მუდმივად ბაქანზე და ჩემს გამსრესს მატარებელს ველოდები?

თუ ამ პასუხებს ერქვა დღემდე პასუხები და ღმერთს ჩემთვის არ მოუცია არც აღქმა, არც შეგრძნება, არც ნიჭი, არც პრაგმატულობა, არც ბედნიერება, არც თრობა, არც დუმილის უნარი და მე, მხოლოდ პატარა ტიკინა ვარ მის ხელში, – ხოლო, შენ ჩემი უსუსურობის შემყურე ვერცერთ კითხვაზე პასუხს მხოლოდ ჰუმანურობის გამო ვერ მცემ,  – მაშინ წყალობა ჰპოვე და მასწავლე, როგორ შევძლო და გადმოგილოცო – ჩემი წილი აღქმა, შეგრძნება, ნიჭი, პრაგმატულობა, ბედნიერება, თრობისა და დუმილის უნარი… ამ ყველაფრის კანონიერ მეწილედ არ ვითვლები, როცა… 

თუ ასეთ სიყვარულს დღემდეც სიყვარული ერქვა და ჩემი გრძნობა, მხოლოდ მარტოობის შიშის ყალბი ანარეკლი არაა არსებობის ტბაზე,  მაშინ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომაგენი და დამიმოწმე – ამდენი წამი რატომ ვცხოვრობდით უერთმანეთოდ,  როცა შეგვეძლო – ჩემი და შენი, შენი და ჩემი შეცდომების სიმძიმე ერთმანეთის მხრებზე გაგვენაწილებინა და – შენი და ჩემი, ჩემი და შენი სამოთხის გზები ორი ჩირაღდნით გვეძებნა – ერთის ნაცვლად ?!…

თუ ასეთ აღტაცებას დღემდე უწოდებენ აღტაცებას და ბედნიერებას ასეთი სუნი ასდის, მაშინ თვალებში ჩამხედე და მითხარი –  რატომ არ აქვს ჩემს შვილს შენი თვალები და რატომ არის მისი წრფელი კითხვები ერთადერთი რამ ქვეყნად, რასაც თვალს ვერ გაუსწორებს ჩემი გამბედაობა ვერასოდეს…. ?!

თუ მეც და შენც იმ ორი კაცის შთამომავალი ვართ, რაღაცის ცნობის თუ შეცნობის გამო ქვეყნიერი სამოთხე რომ დაკარგეს ოდესღაც, – ჩემი ცნობიერი კი ,იმ ქალის ბიწიერი გამბედაობის სუსტი ანარეკლია მხოლოდ, მაშინ იმ კაცივით ნუ დაფრთხები და სიმართლე თქვი – ვერ დამინახე და ვერ მიცანი, დამინახე და ვერ მიცანი, თუ მიცანი და ვერ დამინახე მაშინ ?!…

და მანამ, სანამ შენი შემზარავად ლამაზი თითები, ჩემი თუებისთვის განკუთვნილ პასუხებს წყლის საბეჭდ მანქანაზე აკრეფენ, ჩემი სული კი გარდაუვალის მოლოდინში გაირინდება, ერთი წამით იმ ლამაზი ისტორიის დასაწყის წაგიმღერებ, რომლის მოსმენისას ყოველთვის მეგონა – მზე ერთდროულად კიდეც ჩადის და კიდეც ამოდის-მეთქი…

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედამიწა , იყო ერთი ღმერთი და იყო ერთხელ, ერთღმერთიან დედამიწაზე, ერთი კაცი, რომელსაც მრავალ, მრავალ…  არა – ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი !…

მაშინ,  ჩვენ ყველანი ერთად – მე, შენ და ის, – ჩვენ, თქვენ და სხვები, ავდექით და მხოლოდ ამიტომ ვაცვით იგი ჯვარს და ახლა – მე, შენ და მას – ჩვენ, თქვენ და მათ, არაფერი დაგვრჩენია ქვეყნად გარდა იმისა, რომ – ჩემი, შენი და მისი – ჩვენი, თქვენი და მათი შეკითხვები ერთმანეთს , მხოლოდ იმიტომ დავუსვათ, რომ – სრული წყვდიადის მდუმარებამ, კიდევ ერთხელ გვამცნოს – როგორ ძალიან შევცოდეთ მაშინ ….

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი